ჩვენც გავეცნოთ უცხოურ პრესაში გაჩენილ "სახიფათო" სტატიებს და იმედი დავიტოვოთ, რომ ევრო 2016 მშვიდობიანად ჩაივლის.
ბევრი მუქარა გაისმა მარსელის მისამართით.
მაგალითად, ბრიტანული გამოცემა Sun-ი ასეთი სათაურით დაიბეჭდა: "ისლამური სახელმწიფო" ინგლისელი გულშემატკივრების აფეთქებას აპირებს, როცა მათი გუნდი რუსეთის წინააღმდეგ ითამაშებს".
სტატიაში სიტუაცია მეტად დამძიმებულია: თავდამსხმელები ფეთქებადი, ცეცხლსასროლი იარაღის და უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებასაც კი აპირებენო! ეს ინფორმაცია ინგლისელმა ძალოვნებმა სალაჰ
შეგახსენებთ, რუსეთი-ინგლისის დაპირისპირება მარსელში 11 ივნისსაა დაგეგმილი. ინგლისის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს განსაკუთრებით ის აღელვებს, რომ ბრიტანელ ფანებს ლუდის მირთმევა უყვართ სტადიონთან მდებარე ფან-ზონებში და მის მიღმაც:
- სტადიონის მიმდებარე ტერიტორია და ფან-ზონები გაკონტროლდება. განსაკუთრებით, ქალაქის არასაფეხბურთო ტერიტორიები გვაფიქრებს. გულშემატკივრებით გავსებული ბარები თავდასხმისთვის მოსახერხებელი სამიზნეა. თუმცა ფრანგებთან ერთად სერიოზულად ვმუშაობთ ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოებაზე.
Sun-ის პუბლიკაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ სალაჰ აბდესლამის კომპიუტერში იყო მარსელის ძველი პორტის ფოტოები. სწორედ ამ ადგილას იგეგმება ფანების თავმოყრა. ეს რომ ასე იქნება, ორი აზრი არ არსებობს - ძველი პორტი მარსელის ცენტრია, უამრავი ბარითა და რესტორნით. მაგალითად, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისას სწორედ ძველ პორტთან იმართებოდა სახალხო სეირნობა.
რაც შეეხება სალაჰ აბდესლამს, მაროკოული წარმოშობის ბელგიელს სპეცსამსახურებმა 15 მარტს ბრიუსელში მიაგნეს, სადაც იგი იმალებოდა ერთ-ერთ ბინაში, რომელშიც მეზობლებს ეგონათ, რომ არავინ ცხოვრობდა. ტერორისტი სპეცსამსახურებს გაექცათ, თუმცა კომპიუტერი თან ვერ წაიღო. სამი დღის შემდეგ ფეხში დაჭრილი სალაჰ აბდესლამი მოლენბეკში აიყვანეს.
ზემოთ ნახსენები კომპიუტერი ფრანგულ ტელეარხ BFMTV-ის გადაცემაშიც ფიგურირებდა. გგონიათ, მხოლოდ მარსელის შესახებ იყო ინფორმაცია? გადაცემაში დასახელდა რამდენიმე წერტილი, რომელიც შეიძლებოდა ტერორისტების სამიზნედ ქცეულიყო: დეფანსის რაიონი ჩრდილო-დასავლეთ პარიზში, რომელზე იერიშიც დრონით იგეგმებოდა; ტულუზის აეროპორტის ტერიტორია; ევროპარლამენტის შენობა სტრასბურში.
კიდევ უფრო შორს წავიდა ტელეარხი France 3 Midi-Pyrenees-ი, რომლის სათავო ოფისი ტულუზშია განთავსებული. იგი ფრანგულ დაზვერვაზე (რომელიც ტერორისტების საიტებს იკვლევდნენ) დაყრდნობით, კიდევ უფრო მეტ ობიექტს ასახელებდა. მათ შორის იყო ნავთობპროდუქტების საცავი ლიონში და მუზეუმი ლილში.
გადავინაცვლოთ ბელგიაში, სადაც ბრიუსელის 22 მარტის ტერაქტების შემდეგ ნაგვის ყუთში კომპიუტერი იპოვეს. იგი ძმებს, იბრაჰიმსა და ჰალიდ ელ-ბაკურის ეკუთვნოდა. სწორედ მათ აიფეთქეს თავი ბრიუსელში. კომპიუტერში პარიზის უბან დეფანსში დაგეგმილ შეტევაზეც იყო ინფორმაცია.
ასეთი დამაფიქრებელი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ უცხოური მედია გვამშვიდებს: საფრანგეთში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია და ტერაქტების შიშით საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ წასვლაზე უარის თქმა არ შეიძლებაო.
სტატისტიკოსების აზრი: თასი საფრანგეთს ან გერმანიას
ინსბრუკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს სტატისტიკის სქემა, რომლის მიხედვითაც მარტივდება ევროპის ჩემპიონატის შედეგების გამოცნობა.
მათი თქმით, ჩემპიონობის ყველაზე კარგი შანსი საფრანგეთსა და გერმანიას აქვთ. ინსბრუკელებმა სტატისტიკური თეორიებისთვის მოიშველიეს 19 საბუკმეკერო კანტორა.
სხვა მეცნიერები კი ამბობენ, რომ ავსტრიელების კვლევა საინტერესოა, მაგრამ იდეალურისგან მაინც შორსაა.
კრიშტიანო რონალდო ყველაზე ძვირია
სააგენტო Bloomberg-მა შეადგინა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სია. ლიდერი, რა თქმა უნდა, პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდოა. მისი ფასი 116 მილიონი ევროა.
მეორეა გერმანიის ნაკრების ფორვარდი თომას მიულერი - 79 მილიონი. მისივე თანაგუნდელი "ბაიერნში" რობერტ ლევანდოვსკი ოდნავ იაფია - 74 მილიონი ევრო. სწორედ ამდენად ფასობს ბელგიის ნაკრების შემტევი ედენ აზარი.
* * *
გუნდების ფასს არ იკითხავთ? რომელი გუნდია დაკომპლექტებული ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელებით? სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, ესაა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები. ამ გუნდის 23 ფეხბურთელის საერთო ღირებულება 736 (!) მილიონ ევროს შეადგენს.მეორეა მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრები (663 მილიონი), მესამე - მასპინძელი ფრანგები (551).
ტოპ-ღირებულების ნაკრებთა ათეულში ასევე მოხვდნენ: ბელგია, ინგლისი, იტალია, პორტუგალია, ხორვატია, თურქეთი.
ყველაზე იაფი უნგრეთის ნაკრებია - 31 მილიონი ევრო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"