ევრო 2016. D ჯგუფი. ჩეხეთი-თურქეთი: ჩეხეთი გადაიჩეხა, "იმპერატორი" პლეი ოფის ზღვარზეა [VIDEO]

AutoSharing Option
ეს მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩეხეთის ნაკრებისათვის. გამარჯვების შემთხვევაში პაველ ვრბას შეგირდები, პრაქტიკულად, ინაღდებდნენ პლეი ოფის საგზურს. რაც შეეხება თურქეთის ნაკრებს, მოგებაც კი, დიდი ალბათობით, მათ ვერ დააძლევინებდა ჯგუფურ ბარიერს.

თურქთა დამრიგებელმა ფათიჰ თერიმმა ("იმპერატორი") მინდორზე საბრძოლო შემადგენლობა გამოიყვანა. სასტარტოში ვიხილეთ არდა თურანი, რომელიც ესპანეთთან წაგებულ შეხვედრაში ქომაგებს შემოსწყრა და მერე ისიც ითქვა, რომ "ბარსელონას" ვარსკვლავი სანაკრებო კარიერას დაასრულებდა.

ჩეხეთმა კი ტრავმის გამო მოისაკლისა მთავარი კაცი, ლონდონის "არსენალის" ვარსკვლავი ტომაშ როსიცკი. მართალია, როსიცკი ბევრით ვერაფრით გამოირჩეოდა მიმდინარე ევროფორუმზე, მაგრამ მისი
უბრალო ყოფნაც კი მინდორზე მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩეხეთისათვის ამ შეხვედრაში.

ვინ წარმოიდგენდა, რომ დასრულდებოდა შეხვედრა და თურქეთი პლეი ოფში გასვლის რეალური კანდიდატი იქნებოდა...

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაველ ვრბამ 4-3-3 ტაქტიკური განლაგება აირჩია. ამით მან თავიდანვე მიანიშნა, რომ ჩეხები აქცენტს შემტევ ფეხბურთსა და სამი ქულის მოპოვებაზე გააკეთებდნენ.

თადარიგში დარჩა "ვერდერის" მცველი გაბრე სელასიე. თავდასხმის ცენტრში კი ვრბამ დავიდ ლაფატას ტომაშ ნეციდი არჩია. მას შეტევაში კომპანიონობას დოჩკალი და კრეიჩი უწევდნენ. როსიცკის არყოფნაში მისი ფუნქციები ჩეხ შემტევებს კოლექტიურად უნდა გადაენაწილებინათ.

რაც შეეხება თურქეთის ნაკრებს, თერიმი ენდო დანიური "ნორდსიელანდის" თინეიჯერ ნახევარმცველ მორს. ცვლილებები შეეხო დაცვის ხაზს. თადარიგში დარჩა გუნდის "ტვინი" ჩალჰანოღლუ, შეტევაში კი ბურაქ ილმაზი დადგა.

4-2-3-1 - ასე გამოიყურებოდა თურქეთის ნაკრების სასტარტო განლაგება.

გოლები
0:1 - ემრე მორის გადაცემის შემდეგ ბურაქ ილმაზი წამით დაუსხლტა მცველებს და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ჩეხეთის ნაკრების კარში.

0:2 - შეტევაში ჩართულმა თოფალმა შესანიშნავად ითამაშა და ტუფანს დაუგდო ბურთი, მან კი ახლო მანძილიდან "დახვრიტა" ჩეხი.

მატჩის შემდეგ
პაველ ვრბა (ჩეხეთი): "ჩვენ ბურთი გვქონდა, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ. პირდაპირ უნდა ვთქვა - თურქეთის ნაკრების მწვავე კონტრშეტევების წინააღმდეგ ჩვენ იარაღი არ აღმოგვაჩნდა.

როდესაც საქმე ეხება გადამწყვეტ თამაშს, ბოძებული შანსები აუცილებლად უნდა გამოიყენო, წინააღმდეგ შემთხვევაში უსათუოდ დაისჯები. ჩვენს შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა.

მახარებს ის, რომ ევროპის ამ ჩემპიონატმა ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს ძალიან ბევრი რამ ასწავლა. ახლა მეტი გამოცდილება გვაქვს, ვიდრე ჩემპიონატის დაწყების წინ".

ბურაქ ილმაზი
(თურქეთი): "დღეს ჩვენმა ქომაგმა ნახა თურქეთის ის ნაკრები, რომელიც მას ძალიან ენატრებოდა. ორი წაგების შემდეგ ჩვენზე ძალიან ბევრი ნეგატიური რამ დაიწერა, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით და მხოლოდ ჩეხეთთან მატჩისათვის ვემზადებოდით. ვულოცავ მთელ თურქეთს და ჩემს თანაგუნდელებს. დიდი იმედი მაქვს, რომ პლეი ოფში გავალთ".

ფათიჰ თერიმი (თურქეთის ნაკრების მწვრთნელი): "კარგი იქნებოდა, კიდევ მეტი გოლი გაგვეტანა, ახლა კი ნერვიულობა არ აგვცდება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ურთულეს სიტუაციაშიც კი არ ვნებდებით".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანალიზი
ჩეხეთის ნაკრებისგან ასეთ ცუდ თამაშს ნამდვილად არ ველოდით. პაველ ვრბას გუნდს აკლდა ის, რაც ძალიან ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს ფეხბურთში - სათამაშო კლასი. როგორც ჩანს, ვეტერანი ტომაშ როსიცკის გარეშე ჩეხეთის ნაკრები საშუალოზე დაბალი შესაძლებლობების გუნდია.

განსაკუთრებით გასაკვირი იყო ცივსისხლიანი ჩეხების არაზუსტი ქმედებები დამაგვირგვინებელ ფაზაში. თურქეთის ნაკრების კართან არაერთი ნახევარმომენტი შეიქმნა, თუმცა გოლი არ გასულა.

ბრავო თურქეთის ნაკრებსა და ფათიჰ თერიმს. "იმპერატორმა" ორი წაგების შემდეგ დემორალიზებული გუნდი მაგრად დაქოქა. მწვრთნელმა დიდი სიურპრიზი მოუმზადა მეტოქეს ემრე მორის ძირითად შემადგენლობაში გამწესებით.

18 წლის თინეიჯერი ჯერაც დანიური "ნორდსიელანდის" კუთვნილებაა, თუმცა ამბობენ, რომ მისი გადაბირებით ძალიანაა დაინტერესებული "დორტმუნდი" და ტრანსფერი მალე შედგება. ასეა თუ ისე, ამ ტანმორჩილმა ფეხბურთელმა პირდაპირ გააწამა მოწინააღმდეგის მცველები.

თურქებმა უფრო კლასიანი, შემოქმედებითი ფეხბურთი ითამაშეს. მათ გაცილებით მაღალ დონეზე ჰქონდათ პასის კულტურა და ამან გადამწყვეტი გავლენა იქონია თამაშის შედეგზე. გადამწყვეტ შეხვედრაში თურქეთი უფრო შეკრული, ორგანიზებული და მიზანსწრაფული იყო.

მატჩის გმირი
თურქეთის ნაკრების შემადგენლობაში ემრე მორი აშკარად გამორჩეული იყო. ამ 18 წლის ფეხბურთელს, რომელიც ძალიან ელასტიკური და ტექნიკურია, დიდი მომავალი აქვს. მორმა საგოლე გადაცემა მიითვალა და გარდა ამისა, ორი დიდებული შანსიც აჩუქა თურქეთს.

ერთია, რიგ ეპიზოდებში მორი აშკარად ზედმეტს იღებდა საკუთარ თავზე, თუმცა ეს მის თინეიჯერულ ასაკს უნდა მივაწეროთ. უეფა არ დაგვეთანხმა - თამაშის გმირად თურქთა პირველი გოლის ავტორი, ბურაქ ილმაზი დასახელდა.

მსაჯი
37 წლის შოტლანდიელმა არბიტრმა უილიამ კოლუმმა და მისმა მსაჯთა ბრიგადამ ეს შეხვედრა ძალიან სუსტად ჩაატარეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თურქებმა მეორე გოლი აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს. გარდა ამისა, მსაჯები რამდენიმეჯერ შეცდნენ თამაშგარეს დაფიქსირების დროს სხვა ეპიზოდებში. ეჭვგარეშეა, სქოთის ქმედებებით განსაკუთრებით უკმაყოფილონი ჩეხები დარჩებოდნენ.

დასკვნა
თურქეთის ნაკრებმა ამ მოგებით ჩეხეთი შინ გაუშვა. ახლა ფათიჰ თერიმი და მისი გუნდი პლეი-ოფის ზღვარზეა. ყველაფერს დღევანდელი შეხვედრები გაარკვევს. ერთი ცხადია: თურქეთის ამ გამარჯვებამ ჩრდილოეთ ირლანდიას ჯგუფური ბარიერი დააძლევინა.

whoscored.com-ის ტოპ-5
ოზან ტუფანი თურ. 8,3
მეჰმეთ თოფალი თურ. 8,1
ვოლკან ბაბაჯანი თურ. 7,9
ტომაშ სივოკი ჩეხ. 7,5
ბურაქ ილმაზი თურ. 7,4

21 ივნისი. ლანსი. "სტად ბოლარ დელელისი"
ჩეხეთი - თურქეთი 0:2
გოლები: 0:1 ილმაზი (10. მორი), 0:2 ტუფანი (65. თოფალი)
ჩეხეთი (4-3-3): ჩეხი - კადერჟაბეკი, სივოკი, ჰუბნიკი, პუდილი - პაველკა (56. შკოდა), დარიდა, პლაშილი (90. კოლარი) - დოჩკალი (71. შურალი), კრეიჩი, ნეციდი
თურქეთი (4-2-3-1): ბაბაჯანი - კოიბაში, ბალთა, თოფალი, გონული - ტუფანი, ინანი - მორი (69. შაჰანი), თურანი, შენი (61. ოზიაკუპი)- ილმაზი (90. ტოსუნი)
გაფრთხილება: პლაშილი, პაველკა, შურალი - კოიბაში, ბალთა
კარში დარტყმა: 7 (5) - 5 (2); კუთხური: 8-3; თამაშგარე: 3-5; ჯარიმა: 16-14; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 32 836

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული