მე-13 ტურნირს, 28 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, იტალია უმასპინძლებს. იტალიელები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს მესამედ მასპინძლობენ. აღსანიშნავია, რომ წინა ორ შემთხვევაში - 2011 და 2015 წლებში, ჩემპიონობა ახალმა ზელანდიამ იზეიმა.
ახალი სისტემით
წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, მსოფლიო რაგბიმ 2020 წლისთვის ჯგუფების დაკომპლექტების სისტემა შეცვალა:გუნდები კვლავ სამ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. თითოეულ ჯგუფში პირველ ნომრად პრიზიორები განითესნენ - A ჯგუფში ჩემპიონი საფრანგეთი, B
დანარჩენი მონაწილეები 2019 წლის შედეგების მიხედვით დალაგდნენ, ოღონდ ჯგუფებში ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროდან ორ-ორი ნაკრები მოხვდა. სამხრეთ ნახევარსფეროს მიაკუთვნეს იაპონიის ნაკრები, რომელმაც შარშან "ალაფა" მოიგო და უძლიერესთა შორის დაბრუნდა.
ამრიგად, A ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, ირლანდია და იაპონია მოხვდნენ, ხოლო C ჯგუფში სამხრეთი აფრიკა, ინგლისი, ფიჯი და მასპინძელი იტალია ითამაშებენ.
პირველად ვერონაში
"უმცროს ბორჯღალოსნებს" პირველი მატჩი 28 ივნისს, ვერონაში შარშანდელ ფინალისტ ავსტრალიასთან ექნება. ავსტრალიელებმა ვერცხლის მედლები ორჯერ მოიპოვეს (2010 და 2019 წლებში), 2011 წელს კი ბრინჯაოს დასჯერდნენ.მეორე ტურში, 3 ივლისს, ასევე ვერონაში უელსს ვხვდებით, რომელმაც შარშან მეექვსე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ვერონას მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრებისთვის აქამდე არასდროს უმასპინძლია.
ჯგუფურ ეტაპს 8 ივლისს ახალ ზელანდიასთან მატჩით ვასრულებთ. შეხვედრა ვიადანაში გაიმართება. "ჯუნიორ ბლექსს" შარშანდელი ტურნირი ჩაუვარდა და მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა, რაც მისთვის ყველაზე ცუდი შედეგია.
მთლიანობაში, გასული 12 ტურნირიდან, ყველაზე მეტი სწორედ ახალმა ზელანდიამ მოიგო. მათ მთავარი ჯილდო სულ 6-ჯერ აღმართეს (2008, 2009, 2010, 2011, 2015 და 2017). ბოლოს ეს 2017 წელს, საქართველოში მოხდა, მას შემდეგ კი ზედიზედ ორჯერ ჩემპიონი საფრანგეთი გახდა.
ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 15 ივლისს ვიადანასა და კალვიზანოში გაიმართება, ხოლო ფინალურ მატჩებს 18 ივლისს ვიადანა და პარმა უმასპინძლებს.
ნაბიჯი დიდი რაგბისკენ
ტურნირის დაარსების დღიდან, ანუ 2008 წლიდან დღემდე, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ნათამაშები 690 მორაგბე ეროვნულში დაწინაურდა და მათგან 16-მა, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ერთად, შარშან იაპონიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა."წლიდან წლამდე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატში უფრო და უფრო მაღალი ხარისხის თამაშებს ვხედავთ. მისი მონაწილეები შემდგომში უმაღლეს დონეზეც წარმატებულები არიან. 2019 წლის მსოფლიო თასზე 228 ისეთი მოთამაშე ვიხილეთ, რომელთაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჰქონდათ ნათამაშები. იტალიას ამ ტურნირისთვის ორჯერ უმასპინძლია და დარწმუნებულები ვართ, ამჯერადაც ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება" - განაცხადა მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტმა.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით