მეორეა მასპინძელი საფრანგეთი, ხოლო მესამე - ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი.
საინტერესოა, რომ ინგლისის გაჩემპიონების იმედი ბრიტანულ გამოცემას ნაკლებად აქვს - თანამემამულეები ჩამონათვალში მეშვიდე ადგილზე დააყენეს. ყველაზე უიმედოდ ალბანეთი გამოიყურება...
1. გერმანია
2. საფრანგეთი
3. ესპანეთი
4. იტალია
5. ბელგია
6. ხორვატია
7. ინგლისი
8. პორტუგალია
9. ავსტრია
10. შვეიცარია
11. პოლონეთი
12. შვედეთი
13. უელსი
14. ჩეხეთი
16. რუსეთი
17. უკრაინა
18. თურქეთი
19. სლოვაკეთი
20. ირლანდია
21. ჩრ. ირლანდია
22. რუმინეთი
23. უნგრეთი
24. ალბანეთი
ფერნანდო ტორესი: თავს ესპანეთის ნაკრების ნაწილად არ ვგრძნობ
"ატლეტიკოს" თავდამსხმელ ფერნანდო ტორესს იმედი არ აქვს, რომ ვისენტე დელ ბოსკე ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს. არადა, მწვრთნელმა თქვა - კარი დახურული არავისთვისააო. "მარკასთან" ინტერვიუში ფერნანდო ტორესმა აღნიშნა:- ორი წელია ესპანეთის ნაკრებში არ მითამაშია. ბოლოს "ფურია როხას" ფორმა 2014 წლის მუნდიალზე მოვირგე. ვგრძნობ, რომ დღეს გუნდის ნაწილი აღარ ვარ. ამიტომ ევროპის ჩემპიონატზე არც ვფიქრობ. ჩემი აზრები ესპანეთის ჩემპიონატის უახლოესი მატჩის ირგვლივ ტრიალებს.
ვილმოტსი: ორიჯის საფრანგეთში წაყვანა კითხვის ნიშნის ქვეშაა
ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარკ ვილმოტსი აცხადებს, რომ უკვე მონიშნა საევროპე 23 ფეხბურთელის სია და რამდენიმე რეზერვისტიც შეარჩია:- ოთხი წელია ბელგიის ნაკრებს ვწვრთნი და ნათელი წარმოდგენა მაქვს ფეხბურთელების შესაძლებლობებზე. ზოგმა ამ სეზონში გამოიჩინა თავი, ზოგს აქამდეც მიღებული ჰქონდა ჩემგან დადებითი შეფასება.
შემიძლია გითხრათ, რომ სიაში 23 ფეხბურთელი მყავს. ასევე, ჩამოწერილი მაქვს 6 რეზერვისტის გვარი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი სიის მოთამაშეებს ჩაანაცვლებენ. რაც შეეხება ლივერპულელ ორიჯის, მისი საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ გამოჯანმრთელდება, შანსს აუცილებლად მივცემ.
ირლანდიელები არსენალელით ძლიერდებიან
ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარტინ ონილი ევროპის ჩემპიონატის წინ გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობს. იგი "მწვანეებში" იწვევს "არსენალის" ახალგაზრდა ნახევარმცველ დანიელ კროულის.ამ ფეხბურთელმა უკვე მოასწრო როგორც ირლანდიის, ასევე ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაში და თავისი ნებაა, საბოლოოდ რომელ ქვეყანას აარჩევს.
გამოცემა "აირიშ ინდეპენდენტის" მტკიცებით, მარტინ ონილი დანიელ კროულის უკვე შეხვდა... დაითანხმა თუ არა, ახლო მომავალში გავიგებთ.
ჰოჯსონი რაშფორდზე უარს ამბობს
ბოლო დროს იმდენად კარგად ათამაშდა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი, რომ მისი ევროპის ჩემპიონატზე წაყვანაზე ბევრი ლაპარაკობს, მათ შორის, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი. თუმცა, როგორც ბრიტანელთა დამრიგებელი აცხადებს, რაშფორდის ევრო-2016-ზე თამაში ნაკლებად სავარაუდოა.- ევროპის ჩემპიონატისთვის რაშფორდის ნაკრების შემადგენლობაში შეყვანა მეტისმეტად თამამი გადაწყვეტილება იქნება. თუ ასე მოვიქცევი, უარი უნდა ვთქვა ერთ რომელიმე თავდამსხმელზე, რომელიც შეიძლება მეტად იმსახურებს საფრანგეთში წასვლას. ჩვენი გუნდის თავდამსხმელთა დონის გათვალისწინებით, ევრო-2016-ზე რაშფორდის წასვლა ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. თუმცა გამორიცხული და შეუძლებელი მაინც არაფერია, - ამბობს როი ჰოჯსონი.
ფრანგული როკ-ჯგუფის პროვოკაციული მუსიკა
ფრანგულმა ჯგუფმა "ლუჩა ლიბრემ" ევროპის ჩემპიონატის წინ პროვოკაციული მუსიკა ჩაწერა. "ლუჩა ლიბრე" მექსიკური ჩხუბის სახეობაა, რომლის დროსაც მოწინააღმდეგეები საბრძოლველად ნიღბებით გამოდიან. ელექტროროკის მიმდევარი ჯგუფის წევრებიც სწორედ ნიღბებით გადიან სცენაზე.ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილ მათ ნაშრომს ასე ჰქვია: We’re all gonna loose ("ჩვენ ყველა წავაგებთ"). ტექსტში გაქილიკებულია რუსეთი და ყატარი, რომლებმაც 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება მოიპოვეს. ასევე დასცინიან სუპერვიქტორს - ევრო-2016-ის თილისმას.
- ამ სიმღერის ტექსტი გასულ ზაფხულს დავწერეთ, სწორედ მაშინ, როცა ფიფას სკანდალი აგორდა. ვიფიქრეთ, რომ დავიდ გეტას მიერ შექმნილი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნი ძალიან მგრძნობიარე იქნებოდა და გადავწყვიტეთ, რაღაც საპირისპირო გაგვეკეთებინა, - აცხადებს "ლუჩა ლიბრეს" ერთ-ერთი წევრი პიერ-ივა ბუსარი, მეტსახელად "მსუქანა".
ევროისტორია: ავტოგოლები
1976 წლის 16 ივნისი. ზაგრები. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი. ჩეხოსლოვაკია-ჰოლანდია. მე-19 წუთზე ჩეხოსლოვაკების კაპიტანი, მცველი ანტონ ონდრუში შეტევაში ჩაერთო, ბურთი მიუვიდა თუ არა, ძლიერად დაარტყა და 1:0. მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, ჩეხოსლოვაკია - ფინალს, თუმცა ონდრუშმა გადაწყვიტა, ნახევარფინალში თამაშის სიამოვნება გაეხანგრძლივებინა და ერთი გოლიც გაიტანა - საკუთარ კარში. გაინტერესებთ, როგორ დასრულდა შეხვედრა? - ჩეხოსლოვაკიამ დამატებით დროში 3:1 მოიგო. ფინალში ონდრუშის თანაგუნდელებმა პენალტების სერიაში აჯობეს გფრ-ს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. სხვათა შორის, ერთ-ერთი თერთმეტმეტრიანი სწორედ ანტონ ონდრუშმა გაიტანა. იგი მეკარე ივო ვიქტორთან ერთად ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ასე და ამგვარად, ანტონ ონდრუში პირველი ფეხბურთელი იყო, ვინც ევროპის ჩემპიონატებზე ავტოგოლი გაიტანა. შემდგომში მას მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. პირველ მათგანს ოცი წელი ველოდით: 1996 წლის 18 ივნისს, ბულგარელმა ლიუბოსლავ პენევმა თანაგუნდელებს მშვენიერი გოლი გაუტანა. მისმა ბულგარეთმა საფრანგეთთან 1:3 წააგო. სხვათა შორის, ერთი დღის შემდეგ პენევი 20 წლისა შესრულდა.
ოთხწლიანი ინტერვალით ავტოგოლები გაიფორმეს ბალკანელებმა: სერბმა დეიან გოვედარიცამ (ჰოლანდიასთან 1:6), 2004 წელს კი ხორვატმა იგორ ტუდორმა (საფრანგეთთან, 2:2). იმავე წელს ჟორჟე ანდრადემ მშობლიურ პორტუგალიას გაუტანა (ჰოლანდიასთან, 2:1), ხოლო 2012 წელს ინგლისი გლენ ჯონსონმა აზარალა (შვედეთთან, 3:2).
სტიკერების ალბომი
25 აპრილიდან საგაზეთო ჯიხურებში, სუპერმარკეტებსა და წიგნის მაღაზიებში იყიდება "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული გზამკვლევი - სტიკერების ალბომი, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ეძღვნება. ალბომში გაეცნობი დეტალურ ინფორმაციას "ევრო 2016"-ის მასპინძელი სტადიონების, მონაწილე ნაკრებებისა და ფეხბურთელების შესახებ, ასევე - ევროპის ჩემპიონატების ისტორიას, სხვადასხვა წლის გამორჩეულ მოთამაშეებს, ნაკრებებს და ა.შ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"