იტალია ფორმატით კმაყოფილია, მეტოქეებით - არა
სერია A-ს გასულ ტურთან ერთად, იტალიურ სპორტულ პრესაში ყველაზე აქტუალური თემა პარიზში გამართული ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრაა. იტალიის ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც ბელგიასთან, შვედეთთან და ირლანდიასთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

აქვე ვთქვათ, რომ მერვედფინალური ეტაპის საგზურს პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებთან ერთად, საუკეთესო ოთხი მესამეადგილოსანიც მოიპოვებს. შეგახსენებთ, რომ ზუსტად ანალოგიური ფორმატით ჩატარდა მსოფლიოს სამი ჩემპიონატი: 1986, 1990 და 1994 წლებში. მოკლედ, გულშემატკივრებისთვის ფორმატი ნაცნობია და გაუგებარიც არაფერია.

სასურველი ფორმატი

იტალიელები ახალ ფორმატს დიდი მოწონებით შეხვდნენ, რადგან ტრადიციულად, "სკუადრა აძურა" ჯგუფურ ეტაპს მძიმედ ატარებს, პლეი ოფში კი ხშირად შეუჩერებელია.

24 გუნდიდან მერვედფინალში 16 გავა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 6 მესამეადგილოსნიდან 4 საუკეთესო გააგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის.

მაგალითად, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და სწორედ აღნიშნული ფორმატის წყალობით გააღწია მომდევნო ეტაპზე, შემდეგ კი ფინალში გავიდა და მუნდიალი მხოლოდ თერთმეტმეტრიანებში დათმო. საგულისხმოა, იტალია საუკეთესო ოთხ მესამეადგილოსანს შორის ბოლო იყო და ბეწვზე გადაურჩა ჯგუფში ჩარჩენას.

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიც შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც იტალიამ პირველი ჯგუფური ეტაპი სამი ფრით ძლივს გადალახა, თუმცა შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილა: არგენტინა, ბრაზილია, პოლონეთი, გერმანია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. მოკლედ, იტალიას ჯგუფიდან გასვლის შანსი გაეზარდა, რაც მათთვის, ტრადიციულად, ყველაზე მძიმე მისიაა და ბუნებრივია, რომ ეს აპენინებზე ძალიან ახარებთ.

უკეთესიც შეიძლებოდა და უარესიც

იტალია ერთობ დაბალანსებულ ჯგუფში მოხვდა, სადაც გამოკვეთილ აუტსაიდერს ვერ ვხედავთ. ყველაზე ნაკლებად მაინც ირლანდიელთა შანსები ფასდება, მაგრამ კელტებს, ტრადიციულად, მებრძოლი გუნდი ჰყავთ და იოლად ნამდვილად არაფერს დათმობენ.

იტალიაში თანხმდებიან, რომ უარესიც შეიძლებოდა და უკეთესი - უარესი იქნებოდა, "სკუადრა აძურა" გერმანიასთან და პოლონეთთან ერთად რომ მოხვედრილიყო, უკეთესი კი, მაგალითად, ბოლო ჯგუფში, სადაც პორტუგალიასთან, ისლანდიასთან და უნგრეთთან მოუწევდათ ურთიერთობის გარკვევა. გავეცნოთ საინტერესო კომენტარებს E ჯგუფის შესახებ...

ჩეზარე მალდინი (იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი): "რთული ჯგუფია, თუმცა უარესიც შეიძლებოდა. ყველა ტურნირის წინ ჩვენ ვსაუბრობთ იტალიის ნაკრების შანსებზე, თუმცა პროგნოზები ხშირად არ ხდება. "აძურას" იშვიათად ასახელებენ ფავორიტთა შორის, მაგრამ არაერთი დიდი გამარჯვება მოგვიპოვებია. ვფიქრობ, რომ იტალია ამ ჯგუფში საუკეთესო გუნდია და მთლიანად ჩემპიონატზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ანტონიო კონტემ დიდი სამუშაო გასწია და შედეგად, გვყავს გუნდი, რომელმაც იცის, რა უნდა აკეთოს მოედანზე. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონები გავხდებით".

კარლო ტავეკიო (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "იტალიას არავისი ეშინია და მზადაა, უმაღლესი მიზნისთვის იბრძოლოს. შესარჩევი ეტაპის წინ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ჯგუფის ფავორიტი ვარსკვლავებით გაძეძგილი ხორვატია იყო, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ "სკუადრა აძურამ" კონკურენტებს მინიმალური შანსიც არ დაუტოვა. საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ, თუმცა ყველა მეტოქეს პატივი ვცეთ. ვფიქრობ, იტალიას ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება შეუძლია".

ჩეზარე პრანდელი (იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი): "თუ იტალიის ნაკრები თავის შესაძლებლობებს წარმოაჩენს, შორს წავა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ნებისმიერი გუნდის დამარცხება გაუჭირდება. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, რისი ნათელი მაგალითიც გასული მუნდიალი და ჩვენი ჯგუფი იყო, სადაც კოსტა რიკამ მსოფლიოს სამი ჩემპიონი მოიტოვა უკან. მთავარია, კონტეს გუნდი ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეს და ყველაფერი კარგად იქნება".

ისტორია

იტალიელებმა ძველი მატჩები გაიხსენეს, სადაც "სკუადრა აძურა" ბელგიას, შვედეთს და ირლანდიას ეპაექრებოდა. საგულისხმოა, იტალია ჯგუფის და მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ბელგიას სულ ახლო წარსულში შეხვდა და ბრიუსელში გამართულ ამხანაგურ მატჩში 1:3 წააგო.

თამაში თანაბარი გამოდგა და "აძურამ" ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. შეგვიძლია 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი გავიხსენოთ, სადაც აპენინელებმა მეტოქე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხეს - 2:0. არადა, ის მატჩიც ბელგიაში შედგა და გემახსოვრებათ, რომ ზოგადად, ის ჩემპიონატი ბელგია-ჰოლანდიაში გაიმართა.

იმავე ჩემპიონატზე იტალია ჯგუფში შვედეთსაც შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა - აპენინელებმა მარტივად გადალახეს ჯგუფური ბარიერი, ბელგიელები და შვედები კი მეოთხედფინალის გარეშე დარჩნენ, რადგან მათ თურქეთმაც აჯობა.

იტალიელთათვის უსიამოვნო გასახსენებელია 2004 წლის ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჯგუფში ასევე შეხვდნენ შვედებს და იქ საბედისწერო ფრე ითამაშეს - 1:1. აპენინელებმა გახსნეს ანგარიში, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩისგან საპასუხო ბურთი მიიღეს და თანაც, სკანდინავიელთა ლიდერმა აკრობატულ ნახტომში ფენომენალური გოლი გაიტანა. შვედებმა იმ მატჩში გადამწყვეტი ქულა მოიპოვეს, შემდეგ დანიელებთან 2:2 "დასვეს" და პლეი ოფშიც გავიდნენ.

იტალია ირლანდიასაც არაერთხელ შეხვდა და თუნდაც ბოლო ევროპის ჩემპიონატი შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც "აძურამ" ჯგუფში განსაკუთრებული პრობლემების გარეშე სძლია მეტოქეს, 2:0. შედეგად, იტალიამ გააგრძელა ბრძოლა და ჩემპიონატის ფინალშიც გავიდა, ირლანდიამ კი ტურნირი უქულოდ დაასრულა.

1994 წლის მუნდიალიც შეგვიძლია გავიხსენოთ, სადაც იტალია ასევე ჯგუფში გადაეყარა ირლანდიას და იქ, მოულოდნელად, სწორედ კელტებმა გაიმარჯვეს, 1:0. იმ ჯგუფიდან იტალიაც გავიდა და ირლანდიაც, თუმცა შემდეგ გაცილებით წარმატებით "აძურამ" იასპარეზა და ფინალამდე მიაღწია.

კონტეს რჩევა ბალოტელის

ამასობაში, მარიო ბალოტელიმ შეგვახსენა თავი, საკუთარ "ტვიტერზე" ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგები გააზიარა და შემდეგი მინაწერი გააკეთა: "ერთი სული მაქვს"...

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი დიდი ხანია ვერ ხვდება იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და ჯერჯერობით, არც პერსპექტივა აქვს მაინცდამაინც ნათელი. ისიც ვთქვათ, რომ ანტონიო კონტეს ფორმაციის "აძურაში" ბალოტელის საერთოდ არ უთამაშია. ბოლოს, კონტეს საინტერესო კომენტარს გავეცნოთ:

"ბალოტელის ერთი სული აქვს, როდის დაიწყება ევროპის ჩემპიონატი? - გააჩნია, რა სურს, თამაში თუ ტელევიზორთან მოკალათება... არ დავმალავ, რომ შემადგენლობის დასახელებისას პრიორიტეტი მათ მიენიჭებათ, ვინც შესარჩევი ეტაპის მატჩებში მიიღო მონაწილეობა და ვისი წყალობითაც იტალია ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

სხვა ფეხბურთელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ შანსი, თუ კონტინენტის პირველობამდე დარჩენილ ხუთ თვეში არათუ კარგად, ბრწყინვალედ გაირჯებიან და სამწვრთნელო შტაბზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენენ. მინდა ვურჩიო ბალოტელის და სხვებსაც, რომ თუ ევროპის ჩემპიონატზე წასვლა სურთ, მუხლჩაუხრელად იშრომონ და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levan
რთულ ჯგუფში იტალია უკეთესად თამაშობს. დარწმუნებული ვარ, უნგრეთთან და ისლანდიასთან დაიტანჯებოდა, აი ბელგიას , შვედეთს და ირლანდიას შანსს არ მისცემს
"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
სპალეტის იტალიამ პარიზში საფრანგეთს მოუგო [VIDEO]
"საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა" - დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა
"მილანის" ლეგენდა ჩეზარე მალდინი გარდაიცვალა
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
იტალიის ნაკრებში მალდინების გვარი გრძელდება - "სკუადრა აძურას" ფორმით დანიელმაც ითამაშა
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
პაოლო მალდინი - მამიკოს ბიჭი 26 ტიტულით
დანიელ მალდინი იტალიის U18 ნაკრებში - ვოცნებობ, მთავარ ნაკრებში მოვხვდე, სადაც მამას და ბაბუას უთამაშიათ
"თუ სერია A-ში დავბრუნდები, იქაურობას დავანგრევ" - ბალოტელის პირობა "ჯენოას" მწვრთნელს
შვეიცარიამ იტალია დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
"იუვენტუსთან" მატჩისთვის "მილანში" პაოლო მალდინის ვაჟი კრისტიანიც ემზადება [VIDEO]
სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?
ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა