ისლანდიის ნაკრები - ევრო 2016-ის "ლესტერი"

AutoSharing Option
შეიძლება, გულის სიღრმეში ბევრი ჩვენგანი ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, მაგრამ ფაქტია - ორშაბათ საღამოს მომხდარი თამამად შეგვიძლია შევრაცხოთ დიდი ტურნირების ისტორიაში მთავარ სენსაციად.

ფეხბურთის გამომგონებლები დამცირებულნი არიან. ამ სასწაულის შემოქმედი კი ციდა ქვეყანაა, რომლის მოსახლეობაც 300 ათასი ადამიანია. ყველაფერს აქვს რაღაც ახსნა. შესაძლოა, ეს მავანს ფანტასტიკად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი რამ მართლაც მოხდა.

ინგლისის სპორტულ ისტორიაში ასეთი სამარცხვინო ფურცელი არ არსებობს. ისლანდიისთვის კი ეს ახდენილი ზღაპარია - ზღაპარი მეგობრობაზე, სამშობლოს სიყვარულზე, თავდაუზოგავ ბრძოლაზე, ტიტანურ შრომაზე.

როცა სიტყვა ისლანდიას წერ,
ძალიან გინდა, სიტყვები "ფანტასტიკა" და "სასწაული" გამოიყენო. სხვანაირად ძნელია. ჯერ ის გავიხსენოთ, როგორ მოხვდნენ ისინი ევროპის ჩემპიონატზე. გავიხსენოთ, რომ მათ ორჯერ დაამარცხეს ჰოლანდია.

ამას მოჰყვა ევროფორუმზე ჯგუფიდან გასვლა, წაგების გარეშე და მეორე ადგილით. და მაინც, თუ ბევრს ვილაპარაკებთ სასწაულზე, ამით უნებლიედ, გავაბრაზებთ ისლანდიელ ხალხს. კი, მათ სოლიდურ ნაწილს დღესაც სჯერა მაგიის - ელფებისა და ზღაპრების, მაგრამ ყინულოვანი კუნძულის მოსახლეობა უზომოდ შრომისმოყვარეა. ეს უდიდესი სპორტული მიღწევა სწორედ ამის დამსახურებაა.

ამიტომ, სიტყვა "სასწაული"შევცვალოთ სიტყვებით - "ახდენილი ოცნება". და მაინც, როგორ ახდა ეს ოცნება?

საგა ნამდვილ კაცებზე
ხასიათის სიმტკიცე - ეს უბრალო სიტყვები არ არის და ყველა გუნდის წარმატებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ისლანდიაში ხალხი ბავშვობიდანვე ეჩვევა მძიმე შრომას. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულები სპორტსმენები არიან.

"ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არცთუ ბევრი ცნობილი ადამიანი გვყავს. ჩვენ არ გვყავს განსაკუთრებული ნიჭით დჯილდოვებული ფეხბურთელები. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ შეხვედრაში ძირითადად უბურთოდ გვიწევს თამაში.

ამის გათვალისწინებით, ჩვენ დისციპლინირებულები და მიზანდასახულები უნდა ვიყოთ. ჩვენს ქვეყანაში ეს თვისებები ძალიან ფასეულია. აი, მაგალითი: როცა მსოფლიოში ერთი ადამიანი მეორეს შრომას უქებს, ამბობს: "დიდებულად შესრულებული სამუშაოა.". ჩვენ კი ვამბობთ: "დიდებულად შესრულებული მძიმე სამუშაოა". - ამბობს ისლანდიის ნაკრების მწვრთნელი, ჰეიმარ ჰალგრიმსონი.

თითქოს, წვრილმანია, მაგრამ მეორე მხრივ, სულაც არ არის ასე. უყურებ ისლანდიის ნაკრების შემადგენლობაშ და იქ ერთადერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი გხვდება - გილფი სიგურდსონი. სამაგიეროდ, ისლანდიას ჰყავს 23 შესანიშნავი ათლეტი და ნებისმიერ მათგანს შეიძლება ნებისმიერ წამს დაეყრდნო.

საგა მშენებლობაზე
რამდენიმე ათეული წლის წინ საფეხბურთო მსოფლიომ ისლანდიაზე საერთოდ არაფერი იცოდა. რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობდა ევროპაში, ზოგს კი შესანიშნავი კარიერა ჰქონდა (სვერისონი, გუდიონსენი). ეს ნაკრებს მაინცდამაინც ვერ შველოდა. ისლანდია მყარად იჯდა ფიფას რეიტინგის მეორე ასეულში და ოცნებაც კი არ შეეძლო დიდ ტურნირებზე.

მიზეზებს დიდხანს ძებნა არ სჭირდება. ქვეყანა ძალიან პატარაა (აქ ადამიანურ რესურს ვგულისხმობთ). ჩრდოლეთშია. კლიმატი ძალიან მკაცრია. ფეხბურთის თამაში კუნძულზე მხოლოდ 4 თვის განმავლობაში შეიძლებოდა. დანარჩენ დროს ისლანდიაში თოვს.

დადგა დრო და მათ ეს მოსწყინდათ. გადაწყვიტეს, გაეზიარებინათ სკანდინავიური ქვეყნის გამოცდილება, რომელიც ისლანდიასავით ჩრდილოეთში მდებარეობს. ისლანდიიდან ნორვეგიაში მრავალრიცხოვანი დელეგაცია გაემგზავრა და იქედან მარტივი, მაგრამ გენიალური იდეით დაბრუნდა: უნდა აეშენებინათ რაც შეიძლება, მეტი გადახურული სპორტული კომპლექსი. იდგა 90-იანი წლების დასაწყისი.

პირველი "საფეხბურთო სახლი" გამოჩნდა კეფლავიკში, 50 კილომეტრის დაშორებით რეიკიავიკიდან. ხალხი მანეჟს შეესია და სპორტით დაკავდა. პროცესს ისიც დაეხმარა, რომ 2002-08 წლებში ისლანდიამ დიდი ეკონომიკური აღმავლობა განიცადა.

დღეს ქვეყანაში 12 მანეჟია - სახურავით, ხელოვნური მინდვრებით, გასახდელებით, მიწისქვეშა გათბობით, სამედიცინო პუნქტებით... 4 მანეჟი შენდება. ეჭვი არაა, მალე შესრულდება გეგმა, რომელიც 22 სპორტული კომპლექსისა და ასამდე საფეხბურთო სტადიონის აშენებას გულისხმობს.
ისლანდიაში სპორტული ინფრასტრუქურა ბიუჯეტის თანხით შენდება. სამაგიეროდ, გადასახადის ყველა გადამხდელს შეუძლია, შვილები სპორტით უფასოდ დააკავოს. ამგვარმა მიდგომამ ფეხბურთი გართობიდან ეროვნულ სიამაყედ აქცია.

საგა მწვრთნელზე
რა თქმა უნდა, ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებულ ახალგაზრდებს კვალიფიციური მწვრთნელები სჭირდებოდათ. იყო დრო, მათ საფეხბურთო განალებაზე მშობლები ზრუნავდნენ, მაგრამ მათი საფეხბურთო განათლების დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

გავიდა ცოტა დრო და ამ მხრივ სიტუაციაოდნავ გამოსწორდა. სამშობლოში დაბრუნდნენ ის ისლანდიელი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპასი მიიღეს გამოცდილება. 2006 წლიდან პერსპექტიული მწვრთნელები უკვე აღარ იყვნენ იძულებულნი, სასწავლებლად საზღვარგარეთ გამგზავრებულიყვნენ.

უეფასა და ადგილობრივი მთავრობის დახმარებით მწვრთნელებს უკვე ადგილზე შეეძლოთ კვალიფიკაციის ამაღლება. ამან ის გამოიწვია, რომ სამწვრთნელო კულტურა ისლანდიაში თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა.
სადღეისოდ ამ ქვეყანაში საერთაშორისო კჯატეგორიის 184 მწვრთნელია. B ლიცენზია აქვს 584 სპეციალისტს. ფეხბურთის ფედერაცია 10 წელზე ზემოთ ბავშვების გაწვრთნას უკრძალავს იმ სპეციალისტებს, ვისაც შესაბამისი ლიცენზია არ აქვს.

ზუსტად რომ დავთვალოთ, ისლანდიის 500 მცხოვრებზე (სქესს მნიშვნელობა არ აქვს) ერთი დიპლომირებული სპეციალისტი მოდის.

Sportall.Ge

საგა ამბიციურ ახალგაზრდებზე
მთლიანად კუნძულზე 22 ათასი ფეხბურთელია დარეგისტრირებული. ქალი, კაცი, ბავშვი... პროფესიონალი მათ შორის დაახლოებით ასამდეა. ისლანდიის დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ აქ ნიჭიერ ბავშვებს არ კარგავენ. ძალიან პატარა ტერიტორიაზე ძალიან ბევრი მწვრთნელია.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი: აქ ბავშვს ჯვარს არასოდეს უსვამენ. ზოგი ადრე იხსნება, ზოგი გვიან. ეს ჩვეულებრივი მომენტია. ნამცეცა ქვეყანაში ყველა უნდა დააფასონ. აქ რესურსის გაფლანგვის საშუალება არ არის.
ყველა სიამოვნებით თამაშობს და ოსტატობას ხვეწს. ისლანდიური პროექტის თვალსაჩინო მაგალითია "ბრეიდაბლიკი". მანეჟში ბაზირებულმა კლუბმა ბავშვთა ფეხბურთს მიხედა, შექმნა აკადემია, დაასაქმა პროფესიონალი მწვრთნელები.

შედეგმა არ დაახანა. გუნდმა ტიტულების მოგება დაიწყო. სწორედ ამ კლუბის აღზრდილები არიან გილფი სიგურდსონი (სუონსი), ფინბოგასონი (აუგსბურგი), გუდმუნდსონი (ჩარლტონი) და სხვები.

და მაინც, ისლანდიის ჩემპიონატი არ არის მაღალი დონის ტურნირი. მეტიც - ის ნახევრადპროფესიონალური შეჯიბრებაა. ფეხბურთელები ახალგაზრდული ასაკიდანვე ცდილობენ ევროპაში სათამაშოდ წასვლას.

სურათი დაახლოებით ასეთია: ყოველწლიურად 70 ფეხბურთელს აქვს ევროპაში დამკვიდრების სურვილი. 20 მიემგზავრება გასინჯვაზე და ახალი კლუბის ხელმძღვანელობისათვის თავის მოწონებას მხოლოდ რამდენიმე თუ ახერხებს.

საინტერესოა, რომ ისლანდიის ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობიდან (23 ფეხბურთელი) 22 თამაშობს ევროპულ კლუბებში. ნაკრები ვერაფერს მიაღწევდა, ყველა ფეხბურთელი კუნძულზე რომ თამაშობდეს.

საგა იდეალურ წყვილზე
როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისლანდიური ფეხბურთის მამები ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით? ჩაებარებინათ ის უცხოელი მწვრთნელისათვის თუ ნდობა თანამემამულე სპეციალისტისთვის გამოეცხადებინათ?

ისლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ შერეული ვარიანტი აირჩია. 2012 წლის ოქტომბერში მათ შვედი მწვრთნელი, ლარს ლაგერბაკი მიიწვიეს, ვინც ნიგერიის ნაკრების გაწვრთნა დაასრულა. სხვათა შორის, შვედი უკვე პენსიაზე გასვლას ფიქრობდა.

დამხმარედ კი ფედერაციამ ლაგერბაკს დაუნიშნა ადგილობრივთა შორის ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელი ჰალგრიმსონი, ვინც პროფესიით სტომატოლოგია. იდეალური ტანდემი გამოვიდა. ლაგერბაკმა ნაკრებში მიიტანა ევროპული წესრიგი, დისციპლინა და მიდგომა. ჰალგრიმსონი კი შვედს ისლანდიის გაცნობაში დაეხმარა, შეაყვარა მისი კულტურა და ჩვეულებები.

ევროფორუმის შემდეგ ლაგერბაკი კარიერას ასრულებს, ისლანდიის ნაკრებს კი ჰალგრიმსონი ჩაიბარებს - ის უკვე მზადაა ამისათვის.

საგა ტალანტიან თაობაზე
ისლანდიის ნაკრებში მართლაც რომ შესანიშნავმა თაობამ მოიყარა თავი. მოვუსმინოთ ეროვნული გუნდის მწვრთნელს, ჰეიმარ ჰალგრიმსონს:

"ეს თაობა ძალიან კარგია. ალბათ, საუკეთესოა ისლანდიური ფეხბურთის ისტორიაში. ჩვენ ძალიან დაგვეხმნარა ევროპული გამოცდლება. ერთი ფეხბურთელი წავიდა ევროპაში სათამაშოდ და მერე მას სხვებმაც მიბაძეს."

მაშ ასე, ისლანდია უკვე დიდი საფეხბურთო ქვეყანაა.

20 წლის წინათ დაწყებულმა რეფორმამ შედეგი ახლა გამოიღო.

Sportall.Ge

BBC-ის 5 ფაქტი ისლანდიურ ფეხბურთზე
1. მწვრთნელებიდან ერთ-ერთი, ჰეიმირ ჰალგრიმსონი დანტისტია. ის მუშაობს კუნძულზე, რომლის ტერიტორიაც 13 კვადრატული კილომეტრია და 5 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ევრო 2016-ის მერე ჰალგრიმსონი ნაკრების ერთადერთი თავკაცი იქნება.

2. ისლანდიის მოსახლეობის 10% ამჟამად საფრანგეთში იმყოფება ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად. ისლანდიაში სულ 332 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ინგლისის მოსახლეობის 10% რომ წასულიყო საფრანგეთში, ევრო 2016-ს 5,3 მილიონი ინგლისელი ფანი მოაწყდებოდა.

3. ისლანდიელი ბავშვები 3G გადახურულ მოედნებზე ვარჯიშობენ. რადგან ისლანდიაში ყველაზე "ცხელ" თვესაც კი გარეთ 10-13 გრადუსია. დეკემბერში კუნძულზე 20-საათიანი ღამეა.

4. ნაკრების მეკარე ჰანეს ჰალდორსონი ახლო წარსულში რეჟისორი იყო. მისი შექმნილია კლიპი ისლანდიიდან 2012 წლის ევროვიზიაზე.

5. ისლანდიელთა ცნობილი კომენტატორი, რომლის კლიპმაც ინტერნეტით მთელი მსოფლიო მოიარა, გუდმუნდურ ბენედიქტსონია, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გაათავისუფლეს "რეიკიავიკიდან", სადაც მწვრთნელი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მთავარი სენსაცია წინაა-- ისლანდია-საფრანგეთი-2-1.
status quo
12:17 03-07-2016
0
იმედია ფრანგებსაც ანახებენ ისლანდიურ მასტერკლასს,
გია
10:34 03-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული