მოგეხსენებათ, გუშინ, 4 ივნისს გაიმართა რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები.
საქართველოს ნაკრებს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ცუდად ნამდვილად არ უთამაშია. უფრო ნაკლები შეცდომა რომ დაგვეშვა დაცვაში, დადებითი შედეგი რეალური ჩანდა.
ახალზელანდიელებმა კი საკუთარი მიზანი შეასრულეს. მოგვიგეს საკმაოდ დიდი სხვაობით, დადეს ბონუს ქულისთვის საჭიროზე მეტი ლელო და კარგი განწყობაც შეიქმნეს შემდეგი თამაშისთვის.
ზელანდიელთა კაპიტანმა კიანუ კერერუ ნიმსმა თამაშის შემდეგ მცირე ინტერვიუ World Rugby TV-ს მისცა:
"პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი ლელო დავდეთ, თუმცა ეს
არ იყო დაგეგმილი ლელოები. საკუთარი სტრუქტურის მიხედვით არ ვთამაშობდით, ასე რომ, ეს ძალიან კარგი შედეგია ჩვენთვის.
ვიცოდით, რომ შესვენების შემდეგ ქართველები უფრო მჭიდროდ გვეთამაშებოდნენ და ასეც მოიქცნენ. თუმცა თამაშში საკუთარი ინტენსივობის შენარჩუნება შეცვლების შემდეგაც შევძელით და ეს ჩვენთვის დიდი პოზიტივი იყო. ერთი სიტყვით, ძალიან კარგი სტარტი გამოგვივიდა."
3 წლის წინ ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა გუნდმა ქართველი თანატოლები 54:0 დაამარცხა. როგორც ჩანს, ამ ხნის განმავლობაში ჩვენს გუნდს პროგრესი აქვს, თუმცა პროგრესის ამ ნიშნულზე გაჩერებას საქართველოს ნაკრები არ აპირებს.
შემდეგ შეხვედრაში ქართველი მორაგბეები სამხრეთ აფრიკის გუნდს შეხვდებიან, ხოლო "ბეიბი ოლ ბლექსი" შოტლანდიის გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც ჩვენს მომავალ მეტოქესთან პირველ შეხვედრაში დამარცხდა - 19:43.
U20. ახალი ზელანდიის მიერ შესრულებული ჰაკა საქართველოსთან მატჩში [VIDEO]
U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ექვსგზის ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]