ევრო 2016: თავისუფალი აგენტები ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე თავისუფალი აგენტი ან ისეთი ფეხბურთელი ითამაშებს, თავისი კლუბიდან წასვლა გადაწყვეტილი რომ აქვს. რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ახალი გუნდი იპოვონ და თან სოლიდური კონტრაქტიც გაირტყან.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი
თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს თავი ქუდში აქვს. ძალიან ბევრი საინფორმაციო საშუალება პირდაპირ წერს იმის თაობაზე, რომ მორჩება თუ არა კონტინენტის პირველობა, ზლატანი აუცილებლად გააფორმებს კონტრაქტს "მანჩესტერ იუნაიტედთან".

ნებისმიერ შემთხვევაში, შვედი, რომელმაც უკვე ოფიციალურად დატოვა "პარი სენ-ჟერმენი", ტურნირის ყველაზე ცნობადი თავისუფალი აგენტია. ვინ იცის, რა სიურპრიზს გვიმზადებს
იბრაჰიმოვიჩი თავის შვედეთთან ერთად.

გიოკჰან გიულერი
წლების განმავლობაში თურქული "ფენერბაჰჩეს" ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა, თუმცა ბოლო დროს კლუბში უცხოელი ფეხბურთელების მოზღვავების გამო სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა და კლუბის დატოვება ამჯობინა.

ევროპის ჩემპიონატი მისთვის ძალიან კარგი შანსია. მით უმეტეს, დიდი ალბათობით, ის თურქეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იქნება დაცვის მარჯვენა ფლანგზე.

სხვათა შორის, თავის დროზე ამ მცველს ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. 2008 წელს ის მსოფლიოს 15 უძლიერეს ფლანგელ მცველს შორის მოხვდა.

რიკარდო კარვალიო
ვეტერანი მცველი მისთვის მეოთხე ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. დიდი ალბათობით, ის სათადარიგო იქნება, რადგან პორტუგალიელთა ცენტრალური მცველები, ბრუნო ალვეში და პეპე დიდებულ ფორმაში არიან.

კარვალიომ "რეალიდან" წასვლის შემდეგ "მონაკოსთან" გააფორმა კონტრაქტი და სამი წლის განმავლობაში ერთგულადაც ემსახურა გუნდს, მაგრამ ახლა კონტრაქტის ვადა ამოიწურა. ადვილი შესაძლებელია, 38 წლის ვეტერანი ერთი სეზონით ისევ სამთავროს გუნდში დარჩეს.

სტივ მანდანდა
საფრანგეთის ნაკრების მეკარემ სულ ცოტა ხნის წინ წერტილი დაუსვა "მარსელში" მის რვაწლიან კარიერას. მანდანდა საფრანგეთში მხოლოდ ნაკრების ძირითადი მეკარის, უგო ლორისის ტრავმის ან დისკვალიფიკაციის შემთხვევაში თუ ითამაშებს.

და მაინც, უკვე იმდენი ხანია ეს მეკარე მაღალ დონეზე თამაშობს, რომ ევროპელ სელექციონერებს მისი "აღმოჩენა" ნამდვილად არ სჭირდებათ.

ტომაშ როსიცკი
იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჩეხი ნახევარმცველი და ლონდონის "არსენალი ერთმანეთს არასოდეს დაშორდებოდნენ, მაგრამ ამ ცხოვრებაში ოდესღაც ყველაფერი მთავრდება. როსიცკის კონტრაქტი "მეთოფეებთან" დასრულებულია.

ჩეხეთის ნაკრების მიერ გამართულმა ბოლო ამხანაგურმა მატჩებმა გვიჩვენა, რომ როსიცკი კვლავ ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია გუნდისათვის და რომ მის თამაშს წლები ბევრს ვერაფერს აკლებს.

მეჰმეთ თოფალი
თურქეთის ნაკრების 30 წლის ფეხბურთელისა და "ფენერბაჰჩეს" შორის გაფორმებული კონტრაქტი ამ ზაფხულს დასრულდა. თურქული კლუბი და მოთამაშე მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ შემდგარა.

ნებისმიერ შემთხვევაში, თოფალს ახალი გუნდის მოძებნა არ გაუჭირდება. ის თურქეთის ნაკრების ლიდერად მიიჩნევა არდა თურანთან ერთად და ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად ექნება თავის წარმოჩენის შანსი.

ვოიცეხ შჩესნი
პოლონელს თავიდანვე უდიდეს ტალანტად მიიჩნევდნენ, არსენ ვენგერმა მას ფართოდ გაუღო "არსენალის" კარი. ვოიცეხმა კი რამდენიმე ბავშვური შეცდომა დაუშვა. ვენგერმა ჯერ კოლუმბიელი ოსპინას სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, მერე კი სულაც პეტრ ჩეხი გადაიბირა "ჩელსიდან".

შჩესნი მივიდა "რომაში" და ვერ ვიტყვით, რომ დედაქალაქელთა რიგებში გაიბეწყინა. ალბათ, ეს თუა იმის მიზეზი, რომ რომაელები მასთან კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობენ.

რომან ნოიშტედტერი
ცოტა ხნის წინ "შალკეს" ფეხბურთელმა რუსეთის ნაკრებში ასპარეზობის გადაწყვეტილება მიიღო. "შალკესთან" მისი კონტრაქტი სრულდება, თუმცა რამდენიმე რუსული კლუბი მზადაა, ნოიშტედტერთან კონტრაქტი გააფორმოს.

ამ უნივერსალ ფეხბურთელს, რომელმაც მთელი კარიერა გერმანიაში გაატარა, თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც ნახევარდაცვაში, ისე დაცვის ცენტრში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული