წარმოგიდგენთ ევროს გრანდებს: გერმანიის ნაკრებს გაგაცნობთ ვახტანგ გეგელია

AutoSharing Option
"ლელო" აგრძელებს ცოტა ხნის წინათ დაწყებულ რუბრიკას, რომელიც ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ მოკლე დროში ტურნირში მონაწილე გრანდების წარდგენას გულისხმობს. ამჯერად, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ჯერია, რომელიც საფრანგეთში ევროპული ოქროსათვის იბრძოლებს.

ფაქტია, გერმანიის ნაკრებს ბევრი ვერც შემადგენლობით დაეტოლება და ვერც გამარჯვებულის მენტალიტეტით.

ბუნდესმანშაფტის წარდგენა ვთხოვეთ გერმანიის ნაკრების დიდ ტრფიალს, ჩვენს კოლეგას, ცნობილ ჟურნალისტს, ვახტანგ გეგელიას, რომელიც იოახიმ ლიოვის სამწყსოზე დაწვრილებით გვესაუბრა.

მოლოდინი
გადაუჭარბებლად ვიტყვი: გერმანიის ნაკრებს კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატზე, სულ მცირე, ფინალში ველოდები. ამას ვამბობ, იმის მიუხედავად, რომ გუნდში არის გარკვეული ხასიათის პრობლემები, რომლებზეც
თანდათან ვისაუბრებთ.

ჩემი აზრით, გერმანიის ნაკრებისათვის თვითმიზანი არ იქნება მიმდინარე ევროფორუმის მოგება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა ბოლო დროს ნაკრებში და, ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რომ მათ მიიღონ საერთაშორისო მატჩებში ასპარეზობის გამოცდილება.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გერმანიის ნაკრებში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია და მათ იციან, რა არის ტიტულის მოგება. გასული მუნდიალიდან მათ გამოყოლილი აქვთ გამარჯვებულის ფსიქოლოგია.

ჩემი აზრით, გერმანიის ნაკრებს არც ისე ბევრი კონკურენტი ეყოლება ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლებისათვის ბრძოლაში. ამ ეტაპზე მე შემიძლია მხოლოდ ორი ასეთი ნაკრები დავასახელო - ესპანეთი და საფრანგეთი.

ლიდერი
ალბათ, ახალს და განსაკუთრებულს არაფერს ვიტყვი - მას შემდეგ, რაც გერმანიის ნაკრებიდან წავიდა ფილიპ ლამი, არ ჩანს გამოკვეთილი ლიდერი. ამ ჩემპიონატზე მე ველოდები მარკო როისის გაბრწყინებას. მარკო დიდებული ფეხბურთელია. მას მინდორზე ყველაფერი შეუძლია - კაცის მოტყუება, მწვავე პასის გაკეთება, გოლის გატანა...

თანაც, დავამატებ აქვე, რომ მარკოს სანაკრებო ასპარეზზე როდისმე უნდა გაუმართლოს. ყველას კარგად გვახსოვს, რომ მან გერმანიისათვის ტრიუმფალური მუნდიალი გამოტოვა.

რა თქმა უნდა, როისს ლიდერის ტვირთის ზიდვა მარტოს არ მოუწევს. აქვე არიან თომას მიულერი და მესუთ იოზილი. ჯერ საკითხავია, რა პოზიციაზე ითამაშებს მიულერი, თავდასხმაში თუ ნახევარდაცვაში, თუმცა იგი ნებისმიერ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იქნება გუნდისათვის. აქვეა მესუთ იოზილი თავისი უდიდესი პოტენციალით. მას ბევრი კი აკრიტიკებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მესუთი პრემიერლიგის საუკეთესო ასისტენტი გახდა.

სუსტი რგოლი
ალბათ, ელოდებით, რომ გერმანიის ნაკრების სუსტ რგოლად თავდასხმას დავასახელებ, მაგრამ მე ასე არ მოვიქცევი. რა თქმა უნდა, ბუნდესმანშაფტს არ აწყენდა ახალი მიროსლავ კლოზე, მაგრამ მე მთავარ სისუსტეს სხვა სათამაშო რგოლში ვხედავ და ესაა დაცვა.

ჩემი აზრით, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ მატს ჰუმელსის გარდა, დღეს გერმანიის ნაკრების უკანა ხაზში ტოპ-კლასის მცველი არ არის. ბოატენგს ერთობ არათანაბარი სეზონი ჰქონდა. ამაში "დამნაშავე" ტრავმებიცაა.

აი, დაცვის ფლანგებზე კი გაცილებით რთული სიტუაციაა. აქეთ ჰექტორი, იქით, დიდი ალბათობით, ემრე ჯანი ან ვინმე სხვა. ჩემი აზრით, გერმანიის დევიზი ასეთი უნდა იყოს: "უნდა შევძლოთ და მეტოქეს იმაზე ერთით მეტი გოლი გავუტანოთ, ვიდრე ის გაგვიტანს".

შესაძლო დანაკლისი
ჩვენ ჯერაც არ ვიცით, როგორ ფორმაში შეხვდება ევროპის ჩემპიონატს ბასტიან შვაინშტაიგერი. ბოლო სეზონი მას იდეალური არ ჰქონდა - ადაპტაციის პროცესს გადიოდა "მანჩესტერში". დავამატოთ ამას ისიც, რომ თავად "იუნაიტედში" არ იყო სიტუაცია დალაგებული და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის.

გერმანიის ნაკრებში კი შვაინშტაიგერმა ზუსტად იცის, რა და როგორ უნდა აკეთოს. მას აქვს გამარჯვებულის ფსიქოლოგია. არის მოწოდებით ლიდერი. მე მას ხასიათით ლოთარ მათეუსს და შტეფან ეფენბერგს შევადარებდი.

გერმანიის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუნდაც ის, რომ შვაინშტაიგერი საპლეიოფო სტადიაზე მაინც გამოჩნდეს მინდორზე.

მთავარი პრობლემა
ჩემი აზრით, თუ დაცვაში არსებული პრობლემები მოგვარდა, გერმანიის ნაკრებს არ ექნება გადაუჭრელი პრობლემა. იოახიმ ლიოვმა, უპირველეს ყოვლისა, დაცვაში თამაში უნდა დაალაგოს.

მწვრთნელი
გერმანიაში მწვრთნელებს ხშირად არ ცვლიან, ეს ყველამ ვიცით. გამონაკლისი მხოლოდ 1998 წლის შემდეგ დატრიალებული ამბებია. ლიოვი უმაღლესი კლასის სპეციალისტია. ჩვენ გვახსოვს - სწორედ ის ადგენდა გუნდის ტაქტიკურ მონახაზს მაშინ, როცა გერმანიის ნაკრებს იურგენ კლინსმანი ხელმძღვანელობდა.

ლიოვთან ერთად გერმანიის ნაკრებმა არაერთი მწარე მარცხი იწვნია, მაგრამ მწვრთნელმა შეძლო და ფეხბურთელებს გამარჯვების რწმენა ჩაუნერგა. ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ გერმანიამ ბრაზილიური მუნდიალი დამსახურებულად მოიგო.

ჯგუფი
გერმანია ჯგუფიდან რომ უნდა გავიდეს, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს. ჩემი აზრით, პოლონეთთან და უკრაინასთან, თუნდაც რობერტ ლევანდოვსკის ფაქტორის ჩათვლით, გერმანიას პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ამ გუნდის ბრიტანული სტილიდან გამომდინარე, შეიძლება ცოტა სხვანაირად იყოს საქმე. თუნდაც ბოლო შესარჩევში გერმანიას შედარებით გაუჭირდა ბრიტანულ ნაკრებებთან, ირლანდიასთან და შოტლანდიასთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესო მთხრობელია (მოსაუბრეც) ვახო გეგელია
levan
16:05 27-05-2016
0

სიახლეები პოპულარული