დიდოსტატმა მაია ლომინეიშვილმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა
ანაკლიაში მოჭადრაკე ქალთა საქართველოს ჩემპიონატზე დიდოსტატმა მაია ლომინეიშვილმა თორმეტიდან 6 პარტია მოიგო, ხუთი ყაიმით დაამთავრა, მოაგროვა 8,5 ქულა და კარიერაში ჩემპიონის ტიტული მეხუთედ დაიმსახურა.

- ტურნირზე უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, ფაქტობრივად, ყველა გამოდიოდა, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა ძაგნიძის გარდა, რომლებიც ამჟამად ფიდეს ქალთა გრან-პრის ბოლო ეტაპისთვის ემზადებიან, - გვითხრა მაია ლომინეიშვილმა. - მართალია, შარშანდელის მსგავსად, საპრიზო სამეულში მოხვედრას ვვარაუდობდი, მაგრამ ოქროს მედალს თუ მოვიპოვებდი, არ მეგონა. მე ხომ ბოლო ერთი წელიწადია, ობიექტური მიზეზების გამო სერიოზულად არ მივარჯიშია - ბევრ დროს მართმევს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობა, თან შარშან აპრილში ოჯახი შევქმენი და საჭადრაკო დაფასთან უწინდებურად დიდი ხნით დასაჯდომად ვეღარ ვიცლი. ამიტომაც დავკარგე რეიტინგში 100 ქულაზე მეტი.

როგორც ვიცი, ჩემი მეტოქეები ნაყოფიერად ვარჯიშობდნენ. არც არის გასაკვირი, რადგან ჩემპიონატზე საკმაოდ მაღალი საპრიზო ფონდი იყო დაწესებული, თან ჩემპიონი ეროვნულ ნაკრებში ადგილს იბევებდა, მედალოსნებს კი ჭადრაკის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დააფინანსებს.

- როგორც ვიცი, ანაკლიაში ყველაზე გვიან ჩახვედი.

- დიახ. გოგონებთან ერთად ვერ წავედი, რადგან 9 იანვარს უნივერსიტეტში გრანდიოზული ღონისძიება გვქონდა და წინა დღეებში პარტიების ნაცვლად სტუმრებისთვის მენიუებს ვარჩევდი. თუმცა, ხუთი-ექვსი მეცადინეობის ჩატარება მაინც მოვასწარი. დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ გამიმართა ხელი.

ჩემპიონატში 13 მოჭადრაკე მონაწილეობდა. რადგანაც კენტი რიცხვი იყო, ყოველ ტურში ერთ-ერთ ჩვენგანს უნდა დაესვენა. ორგანიზატორებსა და მოასპარეზეებს ვთხოვე, პირველი ტაიმ-აუტი ჩემთვის დაეთმოთ, რომ 12-ტურიანი მარათონის წინ დასვენება მომესწრო. უარი არ უთქვამთ - ჩემს თხოვნას ანგარიში გაუწიეს, რისთვისაც ყველას მადლობელი ვარ.

- მისთვის უჩვეულო დებიუტებს თამაშობდაო, მითხრეს.

- სხვა რა გზა მქონდა. როგორც აღვნიშნე, ჩემპიონატისთვის ნორმალურად მომზადება ვერ მოვასწარი, ამიტომ იმ დებიუტების გამოყენებაზე უარი ვთქვი, რომლებსაც აქამდე ვეყრდნობოდი. ჩემთვის უჩვეულო ე4-ის თამაში დავიწყე. ყოველმხრივ ვცდილობდი, მეტოქეთა წისქვილზე წყალი არ მიმეშვა. უმთავრესად გამომივიდა კიდეც, თუმცა მე-5 ტურში შავებით მარიამ დანელიასთან პაექრობისას სიძნელეებს წავაწყდი. დებიუტის შემდეგ უსიამოვნო პოზიცია მივიღე. კრიტიკულ სიტუაციაში ჩემს ახალგაზრდა კოლეგას ერთი-ორი ზუსტი სვლა რომ ეთამაშა, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ორმხრივ ცაიტნოტში მარიამმა ეს სვლები ვერ შენიშნა, რითაც საშუალება მომცა, პარტია შემომებრუნებინა და მომეგო კიდეც.

იმ დღეს ფორტუნა ჩემს მხარეს იყო. საერთოდ, გამართლების გარეშე, კარგი მომზადებითაც ტურნირს ვერ მოიგებ. ამ ჩემპიონატზე კი "კაისა" აშკარად მწყალობდა. თუმცა, მე-7 ტურში სოფიო ნიკოლაძესთან ორთაბრძოლისას, მანაც მაქცია ზურგი და დავმარცხდი. ეს იყო ჩემი ერთადერთი წაგება ამ შეჯიბრებაზე. მერე უშუალო კონკურენტებს ვაჯობე და გავიმარჯვე კიდეც.

- ბოლო ტურში ნინო ხურციძესთან უკეთესი პოზიცია გქონდა, ყაიმს კი დასჯერდი. რატომ?

- როგორც გითხარით, ჩემპიონატში საქართველოს უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ, ამიტომ მათთან საბრძოლველად დიდი ენერგია იყო საჭირო, რადგან ყველა პარტიაში ბოლომდე ვიხარჯებოდი, დავიღალე კიდეც. მას შემდეგ, რაც ბოლოსწინა ტურში მირანდა მიქაძეს ვძლიე, ბოლო პარტიაში ჩემპიონობისთვის ყაიმიც მყოფნიდა. არ გავრისკე ხურციძესთან პაექრობისას - ყაიმზე შევუთანხმდი; შეჯიბრების დამთავრების შემდეგ მადლობა გადავუხადე მირანდას, რომელმაც ჩემს ორ კონკურენტს სძლია და მშვიდი ფინიშის საშუალება მომცა.

- ტურნირებისას თილისმად ზოგი რას იყენებს, ზოგი - რას. შენ?

- მე ასეთი რამეების არ მჯერა. ეს იყო მხოლოდ, რომ ანაკლიაში მეუღლემ წამიყვანა მანქანით. ჩემმა დედამთილმა იცის, რომ თამაშისას ტკბილეული მიყვარს, ამიტომ ანაკლიაში იმ დღეების სამყოფი თავისი ხელით გაკეთებული კომპოტები გამატანა. ძალიან გამომადგა. წყლის მაგივრადაც მას ვსვამდი. გოგონებმა იხუმრეს, დედამთილის ნახელავი დოპინგად გამოგადგაო.

- სამომავლოდ რას აპირებ?

- უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, კულტურისა და სპორტის სფეროში თსუ-ს წარმომადგენლად დავინიშნე, რაც სამუშაოს მომიმატებს, მაგრამ ვეცდები ჭადრაკისთვისაც მეტი დრო გამოვნახო. ჩემპიონობით ეროვნულ ნაკრებში ადგილი დავიბევე.

წლეულს ევროპისა და მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებში მოგვიწევს თამაში და თანაგუნდელთა დაღალატება არ ივარგებს. ვიასპარეზებ ქალთა კონტინენტის პირველობაზეც, რომელსაც, შესაძლოა, თბილისმა უმასპინძლოს. რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობაც მაქვს დაგეგმილი. ვნახოთ.

- ვაჟთა ჩემპიონატის შედეგებზე რას იტყვი?

- დავით ზარქუას ვულოცავ ჩემპიონობას. უნდა ვაღიარო, რომ ფინალურ ოთხეულში სამი ახალგაზრდა ოსტატის მოხვედრა მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. არადა, 16 საუკეთესოში ხომ ლევან ფანცულაიასთან ერთად მაღალი რეიტინგის მქონე მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, კონსტანტინე შანავა, თამაზ გელაშვილი და თორნიკე სანიკიძეც იყვნენ. ეს ჩემპიონატი კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენი დიდოსტატებისთვის. საღად უნდა შეხედონ იმ ფაქტს, რომ ახალი თაობა იზრდება, მოდის. შეუცვლელი არავინაა. ზარქუას დიდი ხანია ვიცნობ, ნიჭიერი მოჭადრაკეა. იმედია, იგი უფრო აიმაღლებს ოსტატობას და სანაკრებო მოღვაწეობასაც სასახელოდ შეძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
ვან დერ ვაარტი: რონალდო ერთადერთია, რომლის სასქესო ორგანო "რეალში" არ მინახავს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ნაკრები სოფიაში დანაკლისით ჩავიდა | 17 ნოემბრის განრიგი