ფოტო: Getty Images
"უმცროსი ბორჯღალოსნები" 2 აპრილს სამხრეთ აფრიკაში, საერთაშორისო სერიაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან, სადაც სამ მაღალი დონის შეხვედრას გამართავენ.
ეს იქნება დასკვნითი შეკრება მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ, რომელშიც "უმცროსი ბორჯღალოსნები" უკვე ზედიზედ მეოთხე წელია მონაწილეობენ და რომელსაც წელს, 4-იდან 22 ივნისის ჩათვლით, არგენტინა უმასპინძლებს.
ორკვირიანი შეკრება აფრიკამდე
მარტის დასაწყისში, საფრანგეთის განვითარებად 20-წლამდელთა ნაკრებთან ორმატჩიანი სერიის შემდეგ, გუნდმა რამდენიმე დღე დაისვენა, 18 მარტს კი "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ორკვირიან შეკრებაზე შევიდა.
"ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო ფიზმომზადების კუთხით, რაც ფრანგებთან თამაშებში
ინტენსიური ვარჯიშები ორივე კვირაში სამუშაო დღეებში ჩატარდება და შაბათ-კვირას ბიჭები დაისვენებენ. შეკრება 29 მარტს დასრულდება, 2 აპრილს კი გუნდი გეზს სამხრეთ აფრიკისკენ აიღებს.
ფრანგი ლეგიონერებიდან შეკრებაზე მხოლოდ გიორგი ახალაძე იმყოფება. გუნდს სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე კიდევ სამი ლეგიონერი დაემატება - ნიკა ღვალაძე, ლუკა ჭელიძე და ლუკა აზარიაშვილი.
"ბორჯღალოსნების" რიგებში ჩატარებული ხუთი მატჩის შემდეგ ისვენებს და "უმცროს ბორჯღალოსნებს" 25 მარტს შეუერთდება მგეზავი თედო აბჟანდაძე. სამწუხაროდ, კოჭი დაიზიანა და სამხრეთაფრიკულ ტურნეს ტოვებს კვაჭი ვანო კარკაძე, რომელსაც რაგბი ევროპაზე "ბორჯღალოსნების" რიგებში დებიუტი ჰქონდა. 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე ის ტრავმას მოიშუშებს და ივნისში არგენტინაში, გუნდთან ერთად იქნება.
"ამ ეტაპზე ლეგიონერები თითქმის სრული შემადგენლობით გვაკლია. მათი ნაწილი შეკრების დასასრულს შემოგვიერთდება, ნაწილი კი პირდაპირ სამხრეთ აფრიკაში ჩამოვა. იმ კვირიდან შემოგვიერთდება თედო აბჟანდაძე" - ამბობს მაისურაძე.
იდეალური ტურნირი მოსამზადებლად
სამხრეთ აფრიკაში, ვესთერნ კეიფში, "უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად იდეალურ ტურნირს ითამაშებენ. მასში 20-წლამდელთა ჩემპიონატის კიდევ ორი მონაწილე - სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებები, ასევე, ნამიბიის მეორე ნაკრები, "ნამიბია XV" ითამაშებს. ნამიბიელებმა სამხრეთ აფრიკის აკადემიის გუნდი შეცვალეს და ტურნირში კაცთა ნაკრების გამოჩენა მას დამატებით ხიბლს მატებს.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
მნიშვნელოვანია, რომ ისევე, როგორც ივნისში ოფიციალურ ტურნირზე არგენტინაში, ამჟამადაც თამაშები 4 დღეში ერთხელ გაიმართება. ტურნირი 9 აპრილს არგენტინის 20-წლამდელთა და "ნამიბია XV"-ის მატჩით გაიხსნება, საღამოს კი, "უმცროსი ბორჯღალოსნები" მასპინძელთა 20-წლამდელებს შეხვდებიან. საგულისხმოა, რომ ეს გუნდები 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც ერთ ჯგუფში არიან. შეხვედრები "პეარლ ჯიმნეზიუმის" სტადიონზე ჩატარდება.
მეორე სათამაშო დღეს, 13 აპრილს, რევენსმიდის "თაიგერბერგ რაგბი ქლაბის" სტადიონზე სამხრეთაფრიკელი ახალგაზრდები ნამიბიელებს, ხოლო "უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინელ თანატოლებს ეთამაშებიან. ტურნირის ფინალური თამაშები სტელენბოშში, 17 აპრილს, "პოლ როსის" გიმნაზიის სტადიონზე გაიმართება და უმცროსი "ბოკე" არგენტინას, ხოლო ჩვენი გუნდი "ნამიბია XV"-ს შეხვდება.
ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკაში 30-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება და ილია მაისურაძე ფიქრობს, რომ გუნდი იქიდან ერთი თავით გაზრდილი ჩამოვა:
"საფრანგეთთან მატჩამდე სერიოზული ზეწოლის ქვეშ არ გვითამაშია. იქ გამოჩნდა, ვინ როგორ ახერხებს კონცენტრაციას და მობილიზებას. წინ კიდევ უფრო რთული გამოცდა გველის და იმედია, ამ ტურნირის შემდეგ ერთი თავით გავიზრდებით. ძლიერ გუნდებთან თამაში დაგვანახებს იმ შეცდომებს, რომელთა გამოსწორებაზეც შინ დაბრუნების შემდეგ გვექნება სამუშაო და 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის საჭირო ფორმას მაქსიმალურად მივუახლოვდებით".
"მინდა მადლობა გადავუხადო რაგბის კავშირს, რადგან აქამდე ასეთი მაღალი დონის ტურნირში თამაშის საშუალება არასდროს გვქონია. შევხვდებით განსხვავებული სტილის და ტრადიციების გუნდებს. მნიშვნელოვანია, რომ თამაშები ჩემპიონატის მსგავსად ოთხ დღეში ერთხელ იმართება. საინტერესო იქნება ნამიბიის კაცთა გუნდის წინააღმდეგ თამაში. ამ მატჩში განსხვავებული ფიზიკური დატვირთვა გვექნება, რადგან უფროსი მორაგბეების წინააღმდეგ მოგვიწევს გარჯა და ეს ბევრ რამეს დაგვანახებს".
სამხრეთ აფრიკაში გასამგზავრებლად ემზადებიან:
შერკინება: ნიკა ღვალაძე (გრენობლი, 1), გიორგი ახალაძე (მასი, 1), ლუკა ჭელიძე (ტულონი, 1), გიორგი მენაბდე (ბათუმი, 2), საბა კურატაშვილი (არმაზი, 2), ლუკა ნიორაძე (ჯიქი, 2), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, 3), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო, 4-5), ლუკა გელაშვილი (რუსთავი, 4-5), ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი, 4-5), დავით გვიდიანი (არმაზი, 4-5), ლუკა გელაშვილი (არმია4-5), გიორგი ნოდია (ყოჩები, 6-7), იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები, 6-7), პაატა ბურჭულაძე (რუსთავი, 6-7), მიხეილ ჩაჩავა (ჯიქი, 6-7), ბექა ყორიაული (ლელო 6-7), კობა კოლოტაური (ლელო, 6-7), საბა ჯღარკავა (ლელო, 6-7), იოანე იაშაღაშვილი (არმაზი, 6, 7, 8), გიგი ლეშკაშელი (აია, 8);
ხაზი: მიხეილ ალანია (არმაზი, 9), გიორგი მარგალიტაძე (ლელო, 9), ლუკა მანტკავა (არმაზი, 9), თედო აბჟანდაძე (აია, 10), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, 10), დავით გობეჯიშვილი (აია, 10-15), სანდრო მარგიანი (აკადემია, 10), ლაშა ლომიძე (აია, 12), ირაკლი სიმსივე (აია, 12-13), დემურ თაფლაძე (ლელო, 13-14), ზაურ ლუტიძე (ხვამლი, 13), ოთარ ლაშხი (ლელო, 11-14), არჩილ ღონღაძე (აია, 11-14), ზურა ქავთარაძე (ხარები, 11-14), კოტე მარჯანიშვილი (არმაზი, 11-14), ოთარ ძაგნიძე (აია11-14), გიორგი მიქანაძე (აკადემია, 15), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი11-15).
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით