ფინამ ხორვატ წყალბურთელებს მეკარე ივან სტრუიჩსა და თავდამსხმელ მარინო ფრანიჩევიჩს საქართველოს ნაკრებში თამაშის ნება დართო
გუშინ საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე ბითაძემ გვაცნობა, რომ ფინამ (საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაცია) ორ ნატურალიზებულ ხორვატ წყალბურთელს - თბილისის "ლიგამუსის" 205 სანტიმეტრის სიმაღლის მეკარე ივან სტრუიჩსა და ევროლიგის ნახევარფინალისტ იტალიის "ბრეშას" 204 სანტიმეტრის სიმაღლის ცენტრალურ თავდამსხმელ მარინო ფრანიჩევიჩს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის უფლება დართო. ევროპის ჩემპიონატის მეორე წრის ეს მატჩი 30 მარტს თბილისში "ოლიმპიკის" აუზში გაიმართება.

საბერძნეთის წყალბურთელთა ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ათენის ოლიმპიადის მეოთხეადგილოსანი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. ეს ქვეყანა დღეს წყალბურთის ელიტაში შედის, ამიტომ ელადელთა წინააღმდეგობის დასაძლევად სერიოზული მომზადებაა საჭირო. საქართველოს ნაკრებიც 20 იანვრიდან ჩაქვში "ოაზისის" კომპლექსში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება. 4 თებერვლიდან თბილისში განაგრძობს ვარჯიშებს, 23 თებერვლიდან 3 მარტამდე კი სტამბოლში თურქებთან ერთად ეცდება ოსტატობის ამაღლებას.

როგორც ალექსანდრე ბითაძემ გვითხრა, საქართველოს წყალბურთის მესვეურებს მოლაპარაკება აქვთ სხვადახვა ქვეყნების კოლეგებთან და არ არის გამორიცხული, 30 მარტამდე თბილისში საქართველოს, საფრანგეთის, მაკედონიისა და, შესაძლოა, თურქეთის მონაწილეობით ამხანაგური საერთაშორისო ტურნირიც გაიმართოს. ევროპის ჩემპიონატის მატჩების წინ ამ გუნდებისთვის ეს შეჯიბრება ერთგვარი მოთელვა იქნება. 30 მარტს ფრანგებს მოსკოვში, მაკედონიელებს კი მინსკში უწევთ თამაში.

- მარტის დასაწყისში საქართველოს ჩემპიონატი აიღებს სტარტს, - ამბობს ბატონი ალექსანდრე. - მასში 5 გუნდი ჩაებმება. სასიამოვნოა, რომ მოასპარეზეთა შორის ბათუმელებსაც ვიხილავთ. როგორც ხედავთ, ეროვნული პირველობის გეოგრაფია იზრდება.

აჭარაში სერიოზულად ზრუნავენ სპორტის ამ სახეობის აღორძინება-განვითარებაზე და კარგი იქნება, თუ ეს სხვა რეგიონებისთვის მაგალითი გახდება. წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველოს ჩემპიონატი რამდენიმე ტურად გაიმართება, რაც შემთხვევითობას გამორიცხავს და სპორტსმენთა ოსტატობის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.

ოთხ-ოთხი ტური გათამაშდება 1995-1996 და 1997-1998 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს პირველობებშიც. სავარაუდოდ, მედლებისთვის 10-10 გუნდი იასპარეზებს, შარშანდელი რვა ექვსის ნაცვლად. საპრიზო ადგილებისთვის ქუთაისელი და ბათუმელი წყალბურთელებიც იბრძოლებენ. 4-6 თებერვალს "ოლიმპიკში" 15-16-წლიანები ითამაშებენ, 11-13 თებერვალს კი აუზი უმცროსებს - 1997-1998 წლებში დაბადებულებს დაეთმობათ. არ არის გამორიცხული, თითო ტურს რეგიონებმაც უმასპინძლონ.

შარშან ზაფხულს საქართველოს კადეტთა ნაკრები სერბეთში იმყოფებოდა საწვრთნელ შეკრებაზე და მასპინძლებთან ოთხი ტესტ-მატჩიც გამართა. ყველა შეხვედრა წააგო.

სამაგიეროდ, გვიან შემოდგომით სტუმრობისას ქართველმა მოზარდებმა სამი შეხვედრა მოუგეს სერბ თანატოლებს. სწორედ ამან უბიძგა სერბეთის წყალბურთის მესვეურებს, თავიანთი ქვეყნის კადეტთა (1995-1996 წლებში დაბადებულნი) პირველობაში 24-ე გუნდად საქართველოს ნაკრები დაეშვათ. ეს იქაური წყალბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნება. ჩვენი ბიჭები იოვან პოპოვიჩის ხელმძღვანელობით ნოვი სადში ამ თვის 14 რიცხვში გაემგზავრებიან და 16-20 თებერვალს ერთ-ერთ ჯგუფში წრიული სისტემით 5 მატჩს გამართავენ. 4-6 მარტს კი თბილისში მოგველის საინტერესო ტურნირი: "ოლიმპიკი" ლენ-ის (ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია) კალენდრით გათვალისწინებულ 15-16 წლის წყალბურთელთა ასპარეზობას - სახელოვანი სპორტსმენის, ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნის, ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების გამარჯვებულისა და მსოფლიო უნივერსიადის, ასევე, საკავშირო ჩემპიონატების პრიზიორის ნოდარ გვახარიას პირველ საერთაშორისო მემორიალს უმასპინძლებს. ერთმანეთს საქართველოს, ბელარუსის, უკრაინისა და ეგვიპტის (თუ იქ სიტუაცია დალაგდა) სპორტსმენები დაუპირისპირდებიან.

ასე რომ, თებერვალ-მარტში ქართულ წყალბურთში დიდი გამოცოცხლება იქნება და ქომაგებს საინტერესო პაექრობები ელით.

69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს