
რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშებ "ვოლგას" მცველს საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაში სურს
"ლელო" წერდა, რომ რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშებ გია გრიგალავას საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაში სურს. ამის კიდევ ერთ დასტურად ის ინფორმაცია გამოდგება, რომელიც მამამისმა, ალეკო გრიგალავამ გვაცნობა. "ვოლგასთან" კონტრაქტში გიამ ასეთი პუნქტიც ჩაწერა - თუ მას საქართველოს ნაკრებში გამოიძახებენ, კლუბი აუცილებლად გაუშვებს. როსტოვის სკა-სთან მის კონტრაქტში კი ისეთი პუნქტები იყო, რომელიც საქართველოს ნაკრებში გამოსვლას უბრკოლებდა. ახლა ეს ბარიერი მოიხსნა და კვალიფიციური მოთამაშეების დეფიციტის პირობებში, იმედია, ქართულ ფეხბურთს 21 წლის ნიჭიერ მოთამაშეს დავუბრუნებთ.
გრიგალავას თანაგუნდელი ოთარ მარცვალაძე ამბობს: "გრიგალავა ძალიან კარგი ადამიანი და ფეხბურთელია - თეთრაძე მას ცენტრალურ მცველად ათამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთშია გაზრდილი, სულით და გულით ქართველია და ყველგან ამას აფიქსირებს."
გავიგეთ ისიც, რომ გრიგალავას ქართული პასპორტის დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.
თუ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრიგალავათი დაინტერესდა, აქვს კი "ვოლგას" ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში გამოსვლის უფლება? ამ კითხვით ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ ნიკოლოზ ჩხეიძეს მივმართეთ:
- გრიგალავათი ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია თუ დაინტერესდა, საქართველოს ნაკრებში მისი თამაში შესაძლებელი იქნება. მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია და არა ეროვნულში, ასეთ შემთხვევაში კი ფიფა საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლის უფლებას იძლევა.
- უპრობლემოდ და დაუყოვნებლივ?
- რა თქმა უნდა, რადგან ფიფა უფლებას გასცემს ფეხბურთელზე, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი მაინც ცხოვრობს დაინტერესებულ ქვეყანაში. მე რაც ვიცი, გიას დედაც და მამაც მუდმივად საქართველოში, მარტვილში ცხოვრობენ. ასე რომ, გრიგალავას ნაკრებში გამოძახებისთანავე ავტომატურად შეუძლია თამაში. არ აქვს მნიშვნელობა, რუსეთის რომელ ასაკობრივ ნაკრებში გამოსულა. რა თქმა უნდა, მანამდე ქართული პასპორტიც უნდა მიიღოს.
- მოქალაქეობის დაჩქარებულად მიღება შესაძლებელია?
- გარკვეული პროცედურის გავლა აუცილებელია, საბოლოოდ კი, მოქალაქეობას საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებს. სახელმწიფო მაქსიმალურად გვეხმარება. მე ვმონაწილეობდი იმ მემორანდუმის გაფორმებაში, რომელიც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმდა. მას შემდეგ მიიღო ლუკა ჰუფნაგელმა საქართველოს მოქალაქეობა. პრობლემა არც გრიგალავას შეექმნება, მთავარია, ამის სურვილი თავად აღმოაჩნდეს და ნაკრებში გამოიძახონ.
თავისთავად სასიხარულოა, უცხოეთში მცხოვრებ ქართველს საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაშის სურვილი რომ გააჩნია. ფეხბურთის ფედერაცია ამ მიმართულებით დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გარდა საქართველოს საელჩოებთან თანამშრომლობს და საკუთარ კავშირებსაც ვეყრდნობით. ჩვენ არც ერთი ქართველი დასაკარგად არ გვემეტება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.