U18 - სამხრეთ აფრიკელთა ტურნე COVID19-ის გამო გაუქმდა

AutoSharing Option
საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ორივე ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, აგვისტოში დაგეგმილი აფრიკელთა ორკვირიანი ტურნე გაუქმებულია.

უმცროსი „ბოკე“ საქართველოში 1 აგვისტოს უნდა ჩამოსულიყო და ჩვენს 18-წლამდელთა ნაკრებთან, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, სამი თამაში გაემართა. მხარეებს შორის დღეს გამართული მოლაპარაკებისას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე ეს ტურნე აღარ გაიმართება.

„ჩვენთვის პრიორიტეტი მოთამაშეების ჯანმრთელობაა და სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად ვიცავდით კოვიდ-რეგულაციებს და რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების კუთხით, ამ თამაშების გამართვა
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მოთამაშეების ჯანმრთელობით ვერ გავრისკავდით. აქედან გამომდინარე, ჩვენ და სამხრეთ აფრიკელებმა ტურნეს გაუქმების გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ“ – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ.

„ორივე ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და ტურნეს გაუქმების გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. ასეთ გადაწყვეტილებამდე მისვლა იოლი არ ყოფილა, თუმცა მოთამაშეთა ჯანმრთელობა პრიორიტეტულია. მადლობა ჩვენს მეგობრებს საქართველოდან, რომლებიც შექმნილ სიტუაციას სწორად აფასებენ“ – ამბობს სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის გენერალური დირექტორი ჟური რუ.

ქართველ 18-წლამდელებს სამხრეთ აფრიკელი თანატოლების წინააღმდეგ 7, 11 და 14 აგვისტოს უნდა ეთამაშათ. გუნდი ამა წლის ოქტომბერში, კალინინგრადში გასამართი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.