U18. საქართველოს ნაკრებმა ბელგიას 86:0 სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტულს პორტუგალიასთან დაიცავს

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ბელგიას 14 უპასუხო ლელო გაუტანა, 86:0 დაამარცხა და 9 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონის ტიტულს პორტუგალიასთან დაიცავს.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველო ზედიზედ მე-7-ედ ითამაშებს. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" გადამწყვეტი თამაში ზედიზედ სამჯერ მოიგო და შარშან ფინალში სწორედ პორტუგალია 27:0 დაამარცხა.

ნახევარფინალში, რუსთავში, პორტუგალიისა და ესპანეთის ჯახი ფრედ, 21:21 დასრულდა და პირველი ფინალისტის ვინაობა კარში დარტყმებით გაირკვა. მეორე ნახევარფინალი თბილისში, „რაგბი პლატოზე“ გაიმართა და მასპინძლებმა მეტოქე პირწმინდად დაჯაბნეს.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ბელგიას ყველა კომპონენტში ჯაბნიდა, აქცენტს ხელდახელ სწრაფ თამაშზე აკეთებდა და თითქმის ყველა
ლელო ამ სტილში გაიტანა. ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა, ლუკა ჭინჭარაულმა ცენტრში გაჭრა ხაზი და ბურთი თორნიკე ღანიაშვილს გაატანა. ტატო ბურთიკაშვილმა მარცხენა ფრთაზე მცველს შემოურბინა და ოფლოუდით ლელოში ლუკა კობაური შეუშვა. მე-8 წუთზე ჭინჭარაულმა ერთხელაც გაჭრა ხაზი. ოვალი მარჯვნივ ჩათამაშდა. ლუკა ხორბალაძე 5-მეტრიანში შეაჩერეს. საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ და ნიკა ლომიძემ ლელო ძელებშუა გაიტანა. მალევე შებრუნებული პასით გიორგი ხაინდრავამ გაჭრა ხაზი. მას ლუკა კოტორაშვილი მიჰყვა და მესამე ლელო გაიტანა. ხორბალაძემ ორი გარდასახა – 19:0.

მე-16 წუთზე ლელო თამაზ ჭამიაშვილმა მიითვალა. 21-ე წუთზე აქტიურმა კობაურმა გაჭრა ხაზი და ლელო ბურთიკაშვილმა გაიტანა, 23-ეზე კი შეტევა ჭინჭარაულმა დაიწყო და მისი ოფლოუდით უკვე თავად კობაურმა იხეირა. ტაიმის ბოლოს ხელდახელ შეტევა ბურთიკაშვილის მეორე ლელოთი დასრულდა, მერე კი ხორბალაძემ გაინავარდა, მეტოქეს მე-8 ლელო გაუტანა – 48:0.

შესვენების შემდეგ თამაშის დასალაგებლად მასპინძლებს გარკვეული დრო დასჭირდათ. მერე ხორბალაძემ მთელ დაცვას შემოურბინა და ლელოში ზურა ნინიძე შეუშვა. მალე კვლავ ბურთიკაშვილის ჯერი დადგა და მესამე ლელო მიითვალა, 50-ე წუთზე კი, შერკინების შემდეგ, ალექსანდრე ჯიღაურმა თავად შეუტია და მას კარგად მიჰყვა ლუკა ცირეკიძე – 65:0.

ორიოდე წუთში ოფლოუდებით დახუნძლული ხელდახელ შეტევა გიორგი მჭედლიშვილის ლელოთი დასრულდა. 61-ე წუთზე მან უკვე რაქიდან შეუტია და მცველი ძალისმიერ ორთაბრძოლაში დაჯაბნა. 66-ე წუთზე მოლი გიგი ჭუმბურიძის ლელოთი დასრულდა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 86:0.

18 წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი. ნახევარფინალი
5 ოქტომბერი. თბილისი. „რაგბი პლატო“
საქართველო – ბელგია 86:0 (48:0)
საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ხორბალაძე, 14. ზურა ნინიძე, 13. ლუკა კობაური, 12. გიორგი ხაინდრავა, 11. ტატო ბურთიკაშვილი, 10. ლუკა ჭინჭარაული, 9. ალექსანდრე ჯიღაური;

შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი, 2. მიხეილ ხახუბია, 3. დავით მჭედლიძე, 4. თორნიკე ღანიაშვილი, 5. გიორგი გერგედავა (კაპ.), 6. ანდრო დვალი, 7. ნიკა ლომიძე, 8. თამაზ ჭამიაშვილი.

მარქაფა: 16. გიგი ჭუმბურიძე, 17. გიორგი მჭედლიშვილი, 18. გიგა თუთისანი, 19. კახა შეყილაძე, 20. ჯაბა ოდიშარია; 21. ლადო ტყაბლაძე, 22. გელა ხელაძე, 23. ლუკა კეშელავა, 24. ნუგზარ ქევხიშვილი, 25. ლუკა ცირეკიძე, 26. ნიკა აბესაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი

Rugby.ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.