მატჩში, ანტონიო კონტესა და ვისენტე დელ ბოსკეს დუელის გარდა, სხვა საინტერესო დუელიც შეიძლება ვიხილოთ - მაგალითად, ორი ლეგენდარული მეკარის დაპირისპირება - ჯანლუიჯი ბუფონი იკერ კასილიასის წინააღმდეგ.
ეს მათი მეცხრე დაპირისპირება იქნება საერთაშორისო არენაზე და ესპანელი გაცილებით წინ არის. კასილიასმა მხოლოდ ერთხელ წააგო ბუფონთან დუელი წინა რვა დაპირისპირებაში. ეს 2011 წელს, ბარიში ამხანაგურ შეხვედრაში მოხდა.
იკერი, ალბათ, ევრო 2016-ს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს. ეს ბუფონს არ ემუქრება. ის კი არა, ჯიჯი სერიოზულად გეგმავს, რომ საერთაშორისო კარიერას 2018 წლის მუნდიალამდე გააგრძელებს და 40 წლის ასაკში დაიცავს იტალიის ღირსებას რუსეთში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე!
არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ესპანეთის ნაკრების ცენტრალურ მცველებს, ჟერარდ პიკესა და სერხიო რამოსს ერთმანეთი არ უყვართ. იმის გამო, რომ ისინი ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ გუნდებში თამაშობენ, მათ ხშირად გაუცვლიათ არცთუ სასიამოვნო სიტყვები.
ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებოდნენ მათ ტანდემს ამის გამო, მაგრამ ფაქტია, პიკე და რამოსი მოედანზე წყენას ყოველთვის ივიწყებენ და ერთმანეთს ბრწყინვალედ უგებენ. მას მერე, რაც კარლეს პუიოლმა სანაკრებო კარიერა დაასრულა (2012 წელს), პიკესა და რამოსის წყვილი თითქმის შეუცვლელია "ფურია როხაში".
"როცა რამოსი და პიკე მშვიდად არიან, საკუთარი ძალებისა სჯერათ და მოტივირებულნიც არიან, ეს მთელი გუნდისთვის გადამდებია. ეს დუეტი ესპანეთის ნაკრების ხერხემალია, დაცვაში ბრწყინვალე თამაშის და არა მარტო ამის გამო. თუ ისინი ვერ მოქმედებენ გუნდურად, ეს ნაკრებს ძალიან აზარალებს", - განაცხადა დელ ბოსკემ და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი 2014 წლის მუნდიალია, როცა პიკე და რამოსი შორს იყვნენ საუკეთესო ფორმისგან.
ტერორიზმი და "ფურია როხა"
ბუნებრივია, ტერორიზმის თემას ვერ ავცდებით. ამაზე პრესკონფერენციაზე პედრო როდრიგესმა და მიკელ სან ხოსემ ილაპარაკეს.პედრო: "ჩვენ გვსურს, ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ ტერორიზმის მსხვერპლთა ოჯახებისადმი. ბუნებრივია, როცა ირგვლივ ასეთი რამ ხდება, მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრი არ გამოდის. იმედია, ევრო 2016-ზე ჩვენ კარგად დაცულები ვიქნებით. აუცილებელია, რომ მხოლოდ თამაშზე ვიფიქროთ და არა საფრთხეებზე. იმედია, ევროპის ჩემპიონატზე არ დაიძაბება სიტუაცია, რადგან ეს დიდებული ტურნირია და ის მშვიდობიანად უნდა ჩამთავრდეს".
სან ხოსე: "რაც მოხდა, საშინელებაა. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მხოლოდ მომავალ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი, მაგრამ მოგატყუებთ, თუ ვიტყვით, რომ საფრთხეებზე არ გვიფიქრია. იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ფეხბურთი იბატონებს".
იმედიანი პრეზიდენტი და მადლიერი დებიუტანტი
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი იმედს არ კარგავს, რომ ვისენტე დელ ბოსკე ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც ეროვნულ ნაკრებში დარჩება. არადა, დელ ბოსკემ უკვე ხმამაღლა განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ევროპის ჩემპიონატთან ერთად დაასრულებს. ფედერაცია ახალ მწვრთნელს ამ ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, 18 ივლისს გამოაცხადებს.ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ნაკრებს იტალიაში არ გაჰყოლია სერხიო ბუსკეტსი. "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხელის თითი მოიტეხა, თუმცა სანაკრებო შტაბში აცხადებენ, რომ ბუსკეტსი ამ ტრავმით გამოცხადდა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე. ასეა თუ ისე, დელ ბოსკემ აღარავინ დაიმატა ბუსკეტსის ნაცვლად. ამან კი სერხი რობერტოს შანსები ერთიორად გაზარდა.
"ბარსელონას" ახალგაზრდა უნივერსალი უდინეში პირველად მოირგებს "როხას" მაისურს და ეს შესაძლოა, პირველივე წუთებიდან მოხდეს.
"ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია, მაგრამ ეს მაინც ოცნების ახდენაა. დელ ბოსკემ მითხრა, რომ ჩემს ადგილს ნახევარდაცვაში ხედავს, თუმცა იქ ვითამაშებ, სადაც დამავალებს. ის, რომ ახლა ნაკრებში ვარ, 100%-ით ლუის ენრიკეს დამსახურებაა, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ", - განაცხადა სერხი რობერტომ.
"ამხანაგური მატჩები ძალიან კარგია, როგორც გუნდის მდგომარეობის შესაფასებლად, ისე, მომავალ მეტოქეებზე დასაკვირვებლად. ამ ორ ამხანაგურ თამაშში შევეცდები, ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი გამოვცადო. იტალიის ნაკრები სავსეა ძლიერი ფეხბურთელებით, თუმცა მათ აშკარად შეეტყობათ ვერატისა და მარკიზიოს არყოფნა.
იტალიის ნაკრებთან თამაშის დიდებული მოგონება გვაკავშირებს, იმ ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა თავისი ფორმის პიკს მიაღწია და ითამაშა დიდებულად", - განაცხადა მატჩის წინ ვისენტე დელ ბოსკემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"