ევრო 2016-ის ამბები: რატომ დასჯიან უეინ რუნის [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების სამი ქომაგი დაიჭირე
ფრანგულმა პოლიციამ იტალიის ეროვნული ნაკრების სამი გულშემატკივარი დაიჭირა. ინციდენტი მოხდა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის მსვლელობის დროს, რომელშიც იტალიამ 2:0 მოუგო ესპანეთს.

საქმე ისაა, რომ შეხვედრის მსვლელობის დროს გულშემატკივრებმა გამოფინეს ბანერი, რომლის მიზანიც სამართალდამცველთა შეურაცხყოფა იყო.

წუთიერი დუმილი არ იქნება
ევროპის ჩემპიონატზე წუთიერი დუმილი არ იქნება სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად. ამის თაობაზე საზოგადოებას ცნობილმა ჟურნალისტმა რობ ჰარისმა აცნობა უეფაზე დაყრდნობით.

უეფაში აცხადებენ, რომ საფეხბურთო მატჩების წინ წუთიერი დუმილი ცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტრაგედია უშუალოდ უკავშირდება
ფეხბურთს ან კავშირი აქვს მატჩის მონაწილე ფეხბურთელებთან ან ქვეყნებთან.

ჰუმელსი: იტალიას ძლიერი დაცვა ჰყავს
გერმანიისა და იტალიის ნაკრებების მეოთხედფინალის წინ კომენტარი გააკეთა გერმანიის ნაკრების დაცვის ბურჯმა მატს ჰუმელსმა. მან იტალიის ნაკრების დაცვა შეაქო.

"პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ იტალიის ნაკრების დაცვამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვგულისხმობ არა მხოლოდ ბონუჩის, არამედ ბარძალის და კიელინისაც. ისინი მსოფლიოში გამორჩეული მცველები არიან", - თქვა ჰუმელსმა.

ჯერარდი: ინგლისის ნაკრებში არის შიში!
ინგლისის ნაკრების კრახს ევროპის ჩემპიონატზე გამოეხმაურა ინგლისური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა სტივენ ჯერარდი.

"ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ინგლისს არ ჰყავს კვალიფიციური ფეხბურთელების საკმარისი რაოდენობა. რა, იმდენი კარგი ფეხბურთელი არ გვყავს, რომ ისლანდიას მოვუგოთ? ამის არ მჯერა. უბრალოდ, ინგლისის ნაკრების შიგნით არის შიში და ეს შიში არის მთავარი პრობლემა. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ უნდა აგვეტეხა დიდი განგაში, როცა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ნაკრებმა სუსტ რუსეთსა და სლოვაკეთს ვერ მოუგო", - აღნიშნა ჯერარდმა.

რუნის სასჯელი ემუქრება
შესაძლოა, ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, უეინ რუნის სასჯელი დაეკისროს. შემთხვევა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში მოხდა, რომელშიც ინგლისმა სენსაციურად წააგო ისლანდიასთან.

ერთ-ერთ ეპიზოდში რუნიმ იდაყვი ჩაარტყა სახეში ისლანდიის ნაკრების ნახევარმცველს, გილფი სიგურდსონს. მსაჯმა კი ამ ინციდენტს ყურადღება არ მიაქცია. თამაშის შედეგმა პირველ ხანებში ყველაფერი დანარჩენი გადაფარა, მაგრამ მერე ბევრი რამ ნათელი გახდა. BBC-მ რუნის საქციელს ცალკე მასალა მიუძღვნა და დაგმო ის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუკას ვასკესი: რევოლუცია საჭირო არ არის
ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა შემტევმა ლუკას ვასკესმა კომენტარი გააკეთა ეროვნულ გუნდთან დაკავშირებით და თქვა, რომ სრული ტრანსფორმაცია აუცილებელი არ არის.

"ჩვენი ფეხბურთელები არ არიან იმ ასაკში, რომ შემადგენლობის სრულ ტრანსფორმაციაზე ვიფიქროთ. არ მგონია, ამის გაკეთება აუცილებელი იყოს. გასაგებია, რომ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ ორ დიდ ტურნირზე, მაგრამ ეს დასასრული არ არის. მომხდარიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ", - თქვა ვასკესმა.

ლიოვმა შვაინი შეაქო
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გუნდის ვეტერანი ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი შეაქო. "შვაინი" ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ზის და ძალიან ცოტას თამაშობს.

"ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ჯერ ერთი, 90 წუთის განმავლობაში სათამაშოდ მზადაა და მეორეც, ძალიან ეხმარება ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მაგალითად, მარიო გიოტცე თანდათან უმატებს, შედის ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში და ეს შვაინშტაიგერის დამსახურებაა", - თქვა ლიოვმა.

კიმიხის და ლამის შედარება როგორ შეიძლებაო?
გერმანიის ნაკრების ყოფილმა წევრმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა პოლ ბრაიტნერმა განაცხადა, რომ კარგ ფორმაში მყოფი ფილიპ ლამისა და ჯოშუა კიმიხის შედარება, უბრალოდ, უსირცხვილობაა.

"კარგ ფორმაში მყოფი ლამის და კიმიხის შედარება, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი თუ გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი აკეთებს, უბრალოდ, სირცხვილია. ეს ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი, ის სხვამაც გაიზიაროს", - თქვა ბრაიტნერმა.

ნორვიჩის ფეხბურთელებმა "ბარსას" ფეხბურთელებზე მეტი გოლი გაიტანეს
სტატისტიკის მოყვარულებმა გამოითვალეს და "ნორვიჩის" ფეხბურთელებმა ევრო 2016-ზე სამი გოლი გაიტანეს. ამ მაჩვენებლით პრემიერლიგიდან გავარდნილი კლუბი მე-4-მე-8 ადგილებს იყოფს.

"ნორვიჩის" სამი გოლიდან ორი რობი ბრეიდის (ირლანდია) ანგარიშზეა, ერთი - უესლი ჰულაჰანის (ირლანდია). აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ევრო 2016-ზე სულ 2 გოლი გაიტანეს. ლიდერი კი "რეალია" - 6 გოლი (ბეილი 3, რონალდო 2, მოდრიჩი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამომზევებულა პაულ ბრაიტნერიც - რატომ უნდა დათრგუნო ახალგაზრდა ფეხბურთელი ასეთი უაზრო გამოსვლით?! იქნებ უმატებს კიდევ!
გაგა
12:46 30-06-2016
0

სიახლეები პოპულარული