ევრო 2016. F ჯგუფი. პორტუგალია-ავსტრია: რონალდომ პორტუგალიას გამარჯვება წაართვა [VIDEO]

AutoSharing Option
* კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელია, ვინც ევრო 2016-ზე პენალტი ვერ გამოიყენა.
* ეს პენალტი მეხუთე დანიშნული თერთმეტმეტრიანია ევროპის ჩემპიონატზე.
* ეს მეორე თამაშია ევრო 2016-ზე, რომელიც უგოლოდ დასრულდა

ამ შეხვედრის წინ უკან დასახევი გზა ორივე გუნდისათვის მოჭრილი იყო. თუ ავსტრიელები წააგებდნენ, მათთვის პრაქტიკულად დასრულდებოდა ევროპის ჩემპიონატი. პორტუგალიას და მის ლიდერს, კრიშტიანო რონალდოს კი რეაბილიტაცია სჭირდებოდათ ისლანდიასთან მოულოდნელი ფრის შემდეგ.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ფერნანდუ სანტუშს ავსტრიასთან მატჩისათვის ტაქტიკა არ შეუცვლია. ეგაა, ძირითად შემადგენლობაში მოხდა რამდენიმე ცვლილება. ტრავმა
მოიშუშა და სასტარტოში დადგა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რიკარდო კვარეშმა. ასევე ძირითადში განამწესა მწვრთნელმა პორტუგალიური ფეხბურთის იმედი, ვილიამ კარვალიო. ისლანდიასთან მატჩის შემდეგ იოლი სავარაუდო იყო, რომ პორტუგალიელთა საყრდენ ზონას ცვლილებები შეეხებოდა.

ფავორიტმა კლასიკური 4-4-2 ტაქტიკური სქემა აირჩია, სადაც "ჯოკრის" ფუნქცია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდოს დაეკისრა.
ცხადია, ცვლილებების განხორიციელებას ვერ ასცდა ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მარსელ კოლერი. უნგრეთთან მოულოდნელად წაგებულ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო დრაგოვიჩმა, იუნუზოვიჩმა კი მუხლი იტკინა.

თავდამსხმელი იანკო მადიარებთან ცუდი თამაშის გამო სათადარიგოთა სკამზე დარჩა. მისი ადგილი ზაბიტცერმა დაიკავა, თუმცა ნამატჩევს ეს ავსტრიელთა მწვრთნელმა ტრავმითაც ახსნა.

თამაშის წინ ასე ჩანდა: ავსტრიელებს დაცვაში აუცილებლად უნდა გასჭირვებოდათ. სხვა საქმეა, რამდენად გამოიყენებდნენ ამ შანსს პორტუგალიელები. მოკლედ, ყველა სანახაობრივ, ლაღ მატჩს ელოდა.

მატჩის გმირი
ავსტრიის ნაკრების 32 წლის მეკარემ, რობერტ ალმერმა შესანიშნავად ითამაშა. სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, პორტუგალიელებმა უდიდესი უპირატესობა გატანილ გოლებში რომ ვერ ასახეს. ვენის "აუსტრიას" გოლკიპერი ძალიან დამაჯერებელი იყო. განსაკუთრებით გაუშრო სისხლი მან კრიშტიანო რონალდოს.

გამოცდილი ავსტრიელი მეკარის კარიერა აქამდე განსაკუთრებულ შტრიხებს არ მოიცავს. მას აქვს ბუნდესლიგაში თამაშის ძალიან მცირე და მეორე ბუნდესლიგაში გარჯის საკმაოდ დიდი გამოცდილება.

სულაც არ გაგვიკვირდება, ალმერმა ახალი სეზონი გაცილებით უკეთეს გუნდში რომ დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი თამაშით ის გაცილებით უკეთეს კლუბში თამაშს იმსახურებს, ვიდრე "აუსტრიაა". უეფა არ დაგვეთანხმა და რჩეულის მანტია ჟოაო მოუტინიოს მოასხა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ფერნანდო სანტუში (პორტუგალია): "საშინელი უიღბლობა იყო. მე იშვიათად მინახავს ერთ შეხვედრაში გაცუდებული ამდენი შანსი. ახლა ძალები უნდა მოვიკრიბოთ. უნგრეთთან შეხვედრა ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იქნება. მოწინააღმდეგეს ფრეც აწყობს, ჩვენ კი ხელს მხოლოდ გამარჯვება მოგვცემს. ფაქტია, ჩვენი თამაში კიდევ უნდა დაბალანსდეს.

ავსტრია დიდებული გუნდია. ჩვენ ამდენი მომენტი შევქმენით ასეთი საუცხოო გუნდის კართან და ეს იყო პოზიტივი, თუმცა ფეხბურთში იგებს ის, ვისაც გოლი გააქვს. უნგრეთთან თუ ვერ გავიმარჯვეთ, ეს ჩვენთვის უდიდესი იმედგაცრუება იქნება."

მარსელ კოლერი (ავსტრია): "ჩვენ ძალიან ტემპიანი, ინტენსიური თამაში ვიხილეთ. პენალტის ეპიზოდში აშკარად გაგვიმართლა. პორტუგალიისა არ იყოს, ჩვენც ფინალი გვაქვს ისლანდიასთან.
დავიდ ალაბა მე ბევრ პოზიციაზე ვათამაშე და ის ყველგან კარგია. უბრალოდ, შეცვალე, რადგან ახალი ენერგიამინდოდა შემეტანა ჩვენი გუნდის თამაშში. იანკოს კი "ბაზელში" მიღებული ტრავმა ახსენებს თავს. მთელი კვირაა, ის სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს."

მსაჯი
44 წლის იტალიელმა მსაჯმა, რომერტო რიცოლიმ ერთხელაც გვიჩვენა, რომ დღევანდელ ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩეული არბიტრია. რიცოლიმ დიდებულად იმსაჯა ეს საკმაოდ რთული შეხვედრა. ავსტრიის ნაკრების კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ეჭვს საერთოდ არ იწვევდა. მთელ რიგ ეპიზოდებში რიცოლი თავად იყო პირველი ავტორიტეტი მინდორზე და მას წამითაც არ გაქცევია ხელიდან თამაშის სადავეები. კრიშტიანო რონალდო მსაჯს რამდენჯერმე კი გაუწყრა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, მას საკუთარ გარჯაზე მეტი ეფიქრა.

ანალიზი
პორტუგალიის ნაკრებმა მეორე შეხვედრა ჩაატარა ევროპის ჩემპიონატზე და ამჯერადაც ვერ მოიგო. საშინელ უიღბლობასთან ერთად ამას სხვა რამდენიმე მიზეზიც აქვს. უპირველესად გუნდის უდავო ლიდერის, კრიშტიანო რონალდოს უკბილო თამაში უნდა ვახსენოთ. საქმე მხოლოდ ვერგატანილ თერთმეტმეტრიანში როდია. კრიშტიანო მსაჯს ვერც არჩათვლილ გოლში მოედავება - თამაშგარე აშკარა იყო. მთელ რიგ ეპიზოდებში ჩანდა, რომ რონალდო ნაკლებად ინდომებდა.

მეორე მიზეზი პორტუგალიელთა უშედეგო თამაშისა იყო დამაგვირგვინებელ ფაზაში სიჩქარე, ქაოტურობა. თითქოს, პორტუგალიას გოლის გატანა იმაზე მეტად ეჩქარება, ვიდრე ეს საჭიროა.

მესამე: გუნდის ძირითადი ბირთვი (ნანი, კვარეშმა, მოუტინიო) უკვე მობერდა. მართალია, ფერნანდუ სანტუში ენდო ვილიამ კარვალიოს, თითქოს, ჩვენი რჩევა ისმინაო, მაგრამ არ ენდო რენატო სანჩესს. არადა, მას სრულიად განსხვავებული აგრესიის შეტანა შეუძლია გუნდის თამაშში.

ავსტრიამ კი ქულაზე ითამაშა. მარსელ კოლერის გუნდისგან მეტს ველით, მაგრამ როგორც ჩანს, გუნდი ზედმეტად ახალგაზრდაა. გაგვიკვირდა მწვრთნელის მიერ დავიდ ალაბას შეცვლა. კი, "ბაიერნის" ვარსკვლავი იდეალური ვერ იყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ალაბა არ არის გამთამაშებელი.

დასკვნა
ჯგუფის მთავარი ფავორიტი, პორტუგალიის ნაკრები ბეწვზე ჰკიდია. საკმარისია, ბოლო ტურში მათ ფეხი დაუცდეთ ყოჩაღ უნგრეთთან, რომ ევროპის ჩემპიონატი რონალდოსა და კომპანიისათვის მორჩება. გამარჯვების შემთხვევაში პორტუგალია და ავსტრია ჯგუფიდან გავლენ.

whoscored.com-ის ტოპ-5
რობერტ ალმერი პორ. 8,5
პეპე პორ. 7,7
იულიან ბაუმგარტლინგერი ავს. 7,5
შტეფან ილსანკერი ავს. 7,5
ვიერინია პორ. 7,4

18 ივნისი. პარიზი. პარკ დე პრენსი.
პორტუგალია-ავსტრია 0:0
პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიო - ვიერინია, პეპე, რიკარდო კარვალიო, რაფაელ გერეირო - კვარეშმა (71. ჟოაო მარიო), ვილიამ კარვალიო, ჟოაო მოუტინიო, ანდრე გომეში (83. ედერი)- ნანი (89. სილვა), რონალდო
ავსტრია (4-2-3-1): ალმერი - კლაინი, პრიოდლი, ჰინტერეგერი, ფუხსი - ბაუმგარტლინგერი, ილსანკერი (83. ვიმერი)- ჰარნიკი, ალაბა (65. შოპი), არნაუტოვიჩი - ზაბიტცერი (85. ჰინტენსნერი)
შენიშვნა: რონალდომ ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი (79)
გაფრთხილება: პეპე, კვარეშმა - ჰარნიკი, ფუხსი, ჰინტერეგერი, შოპი
კარში დარტყმა: 10 (6)-2 (1), კუთხური:10-0, თამაშგარე: 5-2 ჯარიმა: 16-16; ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 44 291

თ მ ფ წ ბ ქ
1. უნგრეთი 2 1 1 0 3-1 4
2. ისლანდია 2 0 2 0 2-2 2
3. პორტუგალია 2 0 2 0 1-1 2
4. ავსტრია 2 0 1 1 0-2 1

III ტური
22 ივნისი
უნგრეთი-პორტუგალია 20:00
ისლანდია-ავსტრია 20:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული