ბელგიასა და პორტუგალიას შორის ამხანაგური მატჩი ლეირიაში გაიმართება

AutoSharing Option
მაშინ, როცა სირიის ჩემპიონატი (მართალია, მხოლოდ ორ ქალაქში) მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ამ ქვეყნის ტერიტორიიდან წამოსული საფრთხის გამო ბელგიის ნაკრებს ამხანაგური მატჩი ვერ უთამაშია. თუმცა, რა ფეხბურთზეა ლაპარაკი, როცა სირიელ ტერორისტთა ნამოქმედარმა ბრიუსელში 31 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 300-მდე კი დააშავა.

გუშინ ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, 29 მარტს ბრიუსელში გასამართავი ამხანაგური მატჩი ბელგიისა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთა შორის, აღარ გაიმართება. რა თქმა უნდა, მიზეზი 22 მარტის ტერორისტული შეტევის მერე უსაფრთხოების გარანტიების უქონლობაა. "მხარეები შევთანხმდით, რომ უკეთესი იქნება, თუ შეხვედრა არ გაიმართება.

გუშინდელი ტერორისტული აქტის მერე ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორიზმის საფრთხე მე-4 დონეზეა აყვანილი, ეს კი ძალიან აძნელებს მასობრივი შეკრების ადგილებზე ღონისძიებების გამართვას, როგორიც საფეხბურთო მატჩია", - განაცხადა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა.

თუმცა ამხანაგური მატჩი იმავე დღესა და იმავე დროს მაინც შედგება, ოღონდ ორმხრივი შეთანხმებით, ეს შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ ლეირიაში გაიმართება. ეს იყო პორტუგალიის ფედერაციის შეთავაზება და ბელგიელები მას დათახმდნენ. გუშინ ბელგიის ნაკრებმა "მეფე ბოდუინზე" დახურულ კარს მიღმა ივარჯიშა, გაძლიერებული დაცვის პირობებში. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში პარიზის ტერაქტის შემდეგ გაუქმდა ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებთა ამხანაგური დაპირისპირება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული