ევრო 2016. 1/8-ფინალი. სტატისტიკური შეჯამება: პირველად ისტორიაში - 1/4-ფინალში მოუგებლად!

AutoSharing Option
მართალია, საფრანგეთში, ევრო 2016-ზე ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები ჯერ კიდევ წინაა, მაგრამ სტატისტიკურად რომ მივუდგეთ, ტურნირის უდიდესი ნაწილი უკვე დასრულდა, დარჩა მხოლოდ 4 მეოთხედფინალური, 2 ნახევარფინალური მატჩი და ფინალი, სულ შვიდი თამაში.

გთავაზობთ მერვედფინალური ეტაპის სტატისტიკურ შეჯამებას.

51 მატჩიდან 44 უკვე გაიმართა. სულ გასულია 88 გოლი, რაც თამაშში ზუსტად 2 გოლის ტოლფასია (საშუალო მაჩვენებელმა მოიმატა ჯგუფური ეტაპის შემდეგ). 3-3 გოლით ლიდერობენ ალვარო მორატა (ესპანეთი), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) და გარეთ ბეილი (უელსი). ედენ აზარი (ბელგია) ლიდერობს საგოლე პასებით - 3.

D ჯგუფი
ყველაზე სუსტი ყოფილა
ეს ჯგუფი თავიდან ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქვეჯგუფად მიაჩნდათ: ევროპის ჩემპიონი ესპანეთი, შესანიშნავად მოთამაშე ხორვატია, ჩეხეთი და თურქეთი. მაგრამ ფაქტია, არც ერთი მათგანი მეოთხედფინალში არ გასულა. აქვე ვიტყვით, რომ არც ერთი ჯგუფიდან არ გასულა მეოთხედფინალში სამი გუნდი.

ყველაზე მშვიდობიანი - პორტუგალია
8 მეოთხედფინალისტიდან 4 ჯგუფის გამარჯვებულია, 3 - მეორეადგილოსანი და მხოლოდ პორტუგალიის ნაკრები გავიდა ჯგუფში მესამე ადგილზე. პორტუგალია, ამასთან, ერთადერთი გუნდია, რომელმაც ოთხივე მატჩი ფრედ დაასრულა. ევროპის ჩემპიონატის ახალმა ფორმატმა კრიშტიანო რონალდოსა და კომპანიას საშუალება მისცა, მეოთხედფინალში თამაშის მოუგებლად გასულიყო.

ბელგიური აფეთქება
ბელგიის ნაკრები მერვედფინალის ყველაზე უხვგოლიანი გუნდია, მარკ ვილმოტსის რჩეულებმა უნგრეთის ნაკრებს 4 გოლი გაუტანეს. ეს ამ ტურნირზე თითქმის წარმოუდგენელი რამაა. მხოლოდ რიგით 42-ე მატჩში მოხდა, რომ ერთმა გუნდმა 4 გოლი გაიტანა თამაშში და ეს გუნდი ბელგიაა.

ყველაზე მეტი დარტყმა კი სულ სხვა თამაშში განხორციელდა - შვეიცარიამ და პოლონეთმა ერთმანეთს 49-ჯერ დაურტყეს. არ დაგვავიწყდეს, რომ გუნდებმა 90 წუთის ნაცვლად 120 ითამაშეს. 29 დარტყმა შვეიცარიელთა ანგარიშზეა, 20 - პოლონელების. ორივე კარისკენ ჯამში სულ 13 დარტყმული წავიდა და ორი გოლი გავიდა.

საპირისპირო სიტუაცია იყო უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩში, სადაც სულ 12 დარტყმა ვიხილეთ. ირლანდიელებმა კარისკენ მხოლოდ 5-ჯერ დაარტყეს, რაც მერვედფინალში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. კარში ზუსტად ყველაზე მეტი დარტყმა ბელგია-უნგრეთის თამაშში - 20 ზუსტი დარტყმა. 117 წუთის განმავლობაში ვერ ვიხილეთ ზუსტი დარტყმა ხორვატია-პორტუგალიის დაპირისპირებაში, თუმცა მატჩის დასრულებამდე 2 ზუსტი დარტყმა მოესწრო, რომელთაგან ერთი გოლით დასრულდა.

შვიდჯერ ესროლა და შვიდჯერვე ააცილა...
მერვედფინალებში ყველაზე მეტჯერ ფრანგმა ანტუან გრიზმანმა დაარტყა - 8-ჯერ. ის ლიდერობს ზუსტი დარტყმებითაც, მაგრამ ბელგიელ კევინ დე ბრუინთან ერთად - 5-5 ზუსტი დარტყმა.

გრიზმანმა მშვენივრად იხეირა ამით, დუბლი შეასრულა და საფრანგეთის ნაკრებს თითქმის წაგებული მატჩი მოაგებინა. ყველაზე მეტი დარტყმა ხორვატმა ივან პერიშიჩმა ააცილა - 7. სხვათა შორის, მას კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამს.

40 წლის გაბორ კირაის ანგარიშზე 10 "სეივია", წარმოიდგინეთ, რომ არა კირაი, რამდენ გოლს გაუშვებდა უნგრეთის ნაკრები.

ბურთის ფლობას რომ ჭკუა ჰქონდეს...
შვეიცარიელებმა ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ ჩამოაწოდეს კუთხური; აი, უელსელებს კი კუთხური ერთხელაც არ მოუწოდებიათ. ბურთის ფლობის პროცენტი უკეთესი ჰქონდა ინგლისის ნაკრებს (63), მაგრამ რად გინდა. პორტუგალიის ნაკრებმა 28-ჯერ დაარღვია თამაშის წესი და პლეი ოფის პირველ რაუნდში ყველაზე უხეში ნაკრების სტატუსი მოირგო. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, პორტუგალიელები სულ ერთხელ გააფრთხილეს, აი, ისლანდიელებმა კი ყველაზე მეტი გაფრთხილება მიიღეს - 4.

ლიდერები სხვადასხვა კატეგორიაში
* კრიშტიანო რონალდო საშუალოდ 7,8-ჯერ ურტყამს კარისკენ მატჩში.

* კევინ დე ბრუინი საშუალოდ 5,5 მნიშვნელოვან პასს აკეთებს მატჩში.

* ედენ აზარი საშუალოდ 5,5-ჯერ მიმართავს დრიბლინგს (წარმატებული) მატჩში.

* რობერტ ლევანდოვსკი საშუალოდ 4-ჯერ ჯარიმდება მატჩში.

* კრიშტიანო რონალდო საშუალოდ 2,8-ჯერ ხვდება თამაშგარე მდგომარეობაში.

* დავიდ ალაბა საშუალოდ 4,3-ჯერ კარგავს პოზიციას თამაშში.

* აარონ რემზის თამაშში საშუალოდ 4-ჯერ მოსდის ტექნიკური წუნი.

* ტონი კროოსი თამაშში საშუალოდ 111 პასს აკეთებს.

* დარიო სრნა და კევინ დე ბრუინი თამაშში საშუალოდ 4,3-ჯერ აწოდებენ.

* ივან სტრინიჩი საშუალოდ 4,3 ორთაბრძოლას იგებს მატჩში.

* ჯეიმს ჩესტერის ანგარიშზე მატჩში 3,8 ჩაჭრაა.

სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge

whoscored.com-ის ტოპ-10
(მთელი ტურნირი)
1. კევინ დე ბრუინი ბელ. 8,35
2. გარეთ ბეილი უელ. 8,33
3. ედენ აზარი ბელ. 8,22
4. დიმიტრი პაიე საფ. 8,17
5. ტონი კროოსი გერ. 8,03
6. ლედიან მემუშაი ალბ. 8,02
7. იულიან დრაქსლერი გერ. 7,85
8. ლუკა მოდრიჩი ხორ. 7,84
9. ივან რაკიტიჩი ხორ. 7,84
10. ჯორჯო კიელინი იტა. 7,77

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
120 წუთიან თამაშში ერთხელ რომ ვერ დაარტყამ კარში( ერთმა კი არა მთელმა გუნდმა) იმას რაზე უნდა ქონდეს პრეტენზია!?
მამუკა
14:52 29-06-2016
0
whoscored.com-ის ტოპ-10 -ში, ბოლო 20 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (როგორ თვითონ უწოდებს თავს) რატომ არაა? :)
გიორგი
11:18 29-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული