ევრო 2016. A ჯგუფი. ალბანეთი-შვეიცარია: შერი, ზომერი და სამი ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
* ალბანეთის ნაკრებს დებიუტი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატებზე.
* ევრო 2016-ზე პირველი გაძევებული ფეხბურთელი ალბანელი ლორიკ ცანაა.
* პირველად ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს ძმებმა - ალბანელმა ტაულანტ ჯაკამ და შვეიცარიელმა გრანიტ ჯაკამ.
* შვეიცარიის ნაკრების 11 სასტარტო ფეხბურთელიდან 5-ს ალბანური (კოსოვოური) ფესვები აქვს.
* ალბანეთის ნაკრების 11 სასტარტო ფეხბურთელიდან 4 დაბადებულია და გაზრდილია შვეიცარიაში.
* ალბანეთის ნაკრებს შვეიცარიასთან უკვე 7 მატჩია არ მოუგია.
* ცანას გაძევება ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში უსწრაფესებში მეხუთე ადგილზეა. ეს 37-ე გაძევებაა ევროპის ჩემპიონატებზე.
* ფაბიან
შერმა ნაკრებში 21 თამაშში 6 გოლი გაიტანა, რაც მცველისთვის დიდებული შედეგია.

დებიუტანტ ალბანეთთან მატჩში შვეიცარიის ნაკრებმა სავსებით დაიმსახურა გამარჯვება, მაგრამ ბოსნიელი ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი კინაღამ დაისაჯა იმის გამო, რომ მეტოქე ბოლომდე არ დაჩაგრა. ფინიშამდე სამიოდე წუთით ადრე შკელზენ გაში მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ შვეიცარიელთა მეკარემ სასწაული ჩაიდინა.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ამ მატჩში შვეიცარია აშკარა ფავორიტი იყო. პეტკოვიჩის გუნდმა 4-2-3-1 სქემა აირჩია. ცენტრფორვარდად ჰარის სეფეროვიჩი ირჯებოდა, რომელმაც ოთხჯერ გამოსცადა ბერიშა, მაგრამ ალბანელთა გოლკიპერმა ოთხჯერვე მოუგო ფორვარდს დუელი.

შაქირი-ჯემაილი-მეჰმედის ტრიოს უკან ბეჰრამი და გრანიტ ჯაკა ირჯებოდნენ. კარგი იყო ჯემაილი, რომლის საჯარიმო დარტყმაც პირველ ტაიმში ძელმა აისხლიტა. აქტიურობდნენ დაცვის ფლანგის მოთამაშეები, ლიხტშტაინერი და როდრიგესი.

ალბანეთმა 4-3-3 აირჩია, სადიკუს მარცხნიდან ლენიანი ეხმარებოდა (იგი საკმაოდ აქტიურიც იყო და ხშირად ცდილობდა დრიბლინგით ფონს გასვლას), ხოლო მარჯვნიდან - როში. ტაულანტ ჯაკა შუა ხაზში ირჯებოდა და ძმასთან, გრანიტთან დუელი ხშირად უხდებოდა.

მეორე ტაიმში პეტკოვიჩმა საფეხბურთო სამყაროს თინეიჯერი ბრელ ემბოლო გააცნო. კამერუნული წარმოშობის ფორვარდი მართლაც იმსახურებს ცალკე აღნიშვნას, მან ნახევარ საათშიც კი კარგად წარმოაჩინა თავისი პოტენციალი. აი, ალბანელთა რიგებში შეცვლაზე შესულ გაშის კი, რომელიც აშშ-ში თამაშობს, სულაც ერის გმირობა შეეძლო, ბოლო წუთებზე ზომერისთვის რომ ეჯობნა.

შვეიცარიის ნაკრები კომბინაციურ, შემტევ ფეხბურთს თამაშობდა, ალბანელთა ტაქტიკა კი შორეულ პასებზე და ელვისებურ კონტრშეტევებზე იყო აგებული. გამარჯვებულ გუნდში უფრო დატვირთული იყო მარცხენა ფლანგი, სადაც უფრო ხშირად რიკარდო როდრიგესი და ადმირ მეჰმედი (მერე ემბოლო) მოქმედებდნენ.

გოლი
0:1 - მე-5 წუთზე ჯერდან შაქირიმ კუთხური მოაწოდა, ბერიშა უაზროდ გამოვიდა წინ და ფაბიან შერმა ლამის ცარიელ კარში გაიტანა თავური. ეს იყო ბერიშას ერთადერთი შეცდომა მატჩში, მაგრამ საბედისწერო.

მატჩის მერე
ჯანი დე ბიაზი (ალბანეთი): "კარგი სტარტი ძალიან გვჭირდებოდა, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. დებიუტანტები ვიყავით და თავიდან დიდ ზეწოლას ვგრძნობდით, პირველი ოცი წუთი ცუდად ვითამაშეთ. როცა გოლს უშვებ, კიდევ უფრო რთულდება საქმე. მატჩის მთავარი მომენტები გოლი, გაძევება იყო, რომელიც სამწუხაროდ, სამართლიანი გახლდათ და გაშის მომენტი იყო. დღეს ბედი არ გვწყალობდა".

ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარია): "ემოციებს კარგად ვაკონტროლებდით. ვფიქრობ, პირველი ოცი წუთი უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე შემდეგში. მას მერე, რაც ალბანეთი ათი კაცით დარჩა, ჩვენ ბევრი მომენტი გავანიავეთ".

მატჩი გმირი
უეფას ოფიციალურმა საიტმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "არსენალის" ახალწვეული გრანიტ ჯაკა დაასახელა, რომელმაც მართლაც ბევრი იშრომა საყრდენის პოზიციაზე.

უმცროს ჯაკასთან ბოდიში, მაგრამ ჩვენ მატჩის გმირად იან ზომერს დავასახელებთ, რომლის ანგარიშზე სულ ორი "სეივია", მაგრამ გაშის მან პირისპირ გასვლისას, მატჩის მიწურულს აუღო და შვეიცარიას ორი ქულა წყალში არ ჩაუყარა. ასე რომ, სამიდან ორი ქულა პირადად "გლადბახის" 27 წლის გოლკიპერის დამსახურებაა. ასევე დიდებული იყო მისი პირველი "სეივი" 31-ე წუთზე, როცა სადიკუს საგოლე დარტყმა არანორმალური რეაქციის გამოვლენით აუღო. ჩვენი გმირიც ის არის.

მსაჯი
ესპანური ბრიგადა, ველასკო კარბალიოს ხელმძღვანელობით, ხშირად სცოდავდა, თუმცა მატჩის შედეგზე ამ მცირე შეცდომებს გავლენა არ მოუხდენია და ესეც კარგია. ლორიკ ცანა გასაძევებელი იყო, რადგან მეორე ეპიზოდში მართლაც განზრახ ითამაშა ხელით.

დასკვნა
საბოლოო ჯამში, მოიგო იმან, ვისაც უნდა მოეგო. შვეიცარიის ნაკრები ობიექტურად უფრო ძლიერი გუნდია და ამ შეხვედრაშიც უკეთესი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა. ვინ იცის, რა მოხდებოდა, პირველივე ტაიმში ალბანელთა კაპიტანი ლორიკ ცანა რომ არ გაეძევებინათ, რადგან ფაქტია, ბოლოსკენ ალბანეთის ნაკრებმა მოუმატა და მეტოქის ნახევარსაც გაუთამამდა.

whoscored.com-ის ტოპ-5
ფაბიან შერი შვე. 8,6
ჯერდან შაქირი შვე. 8,1
იან ზომერი შვე. 7,7
გრანიტ ჯაკა შვე. 7,7
ეტრიტ ბერიშა ალბ. 7,6

თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 1 1 0 0 2-1 3
2. შვეიცარია 1 1 0 0 1-0 3
3. რუმინეთი 1 0 0 1 1-2 0
4. ალბანეთი 1 0 0 1 0-1 0

II ტური
15 ივნისი
რუმინეთი-შვეიცარია 20:00
საფრანგეთი-ალბანეთი 23:00

11 ივნისი. "სტად ბოლარ-დელელისი"
ალბანეთი-შვეიცარია 0:1
გოლი: 0:1 შერი (5. შაქირი)
ალბანეთი (4-3-3): ბერიშა - ჰიუსაი, ცანა, მავრაი, აგოლი - აბრაში, კუკელი, ტ. ჯაკა (62. კაჩე) - როში (74. ციკალეში), სადიკუ (82. გაში), ლენიანი
შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ლიხტშტაინერი, შერი, ჯურუ, როდრიგესი - ბეჰრამი, გ. ჯაკა - შაქირი (88. ფერნანდეში), ჯემაილი (76. ფრაი), მეჰმედი (62. ემბოლო) - სეფეროვიჩი
გაფრთხილება: ცანა, კაჩე, კუკელი, მავრაი - შერი, ბეჰრამი
გაძევება: ცანა (36)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 7-17 (2-7); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 33 805

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული