ევრო 2016. 1/8-ფინალი. უელსი-ჩრდ. ირლანდია: ბრიტანულად მოსაწყენი შოუ [VIDEO]

AutoSharing Option
* უელსის ნაკრებმა ისტორიაში პირველი მატჩი მოიგო ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში.
* 1980 წლიდან მოყოლებული, ჩრდილოეთი ირლანდია ვერ ახერხებს უელსის დამარცხებას (9 მატჩი).
* უელსის ნაკრების 7 გოლიდან ბეილმა 5-ში მიიღო მონაწილეობა - 3 გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.
* გარეთ მაკოლის ავტოგოლი მესამეა ევროპის ჩემპიონატზე. მანამდე საკუთარ კარში გაიტანეს ირლანდიელმა კირან კლარკმა და ისლანდიელმა ბირკირ სევარსონმა.
* 14 თამაშია, რაც ჩრდილოეთ ირლანდიას მატჩში ერთ გოლზე მეტი არ გაუშვია.
* ისე მოხდა, რომ მონაწილე ორივე ნაკრები და მსაჯიც ერთი
ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ - დიდი ბრიტანეთის.

უელსი-ჩრდილოეთ ირლანდიის მსგავსი მატჩები რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს, თუკი ევროპული ფეხბურთისთვის კარგი გვსურს.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები შეზღუდული რესურსების გუნდია. ამიტომ ამ ნაკრებიდან დაახლოებით ის თამაში მივიღეთ, რასაც ველოდით. მაიკლ ონილის გუნდი, ძირითადად, დაცვაზე ზრუნავს ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ფავორიტმა მეტოქემ ვერ ივარგა და ოლსტერელებმაც რამდენჯერმე შეაწუხეს უელსის ნაკრების დაცვა. ეს, ძირითადად, ჩაწოდებების შემდეგ ხდებოდა.

კრის კოულმენმა 3-5-1-1 სქემა არჩია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ უელსი უფრო შემტევი იყო. საკმარისია ითქვას, რომ ვალიელებმა მეტოქის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ზუსტად - ეს შორეული საჯარიმო დარტყმით გარეთ ბეილმა შეძლო. შუა ხაზში განსაკუთრებით მოიკოჭლებდა ჯო ლედლი, რომელიც ხშირად ცდებოდა და მეორე ტაიმში კოულმენმა ის შეცვალა კიდეც. კლასში სხვაობის კომპენსირებას ჩრდილოირლანდიელები დიდხანს, დაცვაში მწყობრი თამაშისა და მცირე ფოლების წყალობით ახერხებდნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ გაძლეს.

გოლი
1:0 - 75-ე წუთზე აარონ რემზიმ მარცხენა ფლანგზე გარეთ ბეილი მოძებნა, მის ჩაწოდებულს კი მეორე გარეთმა, მაკოლიმ მიუსწრო, მაგრამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. უნდა აღვნიშნოთ, რომ უელსელთა ფორვარდი იქვე იყო ჩასაფრებული და რომ არა ავტოგოლი, გოლი, დიდი ალბათობით, მაინც გავიდოდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
კრის კოულმენი (უელსი): "საოცარი შეგრძნებაა, აქ ჩამოვედით იმისთვის, რომ ერს ეამაყა ჩვენით. ფეხბურთში ძნელია პროგნოზირება, რამდენად შორს გააღწევ. ხან გაგიმართლებს, ხან კი - არა. და დღეს ჩრდილოეთ ირლანდიას არ გაუმართლა. ვფიქრობ, რომ მეოთხედფინალში დამსახურებულად გავედით. დღევანდელ გამარჯვებას ლამაზი არ ეთქმის, ეს იყო მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება. მეტოქის დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენი თამაში ვერ ვითამაშეთ. დღეს მეტოქე გვჯობდა კიდეც, მაგრამ ფეხბურთელებმა გულით ითამაშეს. ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს ასეთ მნიშვნელოვან თამაშში მიზნის მიღწევისათვის".

მაიკლ ონილი (ჩრდ. ირლანდია): "ძალიან დაძაბული თამაში იყო, მაგრამ მატჩის დიდი ნაწილი მაინც ჩვენი უპირატესობით წარიმართა. ძალიან საწყენია, როგორ გავუშვით გოლი. ვფიქრობ, ჩვენ არ დავიმსახურეთ წაგება. არადა, დღეს ვეთამაშეთ გუნდს, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე მსოფლიო კლასის ფეხბურთელია და ჩვენ გამარჯვებაც შეგვეძლო. ძალიან დასანანია ასეთი მარცხი, მაგრამ ამ წაგებისგან ბევრს ვისწავლით სამომავლოდ. 30 წელიწადია, ასეთ ტურნირზე არ გვითამაშია. ასე რომ, მიღებული გამოცდილება ძალზე გამოგვადგება. ევრო 2016-იდან მივდივართ თავაწეულები და ამაყები".

მატჩის გმირი
მატჩის გმირად უეფას ოფიციალურმა საიტმა გარეთ ბეილი დაასახელა. ჩვენც ვეთანხმებით - სწორედ ბეილის კლასმა მოიტანა ის სხვაობა, რაც მაკოლის ავტოგოლში აისახა, მისი საგოლე ჩაწოდება (სულ 7-ჯერ ჩააწოდა მატჩში) გადამწყვეტი გამოდგა. ამის გარდაც, მხოლოდ მან შეძლო ჩრდილოირლანდიელთა კარში სახიფათოდ დარტყმა და მუდმივად ტერორში ჰყავდა მცველები. ძალიან კარგი იყო უელსელთა მცველი ჯეიმს ჩესტერიც.

მსაჯი
შეხვედრას ინგლისელი მარტინ ატკინსონი გაუძღვა. მოგვარე უილიამსების შეჯახებას თუ არ ჩავთვლით, საფიქრალი და სანერვიულოც არაფერი ჰქონია, ჩრდილოირლანდიელები ხშირად ჯარიმდებოდნენ, თუმცა განსაკუთრებულ უხეშობას ადგილი არ ჰქონია.

ანალიზი
ორი ბრიტანული ნაკრების ჯახი ნეიტრალური მაყურებლისთვის ძალზე მოსაწყენი სანახავი გამოდგა. უელსი უფრო ხშირად ფლობდა ბურთს, მეტ პასსაც აკეთებდა, მაგრამ, როცა არაფერი გამოსდიოდა, ისევ ძველ ბრიტანულ მეთოდზე გადადიოდა - ჩაწოდებებზე. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა დისციპლინირებული ფეხბურთი აჩვენა, არაფერი ისეთი, რომ ფეხბურთის გურმანს მოსწონებოდა, მაგრამ საკმარისი, რომ უელსი ხელფეხშეკრული ყოფილიყო თითქმის 90 წუთის განმავლობაში. რემზი და ბეილი ცდილობდნენ უელსისთვის გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას, რაშიც მათ ჯო ალენიც ეხმარებოდა.

დასკვნა
გარეთ ბეილის კლასი გადამწყვეტი აღმოჩნდა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას უელსის ნაკრები აგრძელებს. ჩრდილოირლანდიელებს კი შევაქებთ - მათ საკუთარ თავს აჯობეს ამ პირველობაზე, მაიკლ ონილის გუნდისთვის მერვედფინალში თამაში და იქ ნაღდი ბრძოლის გამართვა უდიდესი მიღწევაა.

whoscored.com-ის ტოპ-5
ჯეიმს ჩესტერი უელ. 8,1
უეინ ჰენესი უელ. 7,5
ჯო ალენი უელ. 7,5
ეშლი უილიამსი უელ. 7,3
კორი ევანსი ჩ. ირ. 7,2

25 ივნისი. პარიზი. "პარკ დე პრენსი"
უელსი-ჩრდ. ირლანდია 1:0
გოლი: 1:0 მაკოლი (75. ს. კ. ბეილი)
უელსი (3-5-2): ჰენესი - ჩესტერი, ე. უილიამსი, დევისი - განტერი, ალენი, ლედლი (63. ჯ. უილიამსი), რემზი, ტეილორი - ვოუკსი (55. რობსონ-კანუ), ბეილი
ჩრდილოეთ ირლანდია (4-1-4-1): მაკგოვერნი - ჰიუზი, მაკოლი (84. მაგენისი), კეტკარტი, ჯ. ევანსი - კ. ევანსი - უორდი (69. ვაშინგტონი), დევისი, ნორვუდი (79. მაკგინი), დალასი - ლაფერტი
გაფრთხილება: ტეილორი, რემზი - დალასი, დევისი
კუთხური: 0-6; ჯარიმა: 8-19; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7-6 (1-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 44 342

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული