ევრო 2016. A ჯგუფი. შვეიცარია-საფრანგეთი: პირველ-მეორეზე გაითვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
* პოლ პოგბამ მატჩში ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს.
* საფრანგეთის ნაკრები მერვედფინალში შეხვდება C, D და E ჯგუფებიდან ერთ-ერთ მესამეადგილოსანს.
* შვეიცარიის ნაკრები მერვედფინალში შეხვდება C ჯგუფის მეორეადგილოსანს.

საფრანგეთის და შვეიცარიის მატჩი დასრულდა ისე, როგორც ეს ორივე გუნდს აწყობდა - 0:0. ფრანგებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, შვეიცარიამ კი მეორე და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

მოსალოდნელიც იყო, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ გუნდებმა 90 წუთი ბურთის უშინაარსო გორებაში გალიეს - მომენტები შეიქმნა, ფეხბურთელებს ვერც მონდომებას დავუკარგავთ და უფრო მეტად
რომ მაინც საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, ამაში დასაძრახი არაფერია.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
დიდიე დეშამმა 4-3-3 ტაქტიკა შეარჩია, შემადგენლობა კი საფუძვლიანად გადაახალისა. მართალია, დაცვას ცვლილებები არ შეეხო, მაგრამ საყრდენი ხაზი და შეტევა ახლებური ვიხილეთ. შუა ხაზი პოლ პოგბასთან ერთად, სისოკომ და კაბაიმ გაამაგრეს, შეტევის წინა ხაზზე კი გრიზმანთან ერთად, ჟინიაკი და კომანი ვიხილეთ.

მართალია, საფრანგეთის ნაკრებს პირველი ადგილი ჰქონდა შესანარჩუნებული და უმოტივაციოდ არ იყო, მაგრამ დეშამმა ექსპერიმენტებს თამამად მიმართა და არც უნანია. ახლებმა თავი კარგად წარმოაჩინეს, განსაკუთრებით კი ეს სისოკოსა და კაბაიზე ითქმის. აქტიური იყო ჟინიაკი და გამოჩნდა, რომ ჟირუს კარგი ალტერნატივა ჰყავს.

შვეიცარიელთა თავკაცი 4-2-3-1 ტაქტიკას ანიჭებს უპირატესობას და ტრადიცია არ ამჯერად დაარღვია. შეტევის წინა ხაზზე ემბოლო ვიხილეთ, სიღრმიდან კი მას შაკირი, ჯემაილი და მეჰმედი ეხმარებოდნენ. შვეიცარიელებს ბეჰრამის და ჯაკას სახით, უმაღლესი კლასის საყრდენი ნახევარმცველები ჰყავთ და ამჯერადაც, მათ თავი საუცხოოდ წარმოაჩინეს.

მატჩის შემდეგ
დიდიე დეშამი (საფრანგეთი): "შვეიცარიის ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ჩვენ კიდევ უკეთესები ვიყავით. ორჯერ გავარტყით ბურთი ძელს და კიდევ გვქონდა სახიფათო მომენტები. უკეთ უნდა ვაკონტროლოთ ბურთი და უფრო მეტად უნდა ვდომინირებდეთ მოედანზე. ჯგუფური ეტაპი კარგად ჩავატარეთ და პირველი ადგილი დამსახურებულად მოვიპოვეთ. ეს იყო პირველი მიზანი, რომელსაც მივაღწიეთ, მთავარი ბრძოლები კი წინ გველოდება".

პოლ პოგბა (საფრანგეთი): "უპირატესობით წავრმართეთ თამაში და შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ რეალურად, ფრე მოგების ტოლფასია. ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და თავგადასავალი გრძელდება. პირველ ტაიმში უფრო გახსნილი თამაში იყო და შეტევებისთვის მეტი სივრცე გვქონდა, მეორეში კი შვეიცარიელებმა უფრო ფრთხილად დაიწყეს თამაში და მომენტების შექმნა გაგვიჭირდა. ვფიქრობ, კარგი მატჩი მქონდა, მაგრამ იმედია, კიდევ უკეთესად მომდევნო შეხვედრაში გავირჯები".

მატჩის გმირი
მატჩის გმირად შვეიცარიის ნაკრების მეკარე, იან ზომერი უნდა დავასახელოთ, რომელიც ძალიან დამაჯერებლად გაისარჯა და რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი გაშვებული ბურთისგან. ზომერი თანაბრად ძლიერია, როგორც კარის ხაზზე, ისე გამოსვლებზე და ზოგადად, თავდაჯერებულობის განსახიერებაა.

მსაჯი
მატჩს სლოვენიელი არბიტრი დამირ სკომინა ემსახურებოდა და კარგად გაართვა მოვალეობას თავი. რეფერიმ ყველა საკამათო ვითარებაში სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მთლიანობაში კი შეუმჩნეველი გახლდათ. ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდია შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალი სწორედ სკომინამ იმსაჯოს.

ანალიზი
მიუხედავად ანგარიშისა, თამაში კარგი საყურებელი გამოდგა. მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და გატანა ორივე გუნდს შეეძლო. ბუნებრივია, რომ სათამაშო უპირატესობას ფრანგები ფლობდნენ და უფრო მეტი მომენტიც შექმნეს, მაგრამ არც შვეიცარია იყო სტატისტის როლში. თუ ვლადიმირ პეტკოვიჩის შეირდებმა მერვედეფინალშიც ასე ითამაშეს, მასთან ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდება.

კარგი მომენტები ჰქონდათ გრიზმანს, პოგბას და დიმიტრი პაიეს, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში და ბურთი ხარიხას გაარტყა. დიახ, საფრანგეთის ნაკრების ახალი გმირი თადარიგში იყო, მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა და მხოლოდ ბოლო ნახევარი საათი ათამაშა. პაიე აქტიურად ჩაერთო თამაშში და კიდევ ერთხელ შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა, თუმცა ამჯერად, ცოტა დააკლდა.

საფრანგეთის ნაკრებმა სწრაფ ტემპში ითამაშა და გამოჩნდა, რომ დეშამს კარგი რეზერვი, ანუ სათადარიგოთა სკამი ჰყავს. უნდა შევაქოთ პოლ პოგბაც, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში ტექიკური არსენალი გამოავლინა და გულშემატკივრებს ტაში მოსწყვიტა.

სამაგიეროდ, გრიზმანი იყო შედარებით ჩრდილში და ვერ გამოავლინა საუკეთესო შესაძლებლობები - მართალია, წინა თამაშში ანტუანმა გოლი შეაგდო, მაგრამ მისგან მაინც უფრო მეტს ელიან - გრიზმანს მადრიდის "ატლეტიკოში" ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და მასში ფრანგები ნაკრების ახალ ლიდერს ხედავენ, ან იქნებ უკვე ხედავდნენ?

მთლიანობაში, საფრანგეთი უკეთესი იყო და უპირატესობით წარმართა მატჩი, მაგრამ არც შვეიცარიამ შეირცხვინა თავი და ქულა ალალად დაიმსახურა.

დასკვნა
საფრაგეთის ნაკრებმა ჯგუფში 7 ქულას მოუყარა თავი და დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი. დიდიე დეშამის გუნდი ტურნირის დაწყებამდე ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იყო და განიმტკიცა ეს სტატუსი. რაც შეეხება შვეიცარიას, კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, რომელსაც არც მაღალი კლასის ფეხბურთელები აკლია და ცხადია, რომ პლეი ოფში ეს გუნდი იოლად არაფერს დათმობს...

whoscored.com-ის ტოპ-5
პოლ პოგბა საფ. 8,2
იოან კაბაი საფ. 8,0
გრანიტ ჯაკა შვე. 7,5
იან ზომერი შვე. 7,3
ფაბიან შერი შვე. 7,3
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

19 ივნისი. ლილი. "მეტროპოლი"
შვეიცარია-საფრანგეთი 0:0
შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ლიხტშტაინერი, შერი, ჯურუ, როდრიგესი - ბეჰრამი, ჯაკა - შაკირი (79. ფერნანდეში), ჯემაილი, მეჰმედი (86. ლანგი) - ემბოლო (74. სეფეროვიჩი)
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი - სანია, რამი, კოსიელნი, ევრა - სისოკო, კაბაი, პოგბა - გრიზმანი (77. მატუიდი), კომანი (63. პაიე), ჟინიაკი
გაფრთხილება: - რამი, კოსიელნი
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 3-7 (0-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 45 616

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული