საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური

გაპლეიოფებული რეგულარული

საქართველოს ჩემპიონატის ძირითადი, ანუ რეგულარული ეტაპი დასრულებულია. დალაგდნენ წყვილები, რომელთაც სხვადასხვა ამოცანა აქვთ შესასრულებელი. ბოლო ტურში ირკვეოდა იმ ერთი გუნდის ვინაობაც, ვინც "ზუგდიდთან" ერთად დაემშვიდობებოდა უმაღლეს ლიგას - ეს არის "ცხინვალი", რომელმაც უმოტივაციო, თუმც "სამართლიანი თამაშის პრინციპების" ერთგულ "ჩიხურასთან" დიდი ანგარიშით წააგო...

ბოლო ხანს "გამოსწორებულმა" ქუთაისის "ტორპედომ" და "საბურთალომ" პლეი ოფში შეაბიჯეს, რასაც ცოტა ხნის წინ ბევრი ვერც წარმოიდგენდა. სამაგიეროდ, სავალალოა ბოლო პერიოდის ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერის, "დილას" მდგომარეობა - გორელები უმაღლეს ლიგაში დასარჩენ პლეი აუტში იასპარეზებენ...

თეთრი ჯგუფი

ტორპედო-დინამო (თბ) 0:1

26.11. ქუთაისი. რამაზ შენგელია

0:1 ზარია (30)

ტორპედო: ქვილითაია, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, ბენაშვილი (70. წილოსანი), საღრიშვილი (56. ბაბუნაშვილი), ბურჯანაძე (63. კვერნაძე), ტუღუში, კაპანაძე.

სათადარიგონი: კვასხვაძე, ნერგაძე, ბრეგვაძე, ფურცხვანიძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

დინამო: ლომაია, ლოჩოშვილი, ხუბუტია, ჭელიძე, კობოური, ნინუა (61. ჩაკვეტაძე), ჭანტურიშვილი (88. კუცია), კიტეიშვილი, ჯიღაური, ზარია, მიქელთაძე (81. თევზაძე).

სათადარიგონი: რევიშვილი, კიკალიშვილი, ქავთარაძე, ბაბუნაძე

მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი

გაფრთხილება: ფალავანდიშვილი (42), ჭანტურიშვილი (58), ჩაკვეტაძე (68)

არბიტრი: ლ. სილაგავა

ლოკომოტივი-შუქურა 1:1

26.11. თბილისი. მიხეილ მესხი

0:1 შალამბერიძე (25), 1:1 არდაზაშვილი (78. კიკნაძის პასით)

ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, გეთიაშვილი, ხიდეშელი, უბილავა, კუხიანიძე, მახარაძე (46. პატარკაციშვილი), არდაზიშვილი, კიკაბიძე (46. კიკნაძე), ბუღრიძე (73. სპანდერაშვილი), დიასამიძე.

სათადარიგოები: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, ნ. ჭანტურია, ქიქავა

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

შუქურა: ჯიოევი, ჩაჩუა, ჭეჟია, ადამაძე, ჯაფარიძე (27. კომახიძე), გურული, არზიანი (72. მამულაშვილი), ჯეფინიო, კუტალია, შალამბერიძე (76. კონიეჰა), ბერიაშვილი.

სათადარიგოები: მამინაშვილი, მალანია, მირცხულავა, ჭანუყვაძე

მწვრთნელი: გია გურული

გაფრთხილებები: კუხიანიძე (64), დიასამიძე (83), მამულაშვილი (83), ადამაძე (90)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ჩიხურა-ცხინვალი 4:1

26.11. თბილისი. დინამო არენა

1:0 გაბედავა (25. სარდალიშვილის პასით), 2:0 ტატანაშვილი (62. სარდალიშვილის პასით), 3:0 ტატანაშვილი (67. სარდალიშვილის პასით), 3:1 მაქაცარია (68), 4:1 გორგიაშვილი (90. ტატანაშვილის პასით)

ჩიხურა: ჰამზიჩი, თორ. გრიგალაშვილი, კაკუბავა, განუგრავა, ჩიკვაიძე, კორიფაძე, გორგიაშვილი, ლექვთაძე (60. დეკანოიძე), სარდალიშვილი (75. ს. ლობჟანიძე), გაბედავა, მუმლაძე (59. ტატანაშვილი).

სათადარიგოები: კაშია, ნ. ქავთარაძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ცხინვალი: ნადირაძე, კახელიშვილი, თომაშვილი (70. მ. გელაშვილი), მაისაშვილი, ბაჩიაშვილი, ქარდავა, სულთანიშვილი, მახარობლიძე, გაბრიჩიძე (63. მაქაცარია), შინდაგორიძე (85. ფირცხალავა), დვალი.

სათადარიგოები: მაღრაძე, ჯამარაული, მუზაშვილი, სომხიშვილი

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

არბიტრი: ჯ. ხორავა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩიხურა 12 9 2 1 27-11 29

2. დინამო (თბ) 12 6 5 1 17-5 23

3. ტორპედო 12 4 3 5 16-12 15

4. ლოკომოტივი 12 4 3 5 11-18 15

5. შუქურა 12 2 6 4 10-13 12

6. გურია 12 3 2 7 8-21 11

7. ცხინვალი 12 2 3 7 12-21 9

წითელი ჯგუფი

დინამო (ბთ)-საბურთალო 0:1

26.11. ქობულეთი. ჩელე არენა

0:1 ხარა (77)

დინამო: ტიმოფეევი, სუხიაშვილი, გოგიტიძე, ტვილდიანი, თარხნიშვილი, ვარშანიძე, შონია, ქავთარაძე (72. გორელიშვილი), ლობჯანიძე, გეგეჭკორი (90. ჭკუასელი), ფონიავა (83. თევდორაძე).

სათადარიგოები: შოვნაძე, მარიანოვიჩი, გაბდოლინი, ქორიძე

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, კარასკო, თედ. გრიგალაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, ელვინ ტერა, ხარაიშვილი, ვაგნერი (80. კოხრეიძე), ფანცულაია (83. სოფრომაძე), ხარა (88. ბუხაიძე).

სათადარიგოები: ქურდაძე, რუხაძე, პენა, გვარაძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გაფრთხილება: ხარაიშვილი (53), ჩაბრაძე (56)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ზუგდიდი-სამტრედია 0:5

26.11. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა

0:1 ზივზივაძე (3), 0:2 არაბული (24), 0:3 გოგიაშვილი (48), 0:4 არაბული (54), 0:5 ზივზივაძე (63)

ზუგდიდი: ზარქუა, სუხომლინოვი, ნარმანია, ჩუკვურა, ბეჭვაია, ზოზულია (46. გ. ქანთარია), ტყემალაძე (68. ბუკია), სიხარულია, გ. სამუშია (81. შეველი), იოსელიანი, კოხია.

სათადარიგოები: საბეკია, მაჩაიძე

მწვრთნელი: ლევან მიქაძე

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი (59. ნინუა), მთივლიშვილი, ახალაძე, იმედაშვილი, ცნობილაძე, რაჟამაშვილი (68. გამყრელიძე), მანჯგალაძე, არაბული, ზივზივაძე, დ. ჯიქია (69. მარკოზაშვილი).

სათადარიგოები: მეშველიანი, შერგელაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

არბიტრი: გ. ყრუაშვილი

დილა-კოლხეთი 1:0

26.11. გორი. თენგიზ ბურჯანაძე

1:0 კაპანაძე (18. ერისთავის პასით)

დილა: მუჯრიშვილი, სამხარაძე, კვახაძე, კოფი, რომარიკი, რაზმაძე, ერისთავი (59. ქარქუზაშვილი), ელიაური, წიქარიძე (68. გელაშვილი), ნონიკაშვილი, კაპანაძე (78. კალანდარიშვილი).

სათადარიგოები: ბეგაშვილი, ლომიძე, ჩახვაშვილი, ცაცკრიალაშვილი

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

კოლხეთი: ძაგანია, კილასონია, რამალდანოვი, ჩაკვეტაძე, კოკაია (46. ქებურია), კერძევაძე, ოზარკივი, ჯიშკარიანი, ლუკავა, ჯღამაია (45. შალიკაშვილი), ნიქაბაძე.

სათადარიგოები: თებიძე, კაკულია, გედენიძე, კვარაცხელია, ტუღუში

მწვრთნელი: გელა სანაია

გაფრთხილება: ნონიკაშვილი (58), კერძევაძე (45), კალანდარიშვილი (90+2)

გაძევება: კვახაძე (49), რამალდანოვი (49)

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. სამტრედია 12 8 3 1 27-9 27

2. დინამო (ბთ) 12 5 5 2 20-5 20

3. საბურთალო 12 5 4 3 17-12 19

4. კოლხეთი 12 6 0 6 10-18 18

5. დილა 12 5 2 5 13-12 17

6. სიონი 12 3 2 7 13-19 11

7. ზუგდიდი 12 2 0 10 5-30 6

ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია) 11

საბა ლობჟანიძე (ჩიხურა) 8

ჯაბა დვალი (ცხინვალი) 7

ბაჩანა არაბული (სამტრედია) 6

დავით ვოლკოვი (სიონი) 6

პლეი აუტი

1 დეკემბერი

სიონი-შუქურა

გურია-დილა

6 დეკემბერი

შუქურა-სიონი

დილა-გურია

ამ წყვილებში გამარჯვებულები რჩებიან უმაღლეს ლიგაში, დამარცხებულები ვარდებიან

საჩემპიონო პლეი ოფი

3, 11 დეკემბერი

სამტრედია-ჩიხურა*

* შენიშვნა: დღეს გაიმართება წილისყრა, რომელიც პირველი მატჩის მასპინძელს გამოავლენს

ევროპალიგის პლეი ოფი

30 ნოემბერი

საბურთალო-დინამო (თბ)

ტორპედო-დინამო (ბთ)

4 დეკემბერი

დინამო (თბ)-საბურთალო

დინამო (ბთ)-ტორპედო

ფინალი

10 დეკემბერი

ნეიტრალურ მოედანზე. 1 მატჩი

999999999999999999

ტორპედო-დინამო (თბ) 0:1

დინამოს რევანში და შუქურას

საჩუქარი

სატურნირო თვალსაზრისით, "ქართული კლასიკო" მხოლოდ ქუთაისის "ტორპედოსთვის" იყო მნიშვნელოვანი. კახა ჩხეტიანის გუნდს, რომელიც 22 ნოემბერს საქართველოს თასის მფლობელი გახდა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა, ჩემპიონატშიც გაუჩნდა საპრიზო ადგილზე გასვლის შანსი. "დინამოსთან" გამარჯვების შემთხვევაში, "ტორპედოს" ბრინჯაოს პლეი ოფის საგზურს ვეღარავინ შეეცილებოდა.

თავიდანვე ვთქვათ - მართალია, "ტორპედო" ამ პრინციპულ დაპირისპირებაში უქულოდ დარჩა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მაინც გააგრძელებს. ქუთაისელებს საჩუქარი ქობულეთის "შუქურამ" გაუკეთა, რომელმაც "ტორპედოს" მადევარ "ლოკომოტივთან" სტუმრად 1:1 ითამაშა და რიონისპირელებს პლეი ოფისკენ გაუხსნა გზა.

"ტორპედო" და "დინამო" წლეულს მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს. თბილისში გამართული ჩემპიონატის მატჩი 0:0 დასრულდა, თასის ნახევარფინალში კი "ტორპედომ" დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი და ვიაჩესლავ გროზნის დებიუტი ჩაუმწარა.

მართალია, თბილისელებისთვის ბოლო ტურის მატჩს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა (ჯგუფში მეორე ადგილი განაღდებული ჰქონდათ), მაგრამ გროზნის შეგირდებს "ტორპედოსთან" რევანში სწყუროდათ. თბილისელებს ქუთაისში ფანკლუბის წევრები ჩამოჰყვნენ. მათსა და "ტორპედოს" გულშემატკივრებს შორის მატჩის წინ დაპირისპირება მოხდა, რაც, სამწუხაროდ, უკვე ჩვეულებად იქცა...

"ქართულ კლასიკოში" დინამოელებმა საკმაოდ გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ითამაშეს. მთლად ოპტიმალური ტორპედოელთა სასტარტო თერთმეტეულსაც არ ეთქმოდა. შეხვედრა უფრო აქტიურად დაიწყეს მასპინძლებმა და გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ - თორნიკე კაპანაძე მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებულ გადაცემას თავურით აგვირგვინებდა, მაგრამ მიზანს მცირედით ააცილა.

დინამოელებმა თანდათან დაალაგეს თამაში და "ტორპედოს" კართან ძალზე სახიფათო შეტევა განახორციელეს - გიორგი ზარიასა და ბექა მიქელთაძის სწრაფ და ლამაზ კომბინაციას ეს უკანასკნელი ახლო მანძილიდან აგვირგვინებდა, მაგრამ რიონისპირელები ხარიხამ იხსნა.

თბილისელები დროის ამ მონაკვეთში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ჯაბა ჯიღაური ზედიზედ ორჯერ დაემუქრა ქუთაისელთა კარს - პირველად მისი დარტყმა მაქსიმე ქვილითაიამ მოიგერია, მეორე ეპიზოდში კი ბურთი კარს ასცდა.

მალე დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა გოლში ასახეს. მათი მორიგი შეტევისას მასპინძლებმა ბურთი ზარიას მისამართით მოიგერიეს და ამანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა - ბურთი კარგად დაამუშავა და საჯარიმოს შიგნიდან ტექნიკური დარტყმით სტუმრები წინ გაიყვანა.

"ტორპედო" ბოლო 9 დღეში მესამე შეხვედრას ატარებდა და ეს გუნდს დაეტყო კიდეც. ჩხეტიანის შეგირდები ისეთი აღმაფრენით ვეღარ თამაშობდნენ, როგორც წინა მატჩებში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ანგარიშის გათანაბრების შანსი არაერთხელ მიეცათ. პირველი ტაიმის მიწურულს კაპანაძეს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ გაბრიელ საღრიშვილის გამჭოლი გადაცემის დაგვირგვინება ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში ტორპედოელები გააქტიურდნენ და სახიფათოდ შეუტიეს. ჩვეულ სტილში ათამაშდა გიორგი ქიმაძე, რომლის სწრაფი დრიბლინგები დინამოელებისთვის პრობლემად იქცა. ერთ ეპიზოდში მან კარშიც სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბურთი გიორგი ლომაიამ მოიგერია.

ქუთაისელთა მორიგი სახიფათო იერიშიც ქიმაძის აქტიურობას მოჰყვა - მის ფლანგურ გადაცემას კაპანაძე თავური დარტყმით აგვირგვინებდა, მაგრამ კარს მცირედით ააცილა. იქამდე, დინამოელებსაც ჰქონდათ ერთი კარგი მომენტი, როცა გიორგი ჩაკვეტაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ ჯაბა ჯიღაურმა მცველები დაჩაგრა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ქვილითაიას ვეღარ აჯობა.

ტორპედოელები მარცხს არ ეგუებოდნენ და სახიფათოდ უტევდნენ. გოლის გატანა შეეძლოთ კაპანაძეს, გიორგი გურულსა და შეცვლაზე შესულ ოთარ კვერნაძეს, მაგრამ ამ მომენტების რეალიზება ვერ მოხერხდა. მატჩის მიწურულს ქუთაისელებმა კიდევ ერთხელ მოიკრიბეს ძალები და ანგარიშის გათანაბრება სცადეს, მსაჯის მიერ დამატებულ დროში მიზანთან ახლოსაც იყო კაპანაძე, თუმცა ისევ არ გაუმართლა - ამჯერადაც ააცილა კარს.

თამაშის დასრულების შემდეგ ტორპედოელები დავით ყიფიანის სახელობის თასით ხელში გულშემატკივრებს მიესალმნენ და ამ ფორმით გამოხატეს ფანების მიმართ მადლიერება.

ახლა კი ჩხეტიანის გუნდი პლეი ოფში ბათუმის "დინამოს" შეხვდება, თბილისის "დინამო" კი "საბურთალოს" დაუპირისპირდება. შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ "ტორპედო" და "დინამო" მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დავით კოხრეიძე

ქუთაისიდან

ლოკომოტივი-შუქურა 1:1

ლოკომოტივმა

შუქურა

სიონთან გაუშვა

ამ შეხვედრას დიდი ინტრიგა ახლდა - მოგებული სამშვიდობოს გადიოდა, ოღონდ, გარკვეული ვითარებისა და ანგარიშის შემთხვევაში, "ლოკომოტივს" მშვიდი ცხოვრებისთვის ფრეც ხელს აძლევდა, ქობულეთის "შუქურას" კი 2:0 სჭირდებოდა.

ცხადია, ამან მატჩის ხასიათზე გავლენა მოახდინა. ან იმანაც, რომ მასპინძლები მატჩს მეტად მძიმე მდგომარეობით შეხვდნენ - გარდა იმისა, რომ ჯერ სასურველ ფორმაში არ არიან მამია გავაშელიშვილი, დათა დარციმელია, ალეკო მზევაშვილი და ნიკა ჭანტურია, დისკვალიფიკაცირებული იყო ლუკა ზარანდია, ტრავმების გამო ვერ თამაშობდნენ მათე ვაწაძე, გიორგი ფოფხაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, გიორგი დუმბაძე, დათო სამურკასოვი და დათო ჩაგელიშვილი. ამის გამო, თბილისელთა დამრიგებელ გიორგი დევდარიანს ძირითად შემადგენლობაში გამოუცდელი ირაკლი ბუღრიძის დაყენება მოუხდა, რომელმაც, სხვათა შორის, თავისიანების ფონზე, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

გია გურულის გაწვრთნილებმა პირველივე წუთებიდან მასპინძლებს ისე ენერგიულად, აგრესიულად და აზრიანად შეუტიეს, შეიძლება ითქვას, იმ მომენტში "ლოკომოტივი" მოედანზე არც ჩანდა. ცენტრში ძალიან კარგად გამოიყურებოდა საყრდენი ნახევარმცველი ზურაბ არზიანი, რომელიც ქობულეთელთა შეტევებს სწრაფად და დროულად იწყებდა, თამაშს კარგად უძღვებოდა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ორთაბრძოლების 99 პროცენტი მოიგო.

მას ჯეფინიომ, ლევან კუტალიამ და სანდრო გურულმაც აუბეს მხარი, გიორგი ბერიაშვილი და კობა შალამბერიძე შეტევებს ამწვავებდნენ, ხოლო მარცხენა და მარჯვენა ფლანგებიდან რომან ჩაჩუა და ირაკლი კომახიძე (რომელიც თამაშში ტრავმირებული ლაშა ჯაფარიძის ნაცვლად ჩაერთო) შემტევებს კარგად ამარაგებდნენ. მოედნის ცენტრში კარგი პრესინგის შედეგად, თბილისელებს არათუ იერიშების წამოწყება, არამედ, მეტოქის ნახევარზე გადასვლაც უჭირდათ, "შუქურა" კი უპირატესობას დაეუფლა.

ლოგიკური იყო გოლი, რომელიც ქობულეთელებმა გაიტანეს: კუთხურის გათამაშების შემდეგ კარში ჯეფინიომ დაარტყა, შალამბერიძემ კი მიმართულება შეუცვალა და ანგარიში გახსნა - 0:1.

მალე "შუქურას" სხვაობის გაზრდის შანსიც მიეცა. ისევ შალამბერიძემ შეუტია, რამდენიმე წუთში კი იერიშში ცენტრალური მცველი გურამ ადამაძეც ჩაერთო, მაგრამ ამჯერად მიზანს ვერ მიაღწიეს.

ქობულეთელებს მწვავე კონტრშეტევა მხოლოდ ერთხელ გამოეპარათ, როცა ბუღრიძემ ძალიან კარგად შეუტია - მარჯვენა ფლანგზე მეტოქეს კარგად დაუსხლტა და კარის წინ მცველებისგან გათავისუფლებული გეგი დიასამიძე მოძებნა, მაგრამ 6-7 მეტრიდან დარტყმულ ბურთზე მეკარე აზამატ ჯიოევმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმიც ასეთივე სცენარით გაგრძელდა. მაგრამ სანდრო გურულისა და გიორგი ბერიაშვილის მცდელობებიც უშედეგოდ დასრულდა, არზიანის დარტყმას მეკარე რევაზ თევდორაძე გადაეღობა. ისეთი შეგრძნება იყო, რომ "შუქურას" გატანა კიდევ შეეძლო. მაგრამ დრო გადიოდა და ქობულეთელებმა ტემპს ნელ-ნელა უკლეს, დაღლაც დაეტყოთ, რადგან მაღალი პრესინგი მათგან დიდ ენერგიას ითხოვდა...

ამასობაში, "ლოკომოტივი" გააქტიურდა. თავიდან ეს სუსტი მცდელობები იყო და რატი არდაზიშვილისა და დიასამიძის დარტყმებმა შედეგს ვერ მიაღწია. ყველაზე რეალური საგოლე მომენტის შექმნა 71-ე წუთზე ბუღრიძეს შეეძლო, როცა 3 ლოკომოტიველი 2 სტუმრის პირისპირ დარჩა, მაგრამ გამოუცდელმა თავდამსხმელმა გადაცემა დაახანა და ვითარება განიმუხტა.

მაგრამ თბილისელები გადაღლილ სტუმრებს სულ უფრო და უფრო ავიწროებდნენ და 78-ე წუთზე გიორგი დევდარიანის გუნდმა წონასწორობის აღდგენა მაინც მოახერხა: ფლანგიდან გიორგი კიკნაძის გადაცემას საჯარიმოში კარგ პოზიციაში დაუხვდა არდაზიშვილი და ქობულეთელთა კარის ბადეც შეირხა - 1:1.

ასეთი შედეგი სტუმრებისთვის კატასტროფის ტოლფასი იყო. ისინი გოლმა დააბნია და მალევე კიდევ ერთი კონტრშეტევა გამოეპარათ, ისევ არდაზიშვილი უტევდა, მაგრამ ამჯერად მეკარეს ვერ აჯობა. ქობულეთელებმა კი ბოლო ძალებით შეუტიეს. სახიფათო იყო შალამბერიძის იერიში, რომელიც ორ მცველს გასცდა, მაგრამ კარის ასაღებად სიზუსტე დააკლდა.

ზედიზედ ორჯერ ძალიან სახიფათოდ დაარტყა ონიეკა კონიეჰამ, თუმცა თბილისელებს ვეღარაფერს უხერხებდნენ. თამაში კი მთავრდებოდა და ვნებებმაც იძალა, ორჯერ მეტოქეები წაკინკლავდნენ კიდეც. მაგრამ ინციდენტი მალე და უპრობლემოდ დასრულდა.

დამატებული დრო მიდიოდა, როცა ლოკომოტიველებს გული გადაუქანდათ - ფლანგიდან საჯარიმოს ხაზთან ჩაწოდებულ ბურთს ირაკლი კომახიძემ ფეხი დაუხანებლად და ძლიერად დასცხო, მაგრამ ბურთი გარიდან მოხვდა ბადეს.

არბიტრის საფინალო სასტვენმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინა - "ლოკომოტივმა" "ტორპედოს" მარცხით ვერ ისარგებლა და ევროზონაში მოხვედრა ვერ შეძლო. მაგრამ სეზონი მე-4 პოზიციაზე დაასრულა და სანერვიულოც არაფერი დარჩა.

"შუქურამ" კი 12 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილზე გავიდა და პლეი აუტში "სიონს" დაუპირისპირდება: ქობულეთელები პირველ შეხვედრას ბოლნისის "თამაზ სტეფანიაზე" 1-ელ დეკემბერს გამართავენ, ხოლო "ჩელე არენაზე" საპასუხო შეხვედრას 6 დეკემბერს უმასპინძლებენ.

მერაბ მამულაშვილი

ჩიხურა-ცხინვალი 4:1

ღირსება

ბოლომდე

დაიცვეს...

გარდამავალი ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "ჩიხურამ" ბოლომდე დაიცვა "სამართლიანი თამაშის" პრინციპები და სტუმრად "გურიას" მოუგო. ამ წაგებით ლანჩხუთელთა გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა: საკმარისი იყო ბოლო ტურში "ცხინვალს" გაემარჯვა და ამ შემთხვევაში "გურია" ავტომატურად ვარდებოდა პირველ ლიგაში.

თუმცა, გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის, დამოძღვრილმა "ჩიხურამ" ბოლო ტურშიც არ უღალატა "სამართლიანი თამაშის" პრინციპებს" და თავისთვის ყოვლად იუმოტივაციო, ხოლო მეტოქისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაპირისპირებაში დიდი ანგარიშით გაიმარჯვა!

რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ქებას იმსახურებენ "ჩიხურას" ხელმძღვანელები თუ მწვრთნელ-ფეხბურთელები, ასეთი პატიოსანი თამაშისათვის და საერთოდაც, გამორჩეული სეზონისათვის! "ჩიხურამ" ყველაზე მეტი მატჩი მოიგო, ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, ყველაზე მეტი გოლიც გაიტანა ("სამტრედიასთან" ერთად) და აბსოლუტურად კანონზომიერი საჩემპიონო პლეი ოფის მოლოდინიც უნდა ჰქონდეს ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს!..

"ცხინვალი" კი მომდევნო სეზონს ქვედა ლიგაში გაატარებს და, სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ფაქტი ბევრისთვის არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი; შორს წაგვიყვანს ამ გუნდის ქრონიკულ პრობლემებზე საუბარი, თუმცა, ის კი სათქმელია, რომ თავისთვის გადამწყვეტი მატჩის წინ, "ცხინვალი" გავარდნას შეგუებულიც გვეჩვენა. ამ გუნდს გრძელი სათადარიგოთა სკამი ამ ბოლო პერიოდში არასდროს ჰქონია, ამიტომაც მტკივნეულად უნდა ასახულიყო ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელის (გიორგი ცერცვაძე, ლაშა ქოჩლაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი) არყოფნა.

თუმცა, "ჩიხურაც" ხომ, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული შემადგენლობით იყო მოედანზე გამოსული: სხვადასხვა მიზეზის გამო ბოლო ტურში არ უთამაშიათ შოთა კაშიას, გიორგი რეხვიაშვილს, დენის დობროვოლსკის, გიორგი ივანიშვილს საბა ლობჟანიძე და დიმიტრი ტატანაშვილი კი შეცვლაზე შევიდნენ. ასეთი დანაკლისის მიზეზიც იყო, ალბათ, ის ფაქტიც, რომ საჩხერელთა გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს სხვა ამპლუის შესრულებამ მოუწია, თუმცა, ამას მატჩის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

პირველი ტაიმი შედარებით მოსაწყენი გამოდგა: ერთი-ორჯერ გიორგი გაბედავამ და ლაშა შინდაგორიძემ "გაისროლეს" შორიდან. თუმცა, შინდაგორიძისაგან განსხვავებით, გიორგი გაბედავამ მაინც შეძლო გოლის გატანა: მიხეილ სარდალიშვილი კარგად გაიჭრა მარჯვენა ფლანგზე, მისი გამჭოლი გადაცემა ოსტატურად გაატარა თორნიკე გორგიაშვილმა და გაბედავამაც, საჯარიმოს მისადგომებიდან, ძლიერი და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.

შესვენებამდე "ცხინვალმა" ერთი სახიფათო მომენტის შექმნა მაინც მოასწრო: მარცხენა ფლანგზე ჯაბა დვალისა და ვაკო ბაჩიაშვილის აქტიურობას ის მოჰყვა, რომ დინო ჰამზიჩმა წამით დაასწრო ლაშა შინდაგორიძეს. "ჩიხურას" ბოსნიელმა მეკარემ მეორე ტაიმშიც დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი, როცა დვალის საშუალო მანძილიდან სახიფათოდ დარტყმული ბურთი ხელებში "გააქვავა".

ერთ ეპიზოდში კი "ჩიხურა" აშკარად გადარჩა: ისევ ჯაბა დვალმა იაქტიურა და მისი ზუსტი პასის მერე ლაშა შინდაგორიძე ახლო მანძილიდან (ოღონდ, მახვილი კუთხიდან) ურტყამდა: ბურთი საჩხერელთა გუნდის კარის ბადეს გარედან მოხვდა.

მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, "ცხინვალის" ეს მომენტები, თითქოსდა, კონტექსტიდან ამოვარდნილივით იყო: "ჩიხურა" მთლიანად აკონტროლებდა თამაშს და ერთმანეთზე უმწვავეს კონტრშეტევებსაც ახორციელებდა. სწორედ ასეთი კონტრშეტევების შედეგად გაიტანეს კიდეც საჩხერლებმა დანარჩენი გოლები.

თუმცა, ვიდრე სარდალიშვილის ორ შედეგიან ფლანგურ გარღვევას ვნახავდით, მანამდე ბესიკ დეკანოიძემ ძელს გაარტყა ბურთი. აი, სარდალიშვილმა კი შაბათს ბენეფისი მოიწყო: 24 წლის გარემარბი ამ მატჩში ცენტრში, გამოკვეთილი თავდამსხმელის უკან თამაშობდა და 3 საგოლე გადაცემაც მიითვალა. სამჯერვე, მარჯვენა ფლანგზე გაილაღა სარდალიშვილმა და მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულ დიმიტრი ტატანაშვილს საგოლე ალღო რომ არ ღალატობს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით: 33 წლის ცენტრფორვარდმა დუბლი ხომ შეასრულა, ჰეთ-თრიკზეც შეეძლო წასვლა, მაგრამ თავადაც უაღრესად ხელსაყრელ სიტუაციაში მყოფმა, კარის წინ მარტოდ მყოფ გორგიაშვილს მიაწოდა საგოლე პასი. ისე, გორგიაშვილიც იმსახურებდა ამ მატჩში გატანას: მესამე გოლის დროს, სწორედ მან წამოიწყო ის საგოლე კომბინაცია და, საერთოდაც, ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ მოედანზე.

აი, კიდევ ერთ ფეხბურთელს კი ნამდვილად არ უმართლებდა, არადა, შეცვლაზე შემოსულ საბა ლობჟანიძეს აშკარად სურდა, რომ ბომბარდირთა დავაში არ ჩამორჩენოდა ამ გარდამავალი ჩემპიონატის კიდევ ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს ბუდუ ზივზივაძეს, მაგრამ ლობჟანიძის ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

სამაგიეროდ, სწორედ ლობჟანიძის ოსტატური პასის მერე იყო, ტატანაშვილი და გორგიაშვილი მეკარე გიორგი ნადირაძესთან სიმარტოვეში რომ დარჩნენ და ამ უხვგოლიან მატჩსაც "წერტილი" იქ დაესვა...

გია ტუხაშვილი

დინამო (ბთ)-საბურთალო 0:1

ხარას გოლით

ევროპისკენ

ამას ძნელად თუ წარმოვიდგენდით - "საბურთალო", რომელსაც ცოტა ხნის წინ ბევრი უმაღლესი ლიგიდან გავარდნასაც უწინასწარმეტყველებდა, ევროპალიგის საგზურისთვის აგრძელებს ბრძოლას. მას შემდეგ, რაც გუნდში გია ჭიაბრიშვილი დაბრუნდა, თბილისელთა თამაშში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა.

უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში გვაქვს სათამაშო სტილი. გუნდი კომბინაციურად ათამაშდა და თითქმის სრულად იყენებს იმ სათამაშო პოტენციალს, რომელიც აქვს. ფეხბურთელები თითქოს უფრო თავდაჯერებულები გახდნენ, ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობების...

ევროპალიგის საგზურისათვის ბრძოლას აგრძელებს ბათუმის "დინამოც". წარმატებულად უნდა შეფასდეს ამ გუნდის ასპარეზობაც გარდამავალი ჩემპიონატის რეგულარულ სეზონში. ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას - აჭარულ გუნდს ყველა პირობა რომ ჰქონოდა (ვგულისხმობთ საკუთარ სტადიონს და ბაზას), ისინი მხოლოდ ევროსაგზურისთვის ბრძოლით არ დაკმაყოფილდებოდნენ და საფუძვლიანი პრეტენზია ექნებოდათ უფრო მეტზეც...

შაბათს ქობულეთში გამართული მატჩი "საბურთალოსთვის", რომ იტყვიან, სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მიიღებდა გუნდი სანუკვარი ევროსაგზურისთვის ბრძოლის შანსს. საბოლოოდ, ჭიაბრიშვილის შეგირდებმა 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში, თუმცა საამისოდ გვარიანი ბრძოლა დასჭირდათ და ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

მწირმომენტიან, "ჩაკეტილ" თამაშში ერთადერთი აღმოჩნდა თბილისური კლუბის ესპანელი ლეგიონერის, სანტიაგო ხარას მიერ თამაშის დასრულებამდე 13 წუთით ადრე გატანილი გოლი, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოვანესია კლუბის ხანმოკლე ისტორიაში.

"საბურთალო" ასე დაწინაურდა - საგოლე შეტევა გიორგი ხარაიშვილმა დაიწყო. ელვინ ტერამ, ვინც ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია, ფლანგზე წაიღო ბურთი, რომელიც შემდეგ ხარას მიუვიდა, ამან გიორგი ფანცულაია მონახა, რომლის დარტყმული რიკოშეტით კვლავ ხარასთან აღმოჩნდა და საბოლოო "გასროლა" მიზანში მოხვდა.

...თამაში შედარებით აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს. მთელი შეხვედრის განმავლობაში აშკარა საგოლე მომენტებამდე საქმე ძალიან იშვიათად მიდიოდა. პირველად, ბათუმელი ქომაგები შეტევაში ჩართულმა ვაგნერ გონსალესმა აანერვიულა. "საბურთალოს" ლეგიონერი შეტევაში ჩაერთო და თავურიც დაარტყა, მაგრამ - არაზუსტად.

ტაიმის ბოლომდე "დინამოს" გათანაბრების მშვენიერი შანსი მიეცა. მაღალ ბურთზე გაუმართლებლად გამოვიდა სტუმართა მეკარე ოთარ გოშაძე, ელგუჯა ლობჯანიძემ დასწრებაზე ითამაშა და დაარტყა კიდეც... აშკარა საგოლე მომენტი იყო.

მეორე ტაიმში უფრო მწვავედ "საბურთალო" თამაშობდა. უნდა გამოვარჩიოთ გიორგი ხარაიშვილის რეიდი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რამდენიმე მოწინააღმდეგე ჩამოიშორა გზიდან, საჯარიმოში შევიდა და მეტოქის მცველთან ორთაბრძოლაში დაეცა, თუმცა დარტყმა მაინც მოახერხა. იმ ეპიზოდში ხარაიშვილი 11-მეტრიანს ითხოვდა, თუმცა გიორგი ვადაჭკორიამ თამაშის გაგრძელება ბრძანა.

თამაშის ბოლომდე "საბურთალოს" კართან სიტუაცია ერთადერთხელ დაიძაბა. თავური დარტყმით სტუმართა კარის აღებას ლობჯანიძე ცდილობდა, თუმცა მის დარტყმულს გოშაძე ადგილზე დახვდა. მალევე გაისმა მსაჯის სასტვენი, რომელმაც ორივე გუნდს ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლის შანსი მოუტანა.

"საბურთალო" ახლა ორრაუნდიან ბრძოლაში თბილისის "დინამოს" შეხვდება, ბათუმელები კი ურთიერთობას საქართველოს თასის მფლობელ ქუთაისის "ტორპედოსთან" გაარკვევენ. ერთი ეგ არის, თბილისურ გრანდთან პირველ შეხვედრაში "საბურთალოს" ხარაიშვილი დააკლდება. ყველამ კარგად იცის, რამხელა ძალას წარმოადგენს ის თავისი გუნდისთვის. ვნახოთ, როგორ მოახერხებს ჭიაბრიშვილი დისკვალიფიცირებული ლიდერის შეცვლას.

ალეკო კაკაურიძე

დილა-კოლხეთი 1:0

შეწყვეტილი

სიმღერა

"დილას" საკუთარ მოედანზე, არც მეტი, არც ნაკლები, 70 დღე გოლი არ ჰქონდა გატანილი, შინაურ კედლებში მოგება კი ბოლოს 3 თვის წინათ იზეიმა. გოლის დროს, "თენგიზ ბურჯანაძეზე", ტრადიციულად, სტადიონის დიქტორი სულიკო წერეთელი საზეიმო მუსიკალურ კომპოზიციას რთავს ხოლმე. ცხადია, მან ახლაც იგივე გააკეთა და თან სიხარულით იმხელაზე შეჰყვირა - ძლივს არ მომიწია ამ სიმღერის ისევ ჩართვამო, რომ მისი დაძახილი გვერდით ოთახში მყოფმა ჟურნალისტებმაც გავიგონეთ...

როგორც იქნა, შეწყვეტილი სიმღერა გორში ისევ ამღერდა და "დილას" გულშემატკივრებმა კვლავ გაიხარეს. მაგრამ ეს გამარჯვება ამ გუნდისთვის ჩვენი ქვეყნის ელიტურ ლიგაში ადგილის დასამკვიდრებლად საკმარისი არ არის - საამისოდ, გორელებმა პლეი აუტში ლანჩხუთის "გურიას" ბარიერი უნდა დაძლიონ.

"კოლხეთმა" კი, მიუხედავად იმისა, რომ გორელებთან ამ სეზონის პირველი პაექრობაც ზუსტად ასეთივე ანგარიშით დათმო, სატურნირო ცხრილში მაინც გადაუსწრო "დილას" და მშვიდად დაიბევა ადგილი ახალი ფორმატით გასამართავ 10-გუნდიან უმაღლეს ლიგაში, რომელიც გაზაფხულიდან აიღებს სტარტს.

ფოთელებს, მეტადრე პირველ ტაიმში, უმოტივაციობა ეტყობოდათ, მასპინძლები კი, ბურთს რომ აგორებდნენ, ფიქრით უთუოდ ქობულეთში იყვნენ, რადგან სწორედ "ჩელე არენაზე", ბათუმის "დინამოსა" და "საბურთალოს" მატჩში წყდებოდა უმაღლეს ლიგაში "დილას" პლეი აუტის გარეშე მოხვედრის ბედი. უჩა სოსიაშვილის შეგირდებს "საბურთალოს" დამარცხება აძლევდათ ხელს...

ტერიტორიული უპირატესობა მასპინძლებმა დებიუტშივე მოიპოვეს. ისინი დომინირებდნენ მოედნის ცენტრშიც, საიდანაც თენგიზ წიქარიძე შეტევაში ჩართულ თანაგუნდელებს უნაწილებდა პასებს. ფლანგებზე აქტიურად მოქმედებდნენ გიორგი ერისთავი და ლევან ნონიკაშვილი. მე-14 წუთზე წიქარიძის მიერ კარგად შესრულებული "სტანდარტული" ნონიკაშვილმა თავით გაგზავნა კარისკენ, მაგრამ კოლხები ლაშა ძაგანიას რეაქციამ გადაარჩინა.

უკვე ხუთ წუთში სტუმრები ვეღარ გადარჩნენ - ერისთავმა ფლანგიდან წამოწყებული საოცარი სოლორეიდი პირითი ხაზის გასწვრივ გააგრძელა, გზად 3 მეურვე ჩამოიცილა, მერე მათ მეკარეც მიაყოლა და იქვე დავით კაპანაძეს დაუტოვა დასარტყმელად, ამ უკანასკნელს კი, ფაქტობრივად, ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია.

კაპანაძე სახეირო პოზიციაში კიდევ რამდენჯერმე დატოვეს თანაგუნდელებმა, თუმცა მასპინძელთა თავდამსხმელმა მეტჯერ ვეღარ შეძლო გოლის გატანა. 48-ე წუთზე ერისთავს თავადაც შეეძლო ეხეირა, თუმცა, გორელთა სწრაფი კონტრშეტევისას მეკარესთან პირისპირ გასულმა ძაგანიას ვერ აჯობა.

საერთოდ, "კოლხეთი" შესვენების შემდეგ უფრო მეტს ფიქრობდა იერიშებზე. უნდა გამოვარჩიოთ გურამ ლუკავას აქტიურობა, მასპინძლები კი მწვავე კონტრიერიშების განხორციელებას ახერხებდნენ. მხოლოდ შეცვლაზე შესულ ნიკა კალანდარიშვილს ამ გზით ორჯერ შეეძლო, სახიფათო ეპიზოდი გოლად ექცია. თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

სვასილ ბალახაძე

გორიდან

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ედერსონმა "გალათასარაისთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა - დონარუმას "სიტისკენ" გზა ეხსნება
მარკ გეჰი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდება - "ენფილდზე" ჯოვანი ლეონისაც ელოდებიან
მიქაუტაძის "ლიონმა" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი დაიმატა
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
"ტოტენჰემის" მწვრთნელი: კვარაცხელიას შესაჩერებლად სტრატეგია გვაქვს
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
უპატივცემულობა - დონარუმას განცხადება, საუბარი გვარდიოლასთან და ლუის ენრიკეს კომენტარი
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
"კვარაცხელია სეზონის MVP და საუკეთესო ასისტენტი გახდება" - ფრანგული გამოცემის პროგნოზი
"სიტიმ" დონარუმას ტრანსფერზე პსჟ-ს მიმართა და ფასით უკმაყოფილო დარჩა
"ბაიერნი" "ლიონის" ნახევარმცველის შეძენას აპირებს
"ლევერკუზენმა" 21 წლის ნიდერლანდელი ფორვარდი დაიმატა
მატიე ვალბუენა 40 წლის ასაკში ყოფილ გუნდში დაბრუნდა
მარადიშვილი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, მძიმე ტრავმის შემდეგ ახალ გუნდში გადავიდა
საფონოვმა პსჟ-ის დატოვებაზე უარი განაცხადა - რეალურად რა ხდება პსჟ-ისა და დონარუმას შორის
პსჟ-ის ხელმძღვანელობას ჰაკიმის განცხადება არ მოეწონა - პარიზულ გუნდში მცირე დაძაბულობაა?
თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
ოფიციალურად: პსჟ-მა ზაბარბის ტრანსფერი გამოაცხადა
დღეს სუპერთასია - კვარაცხელია და "პსჟ" მორიგი ტიტულისთვის!