ევრო 2016. დარჩა 32 დღე: იტალია - ვერატი ვერ წავა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მწვრთნელ ანტონიო კონტეს დიდი საფიქრალი აქვს. მას თითქმის ყოველ კვირას ერთი ფეხბურთელი აკლდება. ამ თემაზე მსჯელობისას, ერთმა ენამოსწრებულმა ჟურნალისტმა შენიშნა - თუ ასე გაგრძელდა, კონტეს რობერტო ბაჯოს ნაკრებში დაბრუნება მოუწევსო...

დარმიანი
დავიწყოთ "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველ მატეო დარმიანით. მან ინგლისის ჩემპიონატის 37-ე ტურში "ნორვიჩთან" მატჩის მე-16 ტურზე ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ექიმების თქმით, სამკურნალოდ რამდენიმე კვირა სჭირდება და ევრო 2016-ზე თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ვერატი
თუ მატეო დარმიანის გამოჯანმრთელების იმედი მაინც არსებობს, გადაწყვეტილია, რომ იტალიის ნაკრებს
საფრანგეთში ვერ დაეხმარება მარკო ვერატი.

- ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებდი. მინდოდა, დავხმარებოდი თანაგუნდელებს და მივსულიყავით დასახულ მიზნამდე, მაგრამ ამას ვერ მოვახერხებ. ოპერაცია მელის. ისღა დამრჩენია, პარტნიორებს წარმატებები ვუსურვო. მინდა, ეს ზაფხული იტალიელებისთვის ჯადოსნური გამოვიდეს, - დაწერა მარკო ვერატიმ თავის "ინსტაგრამზე".

რისი ოპერაცია სჭირდება და როდის იგეგმება? - გაგიჩნდებოდათ შეკითხვა. პასუხს ვერატის კლუბის, პსჟ-ის ოფიციალური განცხადებით ვღებულობთ:

"მარკოს და კლუბის ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფეხბურთელი ოპერაციას გაიკეთებს, რათა ბოლოს და ბოლოს, თავი დააღწიოს საზარდულის არეში არსებულ ტკივილებს. ოპერაცია 16 მაისს ყატარის დედაქალაქ დოჰაში იგეგმება. აღდგენის პროცესი ორ თვეს გასტანს. ასე რომ, ვერატი ვერც პსჟ-ს დაეხმარება დარჩენილ მატჩებში და ვერც იტალიის ნაკრებს - ევროპის ჩემპიონატზე".

მარკიზიო
შეგახსენებთ, რომ კონტეს სიას ასევე გამოაკლდა კლაუდიო მარკიზიო, რომელიც ნახევარდაცვაში სასტარტო შემადგენლობის წევრი უნდა ყოფილიყო.

იტალიის ნაკრების თავკაცმა გაფართოებული შემადგენლობა 23 მაისს უნდა დაასახელოს. ნახევარდაცვაში, სავარაუდოდ, იქნებიან მარკო პაროლო, ანტონიო კანდრევა, ტიაგო მოტა, ალესანდრო ფლორენცი და ემანუელე ჯაკერინი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ანტონიო კონტე შეეხმიანება ვეტერანებს - ანდრეა პირლოს, რიკარდო მონტოლივოს ან დანიელე დე როსის. შედარებით ახალგაზრდა და გამოუცდელებიდან ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვთ რობერტო სორიანოს, ფედერიკო ბერნარდესკის და ჟორჟინიოს.

დანარჩენს 23 მაისს გავიგებთ.

ბელგია: კომპანი ბელგიელებს კომპანიონობას ვერ გაუწევს
დიდი დანაკლისი აქვს ბელგიის ნაკრებსაც. "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა ვინსენტ კომპანიმ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

30 წლის ბელგიელმა კუნთის ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, კიევის "დინამოს" წინააღმდეგ მატჩისას მიიღო. მას მერე ერთი თვე დაისვენა, მკურნალობდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში, მადრიდში, ტრავმა გაუმიზეზდა და პირველივე ტაიმში მოითხოვა შეცვლა. იგი მოედანს ტოვებდა და თან თანაგუნდელებს ემშვიდობებოდა. ...დაემშვიდობა ევრო 2016-საც.

- ევროპის ჩემპიონატზე ჩემი პარტნიორების გვერდით ყოფნა მომენატრება. ძალიან გულდასაწყვეტია. თუმცა სხვა გზა არ მაქვს, სიმშვიდე და პოზიტივი უნდა შევინარჩუნო. მჯერა ჩემი გუნდისა და ვიცი, რომ შეუძლია ყველა გააოცოს. ამიერიდან ბელგიის ნაკრების ყველაზე დიდი ქომაგი მე ვარ, - დაწერა კომპანიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ინგლისი: ოქსლეიდ-ჩემბერლენი OUT, უილშირი IN
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა მუხლი კიდევ ერთხელ დაიზიანა და ინგლისის ნაკრების მწვრთნელის, როი ჰოჯსონის საევროპე სიიდანაც ამოვარდა. ბრიტანული გამოცემები გადაწყვეტით წერენ, რომ ალექსი ინგლისელებს ევრო 2016-ზე ვერ დაეხმარება.

სამაგიეროდ, შეიძლება გუნდს არსენალელი ჯეკ უილშირი დაუბრუნდეს. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა "ტელეგრაფი". ფეხის ძვლის მოტეხილობის გამო უილშირმა მთელი სეზონი გამოტოვა და მხოლოდ 24 აპრილს ითამაშა 6 წუთი "სანდერლენდის" (0:0) წინააღმდეგ.

როი ჰოჯსონს გადაწყვეტილი აქვს, 24 წლის ჰავბეკი გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანოს და საკონტროლო მატჩებში დააკვირდეს - შეძლებს თუ არა საფრანგეთის მინდვრებზე გუნდის დახმარებას.

რუსეთი: აღარც ჩერიშევი
რუსეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დენის ჩერიშევმა ვალენსიაში ჩაიტარა სამედიცინო შემოწმება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ კუნთი აქვს გაწყვეტილი. სწორედ ის კუნთი, რომელიც მარტის დასაწყისში დაიზიანა. მას მერე 25 წლის ფეხბურთელმა ორი თვე იმკურნალა, მოედანსაც დაუბრუნდა, მაგრამ "ვილიარეალთან" 36-ე ტურის მატჩში ხელახლა გაუწყდა.

იგი რუსებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება.

ჩერიშევი "ვალენსიაში" იჯარის წესით თამაშობდა, კონტრაქტით კი მადრიდის "რეალს" ეკუთვნის (2017 წლამდე). გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბი" მზად არის, იგი 15 მილიონ ევროდ დათმოს.

გერმანია: უიღბლო გიუნდოგანი
თურქული წარმოშობის გერმანელმა ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა. მას იგივე ბედი ელის წლეულს - ევროპის ჩემპიონატზეც ვერ ითამაშებს.

დორტმუნდის "ბორუსიის" ფეხბურთელს მუხლის სერიოზული ტრავმა აქვს და ექიმების თქმით, ევრო 2016-ის დაწყებამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

არ გამოგრჩეთ!
25 აპრილიდან საგაზეთო ჯიხურებში, სუპერმარკეტებსა და წიგნის მაღაზიებში იყიდება "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული გზამკვლევი - სტიკერების ალბომი, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ეძღვნება.

ალბომში გაეცნობი დეტალურ ინფორმაციას "ევრო 2016"-ის მასპინძელი სტადიონების, მონაწილე ნაკრებებისა და ფეხბურთელების შესახებ, ასევე - ევროპის ჩემპიონატების ისტორიას, სხვადასხვა წლის გამორჩეულ მოთამაშეებს, ნაკრებებს და ა.შ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული