20 წ. | სერიის პირველი თამაში ინგლისის დომინირებით

AutoSharing Option
20-წლამდელთა "ექვსი ერის" მოქმედმა ჩემპიონმა ინგლისმა, "უმცროს ბორჯღალოსნებთან" გამართული ორმატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა 31:7 მოიგო.

ინგლისი თბილისს ამხანაგური თამაშების გასამართად მეორედ ეწვია. მეტოქემ პირველ თამაშში შარშანაც გაიმარჯვა, 5 დღის შემდეგ კი საქართველომ პირველად მოახერხა რაგბის სამშობლოს წარმომადგენლების დამარცხება.

წელს "ექვსი ერის" ჩემპიონი შარშანდელზე უკეთესი გუნდით გვეწვია, რაც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების კუთხით ჩვენთვისაც კარგია. "ავჭალაზე" ინგლისი სრულად დომინირებდა, 5 ლელო გაიტანა და შარშანდელი მარცხისთვის რევანში აიღო. საქართველომ მეორე ტაიმი პირველზე უკეთ ჩაატარა, ერთი გარდასახული ლელო გაიტანა და დაახლოებით 6-7
წუთი მეტოქის 22-ში გაატარა, მაგრამ მეტი ქულის აღება ვეღარ მოახერხა.

რადგან თამაში მოსამზადებელი ხასიათის იყო, გუნდებმა არასტანდარტული განაცხადით ითამაშეს – მასპინძლებმა 34, სტუმრებმა კი 30 მოთამაშე გამოსცადეს. ამის ფონზე ხშირი იყო შეცვლები და შეცდომები, თუმცა ამ ეტაპზე ეს ორივე გუნდისთვის მისაღებია.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მეტოქე ბურთს ჩვენზე დიდხანს აკონტროლებდა და შეტევაში მეტი დრო გაატარა. ისინი დომინირებდნენ შერკინებაში და ხელდახელ მაღალ ტემპში უტევდნენ, თუმცა ჰქონდათ შეცდომებიც, რითაც სათანადოდ ვერ ვიხეირეთ. პირველ ტაიმში პრობლემები გვქონდა დერეფანში, რის გამოც რამდენიმე კარგი შესატევი პლაცდარმი ვერ გამოვიყენეთ.

პირველი სალელოვე შანსი სტუმრებმა მე-8 წუთზე მიიღეს, სისწრაფეში ხაზი გაჭრეს და წითელ ზონას უწიეს, მაგრამ იქ თავი დავიცავით. მე-16 წუთზე უკვე საქართველოს ჰქონდა კარგი შეტევა, გრძელი გადაცემის შემდეგ მარცხენა ფრთაზე სანდრო დარძულიძემ ირბინა, იერიში ლუკა ცირეკიძემ და ანდრო დვალმა გააგრძელეს, ინგლისი კარის წინ 25 მეტრში დაჯარიმდა და ცირეკიძემ ანგარიშის გახსნა განიზრახა, მაგრამ დარტყმამ უმტყუნა.

20 წუთის შემდეგ ინგლისი ინიციატივას დაეუფლა და ორი გარდასახული ლელო გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი ჩვენი დერეფანი დავთმეთ და კონტრშეტევაზე მესამე ლელო მივიღეთ – 0:19.

მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთხელ შევცდით, რითაც ინგლისმა ისარგებლა და მეოთხე ლელო გაიტანა. ტაიმის შუაში ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ და ორჯერ ხაზიც გაიჭრა, მაგრამ უშედეგოდ. 61-ე წუთზე საქართველომ საპასუხო ლელო გაიტანა. მეტოქის 22-ში ჯარიმის სწრაფად გათამაშებას ფორვარდების მიძალება და ლუკა სულუაშვილის ძალისმიერი ლელო მოჰყვა. ზურა ფირცხალაიშვილმა გარდასახა და ჩამორჩენა 17 ქულამდე შეამცირა.

ამას მოჰყვა 6-წუთიანი პერიოდი, რომელიც "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეტოქის 22-ში გაატარეს, 5-მეტრიანი დერეფნიდან ორჯერ ააგორეს მოლი, მაგრამ ინგლისმა თავი დაიცვა. დასკვნით 10 წუთში მოედანზე კაცნაკლულები დავრჩით (ლუკა უნგიაძე სინბინში), რითაც სტუმრებმა შეხვედრის მიწურულს ისარგებლეს, მეხუთე ლელო გაიტანეს და 31:7 გაიმარჯვეს.

სერიის მეორე თამაშს საქართველო ინგლისის წინააღმდეგ 12 ივნისს გამართავს. "ავჭალაზე" შეხვედრა ამჯერადაც 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

20-წლამდელთა ამხანაგური მატჩი

7 ივნისი. თბილისი. ავჭალა.

საქართველო – ინგლისი 7:31 (0:19)

საქართველო

ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. ლუკა კეშელავა (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. სანდრო დარძულიძე (ლელო), 10. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.);

მარქაფა: 16. შოთა მაღლაკელიძე (მათე), 17. დათო მოლაშხია (ლელო), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. ზურა ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), ირაკლი ხიდეშელი (ვეფხვები), ლუკა საღინაძე (ლიონი), ონისე იოსელიანი (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), გელა ხელაძე (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), ლუკა კობაური (ლეუკატე), გიორგი ბოლქვაძე (ლელო), ოთარ მეტრეველი (აია), მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

1 ლელო: სულუაშვილი

1 გარდასახვა: ფირცხალაიშვილი

1 სინბინი: ლუკა უნგიაძე

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხორბალაძეს აღარ უწევს წელს თამაში?
ვაჟა
17:54 08-06-2024
0
ყოჩაღ ბიჭებო, თავდადებით ითამაშეთ და ეგაა მთავარი. შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავეთ მეტი და შედეგიც იქნება. მეტი იმპროვიზაციაა საჭირო და მაღალი სისწრაფეები. ყველაფერი კარგად იქნება. წინ საქართველო!!!!
გიო
23:31 07-06-2024
0