20 წ. | პირველად ავსტრალიასთან

AutoSharing Option
მას შემდეგ რაც "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 2016 წელს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, 5 წლის განმავლობაში (2020-2022 წლებში ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა) ტურნირზე 25 თამაში გამართეს და აქამდე არასდროს შეხვედრიან ავსტრალიას.

ავსტრალია ერთადერთი გუნდია, რომლის წინააღმდეგ 20-წლამდელთა დონეზე ტესტ-მატჩიც არ გვქონია და 29 ივნისს ქეიფთაუნში, „ეთლონ სპორტ სთედიუმზე“, 2024 წლის ჩემპიონატს სწორედ „უმცროს კენგურუებთან“ ჯახით გავხსნით. თამაში საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება.

ავსტრალიასთან შეხვედრამდე 48 საათით ადრე, უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ინგლისთან 7 ივნისს, თბილისში 45:17
მოგებული ტესტ-მატჩის შემდეგ, სასტარტო 15-ში ოთხი ცვლილებაა – ორი ხაზში და ორი შერკინებაში.

ფულბეკის პოზიციაზე თამაშს ოთარ მეტრეველი იწყებს, ხოლო ფრთაზე ლუკა ხორბალაძეს ვიხილავთ, რომელიც ‘ლიონთან’ ერთად საფრანგეთის ესპუარების ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ინგლისთან ამის გამო არ უთამაშია. მგეზავად იწყებს თამაშს ლუკა ცირეკიძე და ის კვლავ გიორგი სპანდერაშვილს შეუწყვილდება. ცენტრში გიორგი ხაინდრავასა და ლუკა კობაურის დუეტს ვიხილავთ, ხოლო მეორე ფრთა ტარიელ ბურთიკაშვილი იქნება.

ტესტ-მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია და ახლა სასტარტო შემადგენლობაშია გუნდის კაპიტანი ნიკა ლომიძე. ის შერკინების შემკვრელი იქნება, ანდრო დვალმა ფლანკერად გადაინაცვლა, მეორე ფლანკერი კი კვლავ ლუკა სულუაშვილია. მეორე ხაზში დავით ლაგვილავა ბრუნდება, რომელიც მურთაზ ცხადაძეს შეუწყვილდება. იმ თამაშის შემდეგ უცვლელია პირველი ხაზი – ლუკა უნგიაძე, თამაზ ჭამიაშვილი და დავით მჭედლიძე.

პირველი ხაზის მარქაფაში მიხეილ ხახუბია, ლუკა კოტორაშვილი და დავით მჭედლიშვილი არიან, ხოლო მეორე და მესამე ხაზს თემურ წულუკიძე და თორნიკე ღანიაშვილი გააძლიერებენ. ხაზში შეცვლებზე მიხეილ ყაჩლავაშვილს, ლუკა თაყაიშვილს და ნუგზარ ქევხიშვილს ვიხილავთ.

23 კაციან განაცხადში 9 ლეგიონერია (7 სასტარტოში). თამაზ ჭამიაშვილს, დავით მჭედლიძეს, ნიკა ლომიძეს, თორნიკე ღანიაშვილს, ლუკა კობაურს, ლუკა ხორბალაძეს და ლუკა ცირეკიძეს ზურგს შარშანდელი 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამოცდილება უმაგრებს, დანარჩენებს კი ტურნირზე დებიუტი ექნებათ.

2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

სამხრეთ აფრიკა. ქეიფთაუნი. „ეთლონ სპორტ სთედიუმი“

საქართველო – ავსტრალია (18:30 საქ. დრო)

საქართველო


ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (აია), 14. ლუკა ხორბალიძე (ლიონი), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბიჭებს მოსამზადებელი თამაშების რაოდენობა მოაკლდათ,მაგრამ საფრანგეთთან და ორჯერ ინგლისთან ნათამაშებიც ძალიან დიდი გამოცდილებაა და ამ თამაშების ხარისხი,მომავლის იმედიანად შეხედვისთვის საფუძველი გვაქვს.წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს ამ და მომავლის თამაშებშიც.ძლიერი ჯგუფია,მაგრამ ჩვენც ძლიერები ვართ და წინა ჩემპიონატის გამოცდილებას თუ გავიხსენებთ,ოთხეულში გასვლასაც შევეცდებით.შარშან საამისოდ,ერთადერთი ვერ დადებული ლელო არ გვეყო,იმედია წელს,ამასაც შევძლებთ.თუ ვერ შევძლებთ,არც ეგ იქნება ტრაგედია.მთავარია დიდი ნაკრებისათვის მომზადდნენ ხარისხიანი მორაგბეები.ასეთები კი,ამ ნაკრებშიც,ნამდვილად მოიძებნებიან.
სოსო
02:21 29-06-2024
0
წარმატებები ბიჭებო !

დიდი ინტერესით ველით თქვენს გამოსვლას.
გჯეროდეთ, მომავალი თქვენია....
ზაზა
10:07 28-06-2024
0