U20. მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში - საქართველოს მეტოქეები, ისტორია, წესები...

AutoSharing Option
20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში არგენტინაში გაიმართება. შეჯიბრება ამა წლის 4 ივნისიდან დაიწყება და 22 ივნისამდე გაგრძელდება.

შეხვედრებს სანტა-ფეს პროვინცია უმასპინძლებს, კონკრეტულად კი ორი ქალაქი: როსარიო და სანტა-ფე.

ქართველი მორაგბეები საკუთარი შეხვედრებიდან პირველს სანტა-ფეში, დანარჩენ ორს კი ლიონელ მესის მშობლიურ როსარიოში ჩაატარებენ.

როსარიო არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესიდან 300 კილომეტრითაა დაშორებული და მდინარე პარანის სანაპიროზე მდებარეობს. სწორედ ამ ქალაქიდან იყო წარმოშობით ცნობილი რევოლუციონერი ერნესტო ჩე გევარა.

Sportall.Ge

ჩე გევარას ძეგლი როსარიოში

აღნიშნულ ტურნირში კი 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სხვათა შორის, პირველ ორ შეჯიბრებაში 16
გუნდი იყო ჩართული, თუმცა 2010 წლიდან მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე 12 გუნდი ხვდება.

წელს ეს შეჯიბრება ისტორიაში მე-12-ედ იმართება. მონაწილე გუნდებიდან ყველაზე ნაკლები მონაწილეობა საქართველოზეა, ჩვენი გუნდისთვის არგენტინაში გასამართი თასი მე-4 გახლავთ. მე-8-ედ იღებს მონაწილეობას ფიჯი, ხოლო დანარჩენი გუნდები აქამდე გამართულ ყველა ჩემპიონატში ასპარეზობდნენ.

მონაწილე 12 გუნდი 3 ჯგუფად არის დაყოფილი:

  • A ჯგუფი - საფრანგეთი, არგენტინა, უელსი, ფიჯი
  • B ჯგუფი - ინგლისი, ავსტრალია, იტალია, ირლანდია
  • C ჯგუფი - საქართველო, სამხრეთი აფრიკა, ახალი ზელანდია, შოტლანდია

ნაკრებები თავიანთ ჯგუფში დანარჩენ 3 ნაკრებთან გამართავენ შეხვედრებს. საშეჯიბრო ქულები კი შემდეგნაირად განაწილდება:

  • მოგება - 4 ქულა ფრე - 2 ქულა
  • 4 და მეტი ლელოს დადება - 1 ქულა
  • 7 და ნაკლები ქულით წაგება - 1 ქულა
  • 7-ზე მეტი ქულით წაგება - 0 ქულა

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრების ამ სტადიაზე დამატებითი დრო დაშვებული არ გახლავთ.

ჯგუფში ადგილები, ჩვეულებრივ, დაგროვებული საშეჯიბრო ქულების მიხედვით განაწილდება. თუ რამდენიმე გუნდს ექნება ერთი და იგივე ქულა, ადგილების განაწილებისას შემდეგი კრიტერიუმები იქნება გათვალისწინებული:

1) უფრო მაღალ პოზიციას დაიკავებს ურთიერთშეხვედრებში გამარჯვებული.
2) უფრო მაღალ პოზიციას დაიკავებს ქულათა უკეთესი სხვაობის (გატანილი-გაშვებული) მქონე გუნდი.
3) უფრო მაღალ პოზიციას დაიკავებს ლელოთა უკეთესი სხვაობის (გატანილი-გაშვებული)
4) უფრო მაღალ პოზიციას დაიკავებს გუნდი, რომელმაც უფრო მეტი ქულა მოაგროვა 3-ვე თამაშში.
5) უფრო მაღალ პოზიციას დაიკავებს გუნდი, რომელმაც უფრო მეტი ლელო დადო 3-ვე თამაშში.
6) თუ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით ვერ გამოვლინდება უკეთესი გუნდი, მაშინ ამას მონეტის აგდებით გადაწყვეტენ.

ასევე, საინტერესოა, როგორ განაწილდება ადგილები პლეი-ოფში:

1) ჯგუფის გამარჯვებული, რომელიც ყველაზე მეტ ქულას (იგულისხმება საშეჯიბრო ქულები) დააგროვებს.
2) ჯგუფის გამარჯვებული, რომელიც დაგროვებული ქულებით მეორე ადგილზე იქნება.
3) ჯგუფის გამარჯვებული, რომელიც დაგროვებული ქულებით მესამე ადგილზე იქნება.
4) მეორეადგილოსანი, ყველაზე მაღალი ქულით.
5) მეორეადგილოსანი, მეორე ყველაზე მაღალი ქულით.
6) მეორეადგილოსანი, მესამე ყველაზე მაღალი ქულით.
7) მესამეადგილოსანი, ყველაზე მაღალი ქულით.
8) მესამეადგილოსანი, მეორე ყველაზე მაღალი ქულით.
9) მესამეადგილოსანი, მესამე ყველაზე მაღალი ქულით.
10) მეოთხეადგილოსანი, ყველაზე მაღალი ქულით.
11) მეოთხეადგილოსანი, მეორე ყველაზე მაღალი ქულით.
12) მეოთხეადგილოსანი, მესამე ყველაზე მაღალი ქულით.

თუ ორ ან მეტ გუნდს ექნება ერთი და იგივე საშეჯიბრო ქულა, მაშინ გამოყენებული იქნება ის კრიტერიუმები, რაც ჯუგუფურ ეტაპზე იყო.

პლეი-ოფის სტადიაზე თუ გუნდებმა მატჩის ბოლოს თანაბარი ქულები დააგროვეს, ინიშნება 2 დამატებითი ტაიმი. დამატებითი ტაიმები შედგება 5 წუთისაგან (5-წუთიანი შესვენებით). დამატებით ტაიმში გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც პირველი მოიპოვებს ქულას, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება არეკნი, ჯარიმა თუ ლელო.

თუ დამატებითი ტაიმებით ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, ინიშნება საპენალტო დარტყმები. თითოეული გუნდიდან 5-5 მოთამაშე შეასრულებს დარტყმას. თუ 5-5 დარტყმიდან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, პირველ გაფუჭებულ დარტყმამდე გრძელდება სერია.

შარშან აღნიშნულ ჩემპიონატს საფრანგეთმა უმასპინძლა და პირველი ადგილიც ფრანგთა გუნდმა დაიკავა. 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე "სამფერიანებმა" პირველად მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ყველაზე მეტჯერ ახალგაზრდული მსოფლიო თასი "უმცროსმა ოლ ბლექსმა" აღმართა, ზელანდიელებმა 12-დან 6 ჩემპიონატი მოიგეს.

Sportall.Ge

სწორედ ახალი ზელანდიის გუნდის წინააღმდეგ თამაშით დაიწყება ტურნირი ქართველი ახალგაზრდა მორაგბეებისთვის. შეხვედრა 4 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მეორე მატჩში "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 8 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

ჯგუფის უკანასკნელ მატჩში შოტლანდიელებს შევხვდებით. ეს თამაში კი 12 ივნისს, თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება. შეხვედრების ტრანსლაცია Rugby TV-ზე გაიმართება.

სამივე გუნდთან საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია. 2016 წელს ახალ ზელანდიასთან, სამწუხაროდ, 0:55 დავმარცხდით. ეს იყო ამ შეჯიბრებაზე ჩვენთვის პირველი შეხვედრა.

სამხრეთ აფრიკას ორჯერ შევხვდით, 2017 და 2018 წლებში. პირველ შეხვედრაში 14:38 დავთმეთ, ხოლო მომდევნო წელს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ და აფრიკელებმა მხოლოდ 6 ქულით გვაჯობეს - 27:33.

რაც შეეხება შოტლანდიელ ახალგაზრდებს, მათ წინააღმდეგ დადებითი სტატისტიკა გვაქვს. 2018 წელს მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში ბრიტანელები 39:31 დავამარცხეთ.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. პირველ ორ წელს მათ თითო-თითო, მეოთხე თამაში მოიგეს (2016 წელს იტალიასთან 18:17 და 2017 წელს არგენტინასთან 26:25), შარშან კი ზედიზედ სამ მეტოქეს სძლიეს (ირლანდიასთან 24:20, იაპონიასთან 24:22 და შოტლანდიასთან 39:31) და ჯამში სარეკორდო, მე-9 ადგილი დაიკავეს. პირველ ორ ტურნირზე მე-10 ადგილი გვხვდა წილად.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინაში 6 ლეგიონერითა და 22 ადგილობრივი მორაგბით გაემგზავრა.

შერკინება: ნიკა ღვალაძე (გრენობლი, 1), ლუკა ჭელიძე (ტულონი, 1), ვანო კარკაძე (ორიაკი, 2), ლუკა ნიორაძე (ჯიქი, 2), გია ხარაიშვილი (რასინგ92, 1-3), ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი, 3), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, 3), ლუკა გელაშვილი (არმია, 4-5), ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი, 4-5), ტატო გვიმრაძე (ხვამლი, 4-5), პაატა ბურჭულაძე (ხარები, 6-7), ბექა ყორიაული (ლელო, 6-7), კობა კოლოტაური (ლელო, 6-7), იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები, 6-7-8), იოანე იაშაღაშვილი (არმაზი, 6-7-8).

ხაზი: მიხეილ ალანია (არმაზი, 9), გიორგი მარგალიტაძე (ლელო, 9), თედო აბჟანდაძე (აია, (კაპ) 10), სანდრო მარგიანი (აკადემია, 10), ლაშა ლომიძე (აია, 12), ირაკლი სიმსივე (აია, 12-13), გივი ცინცაძე (არმაზი, 10-12), დემურ თაფლაძე (ლელო, 13-14), ოთარ ლაშხი (ლელო, 11-14), ზურა ქავთარაძე (ხარები, 11-14), კოტე მარჯანიშვილი (არმაზი, 11-14), დაჩი პაპუნაშვილი (არმია, 10-15), თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი, 11-15).

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი
ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბი, ირაკლი შაორშაძე
ექიმი: ოდისეი სადოევი
ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი
ჯიპიესი: შავლეგ მახარაშვილი

იმედია, ჩვენი მორაგბეები განაგრძობენ პროგრესს და წელს უკეთეს ადგილზე დაასრულებენ შეჯიბრებას. თან დროა, სამხრეთ აფრიკასაც მოვუგოთ, რაც უნდა რთული იყოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რომელი არხი გადმოსცემს თამაშებს?
გუგა
13:18 29-05-2019
0
მიდით ბიჭებო უფალი ყოფილიყოს თქვენი მფარველი და წმინდა გიორგი თქვენი წინამძღოლი.
მიშა
08:23 29-05-2019
0