"უმცროსი ბორჯღალოსნები" | 8-დღიანი შეკრება ქუთაისში

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ბრუნდება.

საქართველომ განვითარებისთვის ესოდენ საჭირო ტურნირის საგზური „ალაფის“ მოგებით 2015 წელს მოიპოვა და ელიტაში ადგილი ზედიზედ ოთხჯერ შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ მანამდე 12 მოწინავეს შორის დარჩენა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო.

2020-22 წლებში ტურნირი არ ჩატარდა, თუმცა შარშან ზაფხულში, მსოფლიო რაგბის ინიციატივით რეგიონული ტურნირები გაიმართა და "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" "ექვსი ერის" 20-წლამდელთა სერიებში ითამაშა, სადაც "ექვსი ერის" წარმომადგენლებთან (საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ერთად, სამხრეთი აფრიკა და საქართველო
იყვნენ მიწვეული. ლადო კილასონიას შეგირდებმა იტალიას, უელსს და საფრანგეთს დიდი ბრძოლა გაუმართეს, შოტლანდიას კი სარეკორდო სხვაობით – 55:17 სძლიეს და მე-6 ადგილი დაიკავეს.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში კვლავ 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან: არგენტინა, ავსტრალია, ინგლისი, ფიჯი, საფრანგეთი, საქართველო, ირლანდია, იტალია, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა და უელსი.

ჯერჯერობით უცნობია, რა ვადებში ჩატარდება ტურნირი და ვინ იქნება მასპინძელი ქვეყანა, თუმცა გუნდები უკვე ემზადებიან აღდგენილი მსოფლიოს ფორუმისთვის.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" უკვე გამართა 3 სასელექციო შეკრება – ნოემბრის დასაწყისში, დეკემბრის მიწურულს და ნაახალწლევს. ლადო კილასონიამ ქართულ კლუბებში მოთამაშე 50 კანდიდატი ქუთაისში 10 იანვარს შეკრიბა, 18-ში კი დიდი 10-ის ბინადარ ქუთაისის "აიასთან" საკონტროლო თამაში გამართა:

„ეს ჩვენი მესამე ხანმოკლე შეკრება იყო. თუ აქამდე მხოლოდ ორმხრივ თამაშებში გვქონდა ნამუშევრის შეფასების შესაძლებლობა, ამჯერად დიდი 10-ის გუნდთან გვქონდა სპარინგი. ჩვენთვის საინტერესო იყო გვენახა, ასეთი წყვეტების ფონზე როგორ შევკრავდით გუნდს. როდესაც ამდენი მოთამაშე გყავს, რა თქმა უნდა, რთულია თამაშის დალაგება და ეს ყველას კარგად გვესმის, თუმცა რაღაც ეპიზოდებით კმაყოფილი ვარ. როგორც წესი, მწვრთნელები ბოლომდე არასდროს ვართ კმაყოფილი, მაგრამ მუშაობის შემთხვევაში ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელია“.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თებერვლის შეკრება. წელს ძალიან ბევრი, 20-მდე ლეგიონერი გვყავს, რომლებსაც თებერვალში შესვენება აქვთ და ვეცდებით ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.