ევრო 2016. B ჯგუფი. ინგლისი-რუსეთი: ბოლო წამების დრამა "ველოდრომზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
* ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 25 წელი და 293 დღე გახლდათ. ეს ინგლისელთა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული თერთმეტეულია ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.
* ერიკ დაიერი "ტოტენჰემის" მე-8 ფეხბურთელია, რომელმაც დიდ ტურნირზე ინგლისის მაისურით გოლი გაიტანა. ეს ყველა სხვა კლუბზე უკეთესი შედეგია.
* 2006 წელს ეკვადორის კარში დევიდ ბექჰემის მიერ გატანილი გოლის მერე დაიერი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ინგლისისთვის პირდაპირ ჯარიმიდან შეაგდო (იგულისხმება ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატი).
* დაიერს "ტოტენჰემში" ჩატარებულ 65 მატჩში ჯარიმის დარტყმა არც ერთხელ უცდია.
* ჰარი კეინი მეტოქის
საჯარიმოში ბურთს არც ერთხელ არ შეხებია.
* ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ ბოლო 16 მატჩში რუსეთს კარი მშრალად მხოლოდ ორჯერ აქვს შენახული.

ასეთი უცნაური ან გენებოთ, განსხვავებული ინგლისის ნაკრები დიდი ხანია, არ გვინახავს. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს მომავლის გუნდია და 2-4 წელიწადში დაღვინებული იქნება. თუმცა ბევრი ინგლისელებს ამჟამადაც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად თვლის. როი ჰოჯსონის ბიჭებს ცუდად ნამდვილად არ უთამაშიათ და წესით, მოგებაც ეკუთვნოდათ, მაგრამ რაღაც მაინც დააკლდათ… მარილი ან... ვარდის სურნელი.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
როი ჰოჯსონმა მინდორზე ისეთი შემადგენლობა გამოიყვანა, როგორიც ალან შირერს სურდა. ერთი სხვაობით, შირერის ნაკრებში ვარდი ძირითად შემადგენლობში იყო, მაგრამ გამოცდილმა სპეციალისტმა ორი გამოკვეთილი თავდამსხმელით თამაში ვერ გარისკა და წინ მხოლოდ ჰარი კეინი გაამწესა, რომელსაც ფლანგებიდან რაჰიმ სტერლინგი და ადამ ლალანა ეხმარებოდნენ. სამაგიეროდ, ნახევარდაცვაში ახალგაზრდებს მისცა გასაქანი და კაპიტან უეინ რუნის დელე ალი და ერიკ დაიერი შეუამხანაგა. დაცვის ცენტრში კი სმოლინგი-კეჰილის წყვილი ვიხილეთ, სტოუნსის დაყენება მისტერ როიმ საჭიროდ არ ჩათვალა.

ცუდად საქმე არ მიდიოდა. მართალია, მკაცრები თუ ვიქნებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კეინმა მატჩი ჩააგდო, მაგრამ სამაგიეროდ, ლალანა დაძვრებოდა და გოლის გატანის შანსებიც ჰქონდა, თუმცა ინგლისელების პრობლემა ის იყო, რომ პირდაპირ იქ ურტყამდნენ, სადაც იგორ აკინფეევი იდგა, რუსების მეკარე კი შეცდომას არ უშვებდა. მეტიც, ერთხელ აკინფეევმა რუნის ურთულესი ბურთიც აუღო.

სტერლინგის აქტიურობას შედეგი ნაკლებად მოჰქონდა და რაჰიმმა ბურთიც დაკარგა რამდენჯერმე. მიუხედავად ამისა, ჰოჯსონმა იგი მინდორზე 87-ე წუთამდე დატოვა.

ჩანაფიქრი შემდეგში იყო - სხარტ და ტექნიკურ სტერლინგს რუსთა არც ისე სწრაფი და ვეტერანი მცველები უნდა დაექანცა.

ლეონიდ სლუცკიმ კი ის გააკეთა, რაც შეეძლო. მას გარკვეული საკადრო პრობლემებიც აქვს და ალბათ, იდეალური შემადგენლობითა და ტაქტიკით ითამაშა. რუსების სქემა ფურცელზე 4-2-3-1 გახლდათ, მაგრამ რეალურად 4-5-1-ს უფრო ჰგავდა. არტიომ ძიუბა, ფაქტობრივად, უბურთოდ იყო და ვერც ოლეგ შატოვი აქტიურობდა ჩვეულად. რუსეთი მაქსიმალურად ფრთხილად, დაცვიდან თამაშობდა, მათ შორის, გაშვებული ბურთის მერეც. რეალური მომენტი სლუცკის ბიჭებს ბოლო წამებამდე არ ჰქონიათ, მაგრამ ერთბურთიანი ჩამორჩენა მათ მაინც იმედიანად ტოვებდა და საბოლოოდ, თავისას მიაღწიეს კიდეც.

ისე, შირერი ვახსენეთ და ალანს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ ასრულებს კუთხურებს კეინი - ჰარი კუთხურების დროს საჯარიმოში იყოს ხოლმე, ყველასთვის უკეთესი იქნებაო.

გოლები
1:0 - 73-ე წუთზე საჯარიმოს ხაზთან დანიშნული ჯარიმის დარტყმა მოულოდნელად, ერიკ დაიერმა ითავა და თურმე ამას მიზეზი ჰქონია. ახალგაზრდა ნახევარმცველმა უძლიერესი გასროლით "გახვრიტა" აკინფეევი, რომელსაც ბურთმა გვერდზე კი ჩაუარა, მაგრამ დარტყმა იმდენად ძლიერად განხორციელდა, რომ რუსთა გოლკიპერის გამტყუნება არ გამოგვივა.

1:1 - მეორე დამატებულ წუთზე ინგლისელთა კართან კუთხური დაინიშნა, რომელიც ინგლისელებმა თითქოს, მოიგერიეს, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და შჩენნიკოვის ჩაწოდების მერე რუსთა კაპიტანმა ვასილი ბერეზუცკიმ საჰაერო ბურთი ბრძოლაში მოიგო და შორეულ კუთხეში ჩაუშვა. ჯო ჰარტი უძლური იყო.

კომენტარები
როი ჰოჯსონი (ინგლისი): "როდესაც ფინიშამდე წუთით ადრე უშვებ, ცხადია, ძალიან გულდასაწყვეტია. კარგად ვითამაშეთ და ვიგებდით კიდეც, მაგრამ გავუშვით და ეს ფრე წაგებასავითაა, რადგან უკვე ზეიმისთვის ვემზადებოდით. ერთადერთი მონაკვეთი, როდესაც რეალურად აგვერია თამაში, მეორე ტაიმის პირველი 15 წუთი გახლდათ. სხვა მხრივ, თამაშს მთლიანად ვაონტროლებდით და სამწუხაროა, რომ ვერ ვიმარჯვეთ".

ლეონიდ სლუცკი (რუსეთის ნაკრები): "ჩემმა ფეხბურთელებმა გუნდურად ითამაშეს და მებრძოლი სული გამოიჩინეს. ამ რთულ შეხვედრაში ქულა ავიღეთ, რაც მშვენიერია. ინგლისი დომინირებდა და ვიცოდით, რომ მეტოქე შემტევ და აგრესიულ ფეხბურთს შემოგვთავაზებდა. გარდა ამისა, ინგლისი მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი გუნდია. რთული იყო, მაგრამ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ნაკრების ახალმა სახეეებმა რომან ნოიშტედტერმა და ალექსანდრ გოლოვინამ იმ ხარისხის ფეხბურთი აჩვენეს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზეა საჭირო".

მატჩის გმირი
მართალია, "ტოტენჰემის" ფეხბურთელის გოლი მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა, მაგრამ ერიკ დაიერი სხვა მხრივაც შეუდარებელი გახლდათ. ამ შემთხვევაში, უეფასა და ჩვენი ვერსია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელთან დაკავშირებით თანხვედრაში მოდის. ერიკი მრავალმხრივი მოთამაშეა და თავი იმდენად კარგად წარმოაჩინა, რომ დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში ადგილს შეინარჩუნებს.

კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც განსაკუთრებულ გამორჩევას იმსახურებს, დაიერის თანაკლუბელი კაილ უოკერია, ვინც ძალიან აქტიური და მწვავე გახლდათ. იგი მუდმივად შეტევებში ერთვებოდა და თამამად და ტექნიკურად თამაშობდა.

მსაჯი
იტალიელ ნიკოლა რიცოლისა და მის ბრიგადაზე სათქმელი ბევრი არაფერია. არბიტრებთან პრეტენზია, წესით, არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს.

დასკვნა
ინგლისს დიდი ტურნირების პირველი მატჩის კარგად ჩატარება, როგორც წესი, უჭირს ხოლმე. ამ ახალგაზრდულმა და სახეცვლილმა ნაკრებმა ევრო 2016-ის პირველი შეხვედრა საკმაოდ კარგად ჩაატარა, მაგრამ უფრო პირველი ტაიმი და მეორე ნახევრის 20-25-წუთიანი მონაკვეთი. ჰოჯსონმა შემადგენლობასა და ტაქტიკას უნდა გადახედოს და ჯეიმი ვარდის მისცეს შანსი.

ნახევარდაცვაში ალი-დაიერი-რუნის სამეულმა თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა ალი პირველ ტაიმში ძალიან აქტიური გახლდათ, მეორეში კი ნაკლებად და აქაც არის სხვა ვარიანტები, როგორც ჯეიმს მილნერის დაყენება, ასევე, წინ სხვა შემტევის გამოჩენა და ადამ ლალანას ცოტა უკან დახევა. თავის შანსს დაელოდება დანიელ სტარიჯიც და ვუნდერკინდი მარკუს რაშფორდიც. პოტენციალი ინგლისელებს ნამდვილად აქვთ, მთავარია, როგორ გამოიყენებენ მას.

whoscored.com-ის ტოპ-5
ვასილი ბერეზუცკი რუს. 7,9
ერიკ დაიერი ინგ. 7,9
კაილ უოკერი ინგ. 7,7
კრის სმოლინგი ინგ. 7,4
უეინ რუნი ინგ. 7,4

თ მ ფ წ ბ ქ
1. უელსი 1 1 0 0 2-1 3
2. რუსეთი 1 0 1 0 1-1 1
3. ინგლისი 1 0 1 0 1-1 1
4. სლოვაკეთი 1 0 0 1 1-2 0

II ტური
15 ივნისი
რუსეთი-სლოვაკეთი 17:00
16 ივნისი
ინგლისი-უელსი 17:00

11 ივნისი. მარსელი. "ველოდრომი"
ინგლისი-რუსეთი 1:1
გოლები: 1:0 დაიერი (73), 1:1 ვ. ბერეზუცკი (92. შჩენნიკოვი)
ინგლისი (4-3-3): ჰარტი - უოკერი, კეჰილი, სმოლინგი, როუზი - ალი, დაიერი, რუნი (78. უილშირი) - ლალანა, სტერლინგი (87. მილნერი), კეინი
რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი - სმოლნიკოვი, იგნაშევიჩი, ვ. ბერეზუცკი, შჩენნიკოვი - გოლოვინი (77. შიროკოვი), ნოიშტედტერი (80. გლუშაკოვი) - სმოლოვი (85. მამაევი), კოკორინი, შატოვი - ძიუბა
გაფრთხილება: კეჰილი - შჩენნიკოვი
კარში დარტყმა: 16-6 (6-2) კუთხური: 6-4 თამაშგარე: 6-2 ჯარიმა: 9-16 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 62 343

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
------დაიერი-------
--ალი---------მილნერი
-------რუნი----------
---კეინი----ვარდი----

აი ასე უნდა დააყენოს შუა ხაზი და შეტევა
შაკო
15:00 13-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული