ყველაზე ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2016-ზე

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებს რომელიმე დიდ საფეხბურთო ფორუმზე ისეთი ახალგაზრდული ნაკრები, როგორიც ევრო 2016-ზე მიავლინა, მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მერე არ ჰყოლია.

როი ჰოჯსონის 23-კაციანი ამალის საშუალო ასაკი 26 წელზე ნაკლებია, რაც ინგლისს საფრანგეთში მყოფ 24 ნაკრებში ყველაზე ახალგაზრდულ გუნდად აქცევს.

ჰოჯსონი ახალგაზრდებზე რომ გააკეთებდა აქცენტს, ამის პროგნოზირება უკვე რამდენიმე თვის წინათ შეიძლებოდა. ბოლო პატარა სიურპრიზი და ახალი ამბავი კი ნაკრებში მარკუს რაშფორდის გამოძახება გახლდათ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნორჩი ფორვარდი ევროპის ჩემპიონატზე რეგისტრირებულ 552 მოთამაშეს შორის ყველაზე ახალგაზრდაა - 18 წლის,
215 დღის. ინგლისელის მერე პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატო სანჩესი მოდის, რომელიც ერთი თვით უფროსია რაშფორდზე.

ინგლისს 23-კაციან განაცხადში ყველაზე მეტი - 7 ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც 23 წელს ქვემოთ არიან - ჰარი კეინი, როს ბარკლი, ერიკ დაიერი, ჯონ სტოუნსი (ყველა - 22 წლის), რაჰიმ სტერლინგი (21 წლის), დელე ალი (20 წლის) და რაშფორდი (18 წლის).

ჰოჯსონს ეიმედება, რომ ამ ახალგაზრდების ჟინი და ტალანტი კარგად შეერწყმება გამოცდილ მოთამაშეებს, როგორებიც უეინ რუნი, ჯო ჰარტი, გარი კეჰილი, ჯეიმს მილნერი და სხვანი არიან და ეს ყველაფერი იდეალურ სინთეზს გამოიწვევს და გამარჯვების ფორმულას შექმნის.

როგორი იქნება ძირითადი შემადგენლობა?
რა შემადგენლობით ითამაშებს ევრო 2016-ის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისი? ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი, ალბათ, ჯერ თავად ჰოჯსონსაც არ აქვს და ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შემდეგი ვარიანტი ვივარაუდოთ - უეინ რუნი, სავარაუდოდ, ნახევარდაცვაში დაიხევს, როგორც ამ სეზონამდე თამაშობდა.

კაპიტანს მისტერ როი სკამზე ვერ დასვამს და ვერც ჰარი კეინისა და ჯეიმი ვარდის წყვილს დაშლის, ვერც ერთს ვერ გაიმეტებს. შესაბამისად, ამ ყოველივეს ახალგაზრდა დელე ალი შეეწირება და ის მოგვიანებით შემოვა ხოლმე. ნახევარდაცვაში, რუნის გარდა, ვიხილავთ მშრომელ მილნერს, ფუსფუსა ადამ ლალანას და რეაქტიულ რაჰიმ სტერლინგს.

დაცვაში ფლანგებზე ტოტენჰემელები კაილ უოლკერი და დენი როუზი ითამაშებენ, მით უმეტეს, რომ რაიან ბერტრანდს ჯერ კიდევ მიკროტრავმა აწუხებს. თავის შანსს დაელოდება ნათანიელ კლაინიც. ცენტრში კეჰილის, სმოლინგისა და სტოუნსის სამეულიდან ჰოჯსონმა ორი უნდა აირჩიოს და შესაძლოა, არც ისე კარგ ფორმაში მყოფი სტოუნსი თავიდან სკამზე დასვას და ამით მოტივაციაც გაუღვივოს. კარში კი, რაღა თქმა უნდა, ჰარტი იდგება.

ცოტა სევდიანად სრულდება სეზონი დენი დრინკვოტერისთვის.

ნახევარმცველი მშვენივრად ბურთაობდა და "ლესტერის" გაჩემპიონებაში დიდი როლიც ითამაშა, მაგრამ ბოლო მომენტში ჰოჯსონმა მისი შემადგენლობიდან ამოგდება გადაწყვიტა.

ორმაგად სევდიანი დასასრული აქვს სეზონს ანდროს თაუნსენდისთვის, რადგან ბოლო პერიოდში მშვენივრად ათამაშდა, რამდენიმე ლამაზი გოლიც გაიტანა, მაგრამ მისი "ნიუკასლი" მაინც გავარდა და ახლა ნაკრებიდანაც ამოაგდეს. ფაბიან დელფისთვის კი მთელი სეზონი სევდიანი გახლდათ, მას ტრავმები არ შეეშვა და საბოლოოდ, ჰოჯსონმა სიიდან მისი გვარიც ამოიღო.

სწორედ ტრავმიანობის გამო ეჭვქვეშ დადგა დანიელ სტარიჯის საფრანგეთში გამგზავრების საკითხიც, ინგლისელთა თავკაცს მისი ფსიქოლოგიურ-ფიზიკური მდგომარეობა აეჭვებდა, მაგრამ "ლივერპულის" შემტევი განაცხადში დატოვა.

ფანები ჰოჯსონს დრინკვოტერს არ უწონებენ
თუ დელფისა და თაუნსენდის ამბავი დიდად მოულოდნელი არ გახლდათ, დრინკვოტერის ნაკრებს მიღმა დარჩენას ბევრი ვეღარც წარმოიდგენდა.

მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამაუწყებლო კორპორაციის გამოკითხვაში, სადაც გულშემატკივრებს არა 23, არამედ 11 მოთამაშე უნდა გამოერჩიათ ნაკრებისთვის, დრინკვოტერმა 358 ათასი ხმა მიიღო და მე-5 ადგილზე გავიდა. მას ალიმ (900 ათასი), ერიკ დაიერმა (673 ათასი), რუნიმ (580 ათასი) და სტერლინგმა (378 ათასი) გაასწრეს. დენიმ ბარკლიზე (322 000), მილნერზე (286 000), ლალანაზე (282 000), ჰენდერსონსა (230 000) და უილშირზე (253 000) მეტი ხმა აიღო.

აი, თაუნსენდისა (175 000) და განსაკუთრებით, დელფის (34 000) ჩამოშორებაში ჰოჯსონს ქომაგები ეთანხმებოდნენ. აღსანიშნავია, რომ რაშფორდმა თაუნსენდზე ნაკლები ხმა მიიღო (116 000).

შირერი აქებს და აკრიტიკებს
მოკლედ, ჰოჯსონის გადაწყვეტილებებმა მითქმა-მოთქმა მაინც გამოიწვია და გამოიწვევდა, რაც არ უნდა გაეკეთებინა მას. სიტყვაზე, ალან შირერი ნაკრების დამრიგებელს რაშფორდის წაყვანას უწონებს, მაგრამ კატეგორიულად აკრიტიკებს დრინკვოტერის დატოვების გამო. სხვათა შორის, შირერის ძირითადი 11-ეული ამ 23-ეულიდან თითქმის იდენტურია, როგორიც ჩვენ ვივარაუდეთ.

ორი სხვაობით, პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი ბოლომდე ახალგაზრდული შემადგენლობის მომხრეა და ნახევარდაცვაში მილნერი-ლალანას წყვილის ნაცვლად დაიერი-ალის ტოტენჰემური დუეტი ჰყავს. ნაკრების შირერისეულ ვერსიაში უეინ რუნის იმდენივე (110) მატჩი აქვს ნაკრებში ჩაატარებული, რამდენიც დანარჩენ 10 ფეხბურთელს ერთად...

"დრინკვოტერი ძალიან გულდაწყვეტილია და მართალიც არის. იგი მთელი სეზონის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, დიდებულად გამოიყურებოდა და ნაკრებში მოხვედრას იმსახურებდა.

ინგლისმა კიდევ ერთხელ რეპუტაციასა და სახელს მიაქცია ყურადღება და არა სათამაშო ფორმას. იმედია, ჰოჯსონი თავის გადაწყვეტილებას არ ინანებს" - თქვა შირერმა, რომელმაც ამ სიტყვებით, სავარაუდოდ, პირველ რიგში უილშირის ნაკრებში ყოფნას გაუსვა ხაზი, რომელსაც გასულ პრემიერლიგაში სულ 141 წუთი აქვს ნათამაშები, დრინკვოტერი კი პრემიერლიგის სენსაციური ჩემპიონი გახდა.

რაშფორდი ზღაპარში
ისევ რაშფორდს დავუბრუნდეთ, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად გუნდში დებიუტი სულ რაღაც თებერვალში ჰქონდა და ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება. ცოტა ხნით მისმა ზღაპარმა ჯეიმი ვარდის თავგადასავალიც კი გადაფარა. 18 წლის თავდამსხმელმა სანაკრებო დებიუტი ავსტრალიასთან ამხანაგურ შეხვედრაში გოლით აღნიშნა, რომლის გასატანადაც 2 წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდა.

"ფლეტჩერ მოს რეინჯერსის" მდივანი და მწვრთნელი რონ ჯეიმისონი სიამაყით იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც რაშფორდი იქ ირიცხებოდა (6-9 წლის ასაკში).

"ამაზე უკეთეს სცენარს ვერ დაწერდი. ეს ყველაფერი ამ ბიჭის თავს ხდება და ნამდვილ ზღაპარს ჰგავს. მარკუსი ქუჩაში ბურთს აგორებდა და თასის ფინალში თამაშზე ოცნებობდა. მას ცოტათი გაუმართლა კიდეც, მაგრამ ეს შემთხვევითი არ არის და ყველაფერი დაიმსახურა. უკეთესს ამ მშვენიერ ბიჭს ვერც უსურვებდი. მას მესიჯი მივწერე და ვუთხარი, რომ ყოველი წუთით ესიამოვნა. სამადლობელო პასუხიც მივიღე და ვნახე სურათები, სადაც ის და ჯესი ლინგარდი, ჩვენი კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე, ასოციაციის თასის მოგებას ზეიმობენ" - თქვა ჯეიმისონმა.

თანაც, ის თასი "მანჩესტერმა" სწორედ ლინგარდის გოლით მოიგო, რომლის ადგილიც ამ ეტაპზე ნაკრებში არ აღმოჩნდა. ჯეიმისონმა ისიც გაიხსენა, როგორ იღებდა ხოლმე სამახსოვრო სურათებს რაშფორდი უფროს ფეხბურთელებთან, რომელთა უმეტესობაც ახლა სად არის, არავინ იცის. მარკუსი კი ნაკრების ერთ-ერთი ახალი იმედია.

ზოგადად, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ განაცხადში "ტოტენჰემის" ამდენი ფეხბურთელია, არც არის გასაკვირი, რომ ინგლისელებს ყველაზე ახალგაზრდული ნაკრები ჰყავთ, რადგან "დეზებს" გასულ პრემიერლიგაში, საშუალოდ, ყველაზე ახალგაზრდული ძირითადი შემადგენლობა ჰყავდათ ხოლმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
1988 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს და მხოლოდ ერთხელ 1996 წელს მახსენდება რომ მწვრთნელმა (ვენეიბლზი) შედარებით ნორმალური, არასწორხაზოვანი ტაქტიკით ათამაშა ინგლისი, დანარჩენ შემთხვევაში მუდმივად , უაზროდ კეთდებოდა აქცენტი ფლანგის,სწრაფ, მაგრამ მოკლე სათამაშო დიაპაზონის ფეხბურთელებზე, რასაც შედეგი არ მოაქვს. ახლა თითქოს რედნაპი ცდილობს ე.წ ბრიტანულ სტილს გაექცეს მაგრამ მაინც ექცევა ინგლისური პრესის, ქომაგების და ფეხბურთის ასოციაციის გავლენის ქვეშ. დრინკვოთერი როგორ არ წაიყვანა, მასEთი ჩამშლელი ახლა არ ყავს ინგლისს და ძალიან გამოადგებოდა.რუნის ვერ დასვამს კი არა, უნდა დასვას სკამზე, არაა რუნი კეინზე და ვარდიზე უკეთესი ფორვარდი და მითუმეტეს არაა დელე ალიზე და დრინკვოთერზე კარგი ჩამშლელი
levan
11:01 02-06-2016
0
ამის ავტორს წარმოდგენა არ აქვს ინგლისის ნაკრებზე! რუსული საიტებიდან ამოკრეფილი ინფორმაციებია და ამას უწოდებენ ჩვენთან სპორტულ ჟურნალისტიკას. ჯერ ერთი ორივე წყვილს, კეინს და ვარდის ერთად არ ათამაშებს, მერე ლალანას და მილნერს ერთად ძირიტადში არ დააყენებს, ალის კი ძირითადში დააყენებს.სტრელინგს კი არ დააყენებ თავიდან ძირიტადში.
საერთოდ თუ უყურა ამის ავტორმა წელს პრემიერლიგას ან ნაკრების თამაშებს? ასევე სავარაუდოა, რომ დაიერსაც ნახევარდაცვაში მეტ დროს მისცემს.ისე კი მეშინია, რომ ამ მწვრთნელმა, წინამორბედების მსგავსად ძველ სასტავზე გააკეთოს აქცენტი: რუნი, მილნერი, ჰენდერსონი...ჩემი აზრით, ჰენდრსონი ამოსაგდები იყო და დრინკვოუტერი უნდა წაეყვანა. საიდან ამოთხარა ეს უილშირი?!
ynwa
11:11 02-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული