„აიაქსიდან“ 22,8 მილიონ ფუნტად ნაყიდმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა წითელი მაისურით თავის პირველსავე შეხვედრაში გოლი გაიტანა

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში „ლივერპული“ ვნებათაღელვის ცენტრში მოექცა, მაგრამ გასულ ორშაბათს ყველაფერი ჩაცხრა, ხოლო ოთხშაბათს „აიაქსიდან“ 22,8 მილიონ ფუნტად ნაყიდმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა წითელი მაისურით თავის პირველსავე შეხვედრაში გოლი გაიტანა - მერსისაიდელებმა „სტოკ სიტი“ დაამარცხეს 2:0. სუარესის გოლს სახელიც კი შეერქვა: დაივიწყეთ ფერნანდო ტორესი. ყოფილი აიაქსელი მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და თხუთმეტ წუთში „ლივერპულის“ მეორე გოლი შეაგდო.

მართალი გითხრათ, რატომ ჩაუთვალეს ეს გოლი ურუგვაელს გაუგებარია. ჩვეულებრივ, ეპიზოდებში, როდესაც ბურთს ბოლოს მეტოქის მცველი ეხება ავტოგოლს აფიქსირებენ. ამ შემთხვევაში ავტოგოლი კიდევ უფრო აშკარა იყო: სუარესმა ბურთი მოედნის ცენტრთან მიიღო და იქიდანვე დაიწყო მეკარისკენ პირისპირ სვლა (წინ მცველი აღარ ჰყავდა). საჯარიმოსთან მან „სტოკის“ მეკარე ასმირ ბეგოვიჩი მოატყუა, ოდნავ განზე გაიწია და დაუცველ კარში დაარტყა. სტუმართა მდევარი მცველი ენდრიუ უილკინსი გასრიალდა და ბურთს ფეხი ჰკრა კუთხურზე რომ გადაეგდო, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა, კარის ხაზის გასწვრივ იხტუნა და ბადეში მეორე ძელთან შევარდა.

ისე, ლუის სუარესი სულაც არ იყო პრემიერლიგაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ახალ გუნდში, პირველსავე შეხვედრაში გოლი შეაგდო. იგივე მოახერხეს რობი კინმა „ვესტ ჰემის“ მაისურით და უკვე ბოლტონელმა დენიელ სტარიჯმა. თუმცა დავუბრუნდეთ „ლივერპულს“ და მის მწვრთნელ კენი დალგლიშს, რომლისთვისაც „სტოკის“ კარში გასული გოლი სუარესის წარმატება გახლდათ და არა ენდრიუ უილკინსის მიერ საკუთარ კარში შეგდებული ბურთი. „კოპის მეფე კენიმ“ თქვა:

„ძალიან მიხარია ლუისმა გოლი რომ გაიტანა. მას ჯერ ჩვენთან ერთად ვარჯიშის შესაძლებლობაც კი არ ჰქონია. სუარესმა ბრიტანეთში მუშაობის უფლება მხოლოდ გუშინ მიიღო და პირდაპირ შემადგენლობაში ამოჰყო თავი. ვფიქრობ, როდესაც დანარჩენ ბიჭებთან ერთად ვარჯიშს შეუდგება ის კიდევ უფრო კარგად ათამაშდება. ხომ ნახეთ რა ფართე და ალალი ღიმილი გადაეფინა სახეზე. ის სწორედ ასეთი კაცია - გულწრფელი. სუარესი ძალიან კარგი ადამიანია“.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესს 8 დეკემბრის შემდეგ ფეხბურთი არ უთამაშია - „აიაქსში“ რომ თამაშობდა მეტოქეს ხელი გაარტყა და 7 თამაშით დისკვალიფიცირებული გახლდათ. დალგლიშმა დასძინა:

„ჩვენ მას არანაირი ზეწოლის ქვეშ არ მოვაქცევთ, არ დავუთქვამთ თარიღს, როდესაც საუკეთესო ფორმაში უნდა იყოს. ის ვარჯიშითა და თამაშით ბუნებრივად მიაღწევს პიკს, თუმცა არც დღეს არის ცუდ ფორმაში. მოდი ახლა „ლივერპულის“ თავდასხმას გადავხედოთ: სუარესი, ენდი ქეროლი, სტივენ ჯერარდი და რაულ მეირელეში... ვფიქრობ მოწინააღმდეგეებს „ენფილდ როუდზე“ ჩამოსვლა უკვე შეეშინდებათ.

ახლა ისევ დღევანდელზე: იყო თუ არა ეს ლუისის გოლი? განა ბურთი კარში არ შედიოდა? რასაკვირველია შედიოდა, ჰოდა თუ ასე იყო, მაშინ გოლი სუარესს უნდა ჩაეთვალოს. დიდებულია, როდესაც თავდამსხმელს, ახალ გუნდში, პირველსავე შეხვედრაში გოლი გააქვს. ვფიქრობ, ლუისს დირკ კუიტმა შესანიშნავად აუღო ალღო“.

დალგლიშმა ენდი ქეროლი ახსენა. როდესაც თამაშის წინ, მოთელვაზე, ის მოედანზე გავიდა „ენფილდ როუდმა“ ოვაცია მოუწყო.

„ენდის ფორმაში ჩადგომამდე ჯერ რამდენიმე კვირაა, მაგრამ ამაზე ნერვიულობას არ ვაპირებთ. ჩვენ ის რამდენიმე კვირით კი არ გვიყიდია, ხუთწელიწადნახევრით შევიძინეთ“ - თქვა დალგლიშმა.

„ენფილდ როუდის“ ყოფილმა ვარსკვლავმა ჯონ ოლდრიჯმა კი „ჩელსიში“ წასული ტორესის სალანძღავად მოიცალა.

„ტორესი მარტივი, მერკანტილური ადამიანია, რომელსაც დიდი ხელფასი დაანახეს და გაიქცა. არადა „ლივერპულის“ ფანები მთელი სეზონის განმავლობაში მხარში ედგნენ და მისი ცუდი თამაშის გამართლებას ცდილობდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ტორესს ძველი ტრავმები არ აძლევდა კარგად თამაშის საშუალებას. არადა, თურმე, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის გაქცევაზე ფიქრობდა.

კლუბი სწორად მოიქცა ტორესი რომ გაუშვა. როგორც კი მან ტრანსფერი ითხოვა, იმწუთას ნათელი გახდა, რომ მის დატოვებას აზრი აღარ ჰქონდა. ტორესს ძალიან ბევრჯერ ულაპარაკია, რას ნიშნავს მისთვის „ლივერპულის“ ფეხბურთელობა, ამ კლუბის ფასეულობები, მაგრამ სინამდვილეში ვერაფერს ხვდებოდა“.

მოგეხსენებათ, ბედის ირონიით ტორესის დებიუტი „ჩელსის“ შემადგენლობაში კვირას, საქართველოს დროით საღამოს 8 საათზე, მაინცდამაინც „ლივერპულის“ წინააღმდეგ გაიმართება.

"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება