ევრო 2016. ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ყველაფერს გავიღებ შვედეთისთვის

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩი 34 წლისაა. ზლატანი მაინც ძალიან მაგრად თამაშობს და როცა თამაშობს, ვარსკვლავებით გადაჭედილ "პარი სენ-ჟერმენში" ულაპარაკოდ პირველი კაცია. სხვა საქმეა, რომ ნაკლებად პრინციპულ შეხვედრებში შვედს ხშირად თამაში ეზარება. მას უფრთხილდებიან, ის თავს უფრთხილდება.

"იბრა" ან სათადარიგოთა სკამზე ზის, ან ტრიბუნიდან უცქერს თამაშს.

მალე ზლატანს დასასვენებლად არ ეცლება. მალე ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფია. შვედეთი ვერ გავიდა ევროპირველობაზე პირდაპირ და ეს ზლატანის ბრალი ნამდვილად არ არის. საიდანაც გინდა მიუდექი, თანამედროვე შვედეთი მაინც ერთი კაცის გუნდია და ამ კაცს ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჰქვია.

ერთი კაცის გუნდი
შვედეთი პირდაპირ ვერ მოხვდა ევროფორუმზე. ქვეყანას აღარ ჰყავს ისეთი ვარსკვლავები, 90-იან წლებში რომ ჰყავდა. აღარ არიან დალინი, ბროლინი, რაველი, შვარცი. არის იბრა და შვედეთი ივარგებს მანამდე, სანამ ეს ერთი კაცი "გაქაჩავს". ამ კაცს კი ბევრი შეუძლია და ძალიან ხშირად ის შეუჩერებელია.

შვედეთისათვის ზლატანს თავი არ დაუზოგავს. ასე იყო ამ ციკლშიც. საერთოდ, "იბრას" არ უყვარს ტრავმებთან ხუმრობა. ამ ციკლში მან საკუთარ თავს უღალატა და ნემსების დახმარებით ითამაშა რუსეთში. შვედეთმა გაუშვა, მაგრამ ბოლო წამზე მაინც კინაღამ შესწვდა სანუკვარ ფრეს.

შვედეთის ნაკრების ნახევარმცველი პონტუს ვერბლუმი ასე აფასებს ზლატანის წვლილს ეროვნული ნაკრების წარმატებაში: "როცა ის მინდორზეა, თითოეულ ჩვენგანს ემატება საკუთარი ძალების რწმენა. ზლატანი ნამდვილი ლიდერია და შვედეთის ნაკრები მასთან ერთად სულ სხვა გუნდია. შვედეთის შეჩერება ზლატანთან ერთად ძალიან რთულია".

იბრაჰიმოვიჩს ნაკრების მიმართ განსაკუთრებული მიდგომა აქვს. თავის დროზე მას შეეძლო ეთამაშა ხორვატიისა და ბოსნიის ეროვნული გუნდების შემადგენლობაში, თუმცა სანაკრებო ასპარეზად აირჩია შვედეთი. ქვეყანა, სადაც ის დაიბადა.

"შვედეთის ნაკრები ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გუნდია დედამიწის ზურგზე. ამ გუნდმა მე ყველაფერი მომცა და მე მას ყველაფერს ვაძლევ. მისი მაისურით გატარებული თითოეული წუთი ძვირფასია ჩემთვის და იმისაც ურყევად მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატი უჩვენოდ არ ჩაივლის.

შვედეთის ნაკრებს აქვს ერთი შესანიშნავი თვისება. მისი ძალა ყველაზე უკეთ ისეთ მატჩებში ჩნდება, რომლებშიც სასწორზე ყველაფერი დევს. ჩვენ ვიცით მნიშვნელოვანი თამაშებისათვის მობილიზება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პლეი ოფამდე საქმე არ უნდა მიგვეყვანა", - ამბობს იბრაჰიმოვიჩი.

შვედეთის ნაკრები და ზლატანი ერთმანეთისგან მართლაც განუყოფელი თემაა. ზლატანი 2001 წლიდან თამაშობს ქვეყნის პირველ გუნდში. მან ამ დროის განმავლობაში შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში 109 მატჩი ჩაატარა და 59 გოლი გაიტანა. დაგვეთანხმებით, დიდებული შედეგია.

მით უმეტეს, იმ ნაკრების ფორვარდისათვის, რომელიც ევროპულ გრანდებს სულაც არ ეკუთვნის.

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში შვედეთის მეტოქე დანიის ნაკრები იქნება. სკანდინავიური დერბი მუდამ დაძაბულია და ასე იქნება ამჯერადაც. სასწორზე ხომ კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზური დევს.

დანიას საქართველოში არ ჰყავს ცოტა გულშემატკივარი. ჩვენში ჯერაც ბევრს ახსოვს ალან სიმონსენისა და პრებენ ელკიაერის დიდებული თამაში. ამას მოჰყვა ძმები ლაუდრუპებისა და პეტერ შმეიხელის ტალღა. იმ თაობამ ციცქნა დანიას ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოაგებინა.

დანიას ლაუდრუპები აღარ ჰყავს, მაგრამ "დანიურ დინამიტს" ხელს მაინც ვერ წამოვკრავთ. გუნდი სავსეა კვალიფიციური ფეხბურთელებით და ამ ფეხბურთელებს პლეი ოფში ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლიათ.

არა, სკანდინავიური დერბი მართლაც ყველაზე ტკბილი ლუკმა უნდა იყოს იმ ოთხი მატჩიდან, კონტინენტის პირველობის ამდენივე მონაწილესა და შესაბამისად, ამდენივე ხელმოცარულს რომ გაარკვევს.

იბრა VS ერიქსენი
თანამედროვე დანია გუნდურად მოთამაშე გუნდია. მას მაინც ჰყავს ერთი გამოკვეთილი ლიდერი და ამ ლიდერს კრისტიან ერიქსენი ჰქვია. ერიქსენი მთავარი კაცია მიმდინარე სეზონში დიდებულად მოთამაშე "ტოტენჰემში".

კრისტიანი სათამაშოდ რომ გამოდის, მისგან ყოველთვის განსაკუთრებულ რამეებს ელი, ერიქსენს თითქოს ფუნჯი უჭირავს მინდორზე და ხატავს. ერიქსენი კარგია. დანია კარგია და მაინც, ევროპის ჩემპიონატი ზლატანის გარეშე აღარ იქნება ის ნაღდი ევროპა, რომელსაც ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით.

ფეხბურთი უფრო და უფრო გუნდური თამაში ხდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სპორტის ნომერ პირველ სახეობაში ინდივიდუალისტები ფასობენ. ისინი "აკეთებენ" თამაშს და ხალხი მეტწილად მათთვის დადის სტადიონზე.

სკანდინავიური დერბი
დღეს, როცა მსოფლიო ფეხბურთში ვარსკვლავების კატასტროფული ნაკლებობაა, არავის გვინდა, რომ ევროპამ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოისაკლისოს. დანიას არაფერს ვერჩით, მაგრამ ეს პლეი ოფი ისეთი ოხერი რამაა, არჩევანის საშუალებას არ გვიტოვებს.

მაშ, თუ არჩევანია, ჩვენ ვირჩევთ ზლატან იბრაჰიმოვიჩს. თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ უპირველეს ვარსკვლავს, ვინც ახლა 34 წლისაა. ვინ იცის, ევროპის ჩემპიონატი მისი ბოლო დიდი ტურნირიც იყოს სანაკრებო დონეზე.

ვირჩევთ ზლატანს და გული გვწყდება დანიაზე, თუმცა ჩვენი არჩევანი თამაშის ბედს ვერ გადაწყვეტს. ორრაუნდიანი შეხვედრის ბედი უშუალოდ მინდორზე გადაწყდება.
ბრძოლა კი დაუნდობელი იქნება, ჩრდილოელთა სისხლი ადუღდება. სხვანაირად წარმოუდგენელია, როცა სკანდინავიური დერბია. როცა სასწორზე ყველაფერი დევს.

P.S. პლეი ოფის პირველი თამაში შვედეთში 12 ნოემბერს გაიმართება, საპასუხო კი დანიაში 15 ნოემბერს ჩატარდება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი       კრისტიან ერიქსენი
პსჟ (საფრანგეთი)       ტოტენჰემი (ინგლისი)
34 წლის                 23 წლის
195 სმ                   177 სმ
ფორვარდი            ნახევარმცველი
300 ათ. ფუნტი/კვ.  75 ათ. ფ/კვ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული