ევრო 2016. დარჩა 28 დღე: ვინ წავა საფრანგეთში?

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობის დასახელებას 16 მაისისთვის აპირებს. მანამდე ერთი კვირით ადრე კი ევროპულ საფეხბურთო საიტებზე გავრცელდა ინგლისის ნაკრების სია 31 ფეხბურთელით.

დაიწერა, რომ ეს ინფორმაცია საფეხბურთო ასოციაციის ვებგვერდიდანაა, ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემთხვევით გაასაჯაროვაო. შეიძლებოდა, ასეთი რამ მართლა მომხდარიყო? ვინც ინფორმაციის უტყუარობას ამტკიცებდა, გამოაქვეყნა ინგლისის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის სურათი, სადაც შემადგენლობა იყო მოცემული.

ახლა რომ შეხვიდეთ, ზემოთ ნახსენებ საიტზე სიას ვეღარ შეხვდებით. თუმცა საკითხავია, მართლა იყო თუ ფოტომონტაჟთან გვაქვს საქმე? შრიფტი, რომლითაც შემადგენლობაა ჩამოწერილი, ემთხვევა
ასოციაციის საიტის შრიფტს, ტექსტიც ნამდვილს ჰგავს. თუმცა არის ორი ნიუანსი, რაც, შესაძლოა, გამყალბებლებს გამოეპარათ: "ლივერპულის" მცველის, კლაინის სახელი შეცდომით წერია - Nathanial Nathaniel-ის ნაცვლად. მეორე დეტალი: ვებგვერდის ფოტოზე, საძიებო სისტემაში წერია საფეხბურთო მაღაზიის სახელწოდება - uksoccershop. შესაძლოა, სწორედ ამ მაღაზიამ გადაწყვიტა რეკლამის გაკეთება და თუ ასეა, ორიგინალურ ხერხსაც მიაგნო.

ინგლისის ასოციაციის ოფიციალურ "ტვიტერზე" უმალ გამოქვეყნდა პასუხი - "არ არის მართალი".

* * *
რადგან ალბათობა მაინც არსებობს, რომ ეს სწორედ როი ჰოჯსონის ნამუშევარია, ინგლისელი მიმომხილველები შემადგენლობის განხილვას შეუდგნენ. შეფასებებმაც არ დააყოვნა. თუმცა მანამდე ჰოჯსონის გაფართოებულ სიას გავეცნოთ:

მეკარეები: ჯო ჰარტი (სიტი), ტომას ჰიტონი (ბარნლი), ფრეიზერ ფორსტერი (საუთჰემპტონი)
მცველები: რაიან ბერტრანდი (საუთჰემპტონი), გარი კეჰილი (ჩელსი), ნათანიელ კლაინი (ლივერპული), ფილ ჯაგიელკა (ევერტონი), ლუკ შოუ (მანჩესტერი), კრის სმოლინგი (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (ევერტონი)
ნახევარმცველები: დელე ალი (ტოტენჰემი), როს ბარკლი (ევერტონი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), დენი დრინკუოტერი (ლესტერი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ადამ ლალანა (ლივერპული), ჯეიმს მილნერი (ლივერპული), რაჰიმ სტერლინგი (სიტი), ჯეკ უილშირი (არსენალი)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ტოტენჰემი), უეინ რუნი (მანჩესტერი), დანიელ სტარიჯი (ლივერპული), ჯეიმი ვარდი (ლესტერი)
სათადარიგოები: ჯონ რადი (ნორვიჩი), დენი როუზი (ტოტენჰემი), კაილ უოლკერი (ტოტენჰემი), მარკ ოლბრაიტონი (ლესტერი), ფაბიან დელფი (სიტი), მარკ ნობლი (ვესტ ჰემი), ენდი კეროლი (ვესტ ჰემი), ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი).

კერიკსა და ჯოუნსს ისედაც მცირე შანსი ჰქონდათ საფრანგეთში წასვლისა. უოლკოტის არყოფნა კი სიურპრიზია. უფრო დიდი სიურპრიზია განაცხადში შოუსა და უილშირის შეყვანა. პირველს სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო უილშირი აპრილში დაუბრუნდა მოედანს, თუმცა ძალიან მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს. თუ ეს დუეტი ფორმაში ვერ ჩადგება და ევროპის ჩემპიონატზე ისე წავა, ეს როუზისა და დელფის დაცინვა იქნება, რომლებიც სადღეისოდ უილშირსა და შოუს ნამდვილად სჯობიან.

თავდასხმის კვარტეტის პროგნოზირება წინასწარ შეიძლებოდა. ჰოჯსონი აქამდეც ამბობდა, რომ დიდი ალბათობით, კეროლი და რაშფორდი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდნენ. თუმცა კეროლი გაფართოებულ სიაში არის და შანსი ჯერაც არ დაუკარგავს.

გასაკვირია, რომ ნახევარმცველთაგან მხოლოდ ორია ისეთი, ფლანგზე რომ თამაშობს - ლალანა და სტერლინგი. მილნერსაც შეუძლია ფლანგზე თამაში, მაგრამ "ლივერპულში" მთელი სეზონი მოედნის ცენტრში გაატარა. დანარჩენი ექვსი კაცი ცენტრში მოტრიალე ნახევარმცველია.

მოკლედ, თუ ეს შემადგენლობა როი ჰოჯსონის შედგენილია, საიტთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო ნამდვილად არ შეცვლის. ასეთ შემთხვევაში კი მას ბრიტანელი ჟურნალისტების წინაშე უამრავ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. დაველოდოთ შემადგენლობის ოფიციალურ ვერსიას.

ინგლისი ევროებზე
ფინალური/საკვალიფიკაციო
თამაში: 127, მოგება: 75, ფრე: 33, წაგება: 19.
ფინალური ეტაპი
თამაში: 27, მოგება: 9, ფრე: 9, წაგება: 9.
საკვალიფიკაციო
თამაში: 100, მოგება: 66, ფრე: 24, წაგება: 10.

ჰარი კეინი - ბექჰემის თანასკოლელი, ევროპის ჩემპიონობაზე მოფიქრალი
ევროპის სპორტული გამოცემების ასოციაციამ გამოაქვეყნა ინტერვიუ ინგლისის ნაკრების ფორვარდ ჰარი კეინთან. იგი ლაპარაკობს როგორც "ტოტენჰემზე", ასევე ევროპის ჩემპიონატზე და მასში ბრიტანელთა შანსებზე.

- რამდენიმე წლის წინათ "ტოტენჰემმა" იჯარის წესით არაერთხელ გაგანათხოვრათ. მოულოდნელად გუნდშიც დამკვიდრდით და ნაკრებში რომ გიხმეს, ენა არავის მოუბრუნდა უარყოფითი რეაქციისთვის. რამ განაპირობა ასეთი სწრაფი აღმავლობა?
- თავდაუზოგავმა შრომამ და საკუთარი თავის რწმენამ. ყოველთვის მჯეროდა, რომ მეტი შემეძლო და მიზნისკენ დაუფიქრებლად მივდიოდი. ბოლო 18 თვე მთლად სიგიჟე იყო, ამ სეზონში მოედანზე გატარებული ყოველი წუთით ვტკბები. მჯერა, წარმატებები და წინსვლა კიდევ გაგრძელდება. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატზეც კარგად გამოვალ.

- ფიქრობთ, რომ ევროპაზე ყველაფერი გამოგივათ?
- გამოვა. თუ გაინტერესებთ, დარწმუნებული ვარ თუ არა, რომ ევროპაზე წავალ და გოლებს გავიტან, გიპასუხებთ: დარწმუნებული ვარ.

- ინგლისის ნაკრებს დიდ ფორუმებზე წარმატების მიღწევა უჭირს. საკონტროლო მატჩში, ბერლინში მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია დაამარცხეთ. თუნდაც ამ შეხვედრის მიხედვით შეგიძლიათ თქვათ, რომ ინგლისისთვის ეს ჩემპიონატი არატრადიციულად წარმატებული იქნება?
- ასეთ საკითხზე მსჯელობა ადრეცაა და ჩვენი საქმეც არ არის. მივდივართ ტურნირზე და ვიცით, რომ თამაშიდან თამაშამდე უნდა გავუმჯობესდეთ, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ გერმანიასთან გამარჯვებაზე, არ დაგზარდებით და გეტყვით - ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო. ამის შემდეგ გუნდი თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე მოვითავეთ და შრომა აღარაა საჭირო. პირიქით, მთავარი ახლა იწყება.

- ნაკრებში კიდევ ერთი ტოტენჰემელი დელე ალია...
- დელე ალის მშვენივრად ვუგებ. მასთან თამაში სასიამოვნოა. სეზონის განმავლობაში ერთობლივად ბევრი რამ კარგად გამოგვივიდა. იმედი მაქვს, ასევე იქნება ნაკრებში.

- ალი 20 წლისაა და ნაკრებში უკვე დამკვიდრდა. რა არის ამის მიზეზი?
- შესანიშნავი ფეხბურთელია მოედნის კარგი ხედვით. ჩვენთვის, თავდამსხმელებისთვის ასეთი პარტნიორი ყოველთვის საჭიროა, რადგან დელე ალის შეუძლია ზუსტი გადაცემის სისწრაფეში შესრულება. ალი კარგი პიროვნებაცაა და რაც მთავარია - გოლების გატანაც ეხერხება.

- ბერლინში უეინ რუნის გარეშე გაიმარჯვეთ. მწვრთნელი როი ჰოჯსონის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალია, თავდამსხმელებიდან ვინ წაიყვანოს საფრანგეთში.
- დარწმუნებული ვარ, მწვრთნელს სიამოვნებს, ასეთი თავსატეხის წინაშე რომ დადგა. ჩვენ გუნდში მოხვედრისთვის ვიბრძვით. კონკურენცია სერიოზულია. სწორედ ეს სჭირდება ინგლისის ნაკრებს. უეინ რუნი კი დიდი ფეხბურთელია. იგი ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდში აუცილებლად დაბრუნდება. ინგლისს სჭირდება. ჩვენი კაპიტანია! ჰოჯსონმა უკვე გაგვაგებინა, რომ რუნის ნაკრების შემადგენლობაში აუცილებლად შეიყვანს. იყო დრო, უეინს ქვემოდან ზემოთ რომ ველაპარაკებოდი. ნაკრებში მოხვედრის პირველივე დღეებში კი მირჩია: ეცადე, სხვა არაფერზე იფიქრო, ბევრი იმუშავე, მოუმატე და არც ახლობლები დაივიწყოო.

- ბევრი თანამედროვე ალან შირერად მიგიჩნევთ...
- მშვენიერია, როცა ასეთ ვარსკვლავს გადარებენ. შირერი ხომ პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია! კარიერის ბოლოს მეც რომ მასავით ბევრი გოლი მომიგროვდეს, ურიგო არ იქნებოდა. თუმცა მე ტედი შერინგემი მომწონდა, "ტოტენჰემის" ნამდვილი გმირი და თავისი საქმის ოსტატი. იმედი მაქვს, მეც მაგდენს მივაღწევ.

- მართალია, რომ კარიერა სწორედ იმ კლუბში დაიწყეთ, სადაც დევიდ ბექჰემმა?
- არ ცდებით. ისევე, როგორც დევიდი, "რიჯუეი როვერსში" ვთამაშობდი. ბექჰემის მაგალითი ძალიან მეხმარებოდა გზის გაკვალვაში. ჩვენ, ასევე, ერთ სკოლაში ვსწავლობდით.

- რა არის თქვენი საფეხბურთო მიზანი?
- გამარჯვება, ტიტულების მოგება და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ქცევა. თუმცა გაწონასწორებული ვარ და ღრუბლებში არასოდეს დავფრინავ. უბრალოდ, ბევრს ვშრომობ.

ინგლისის დაუვიწყარი მატჩები ევროპაზე
21.06.2004
ხორვატია-ინგლისი 2:4
მიუხედავად იმისა, რომ ხორვატები თავიდან დაწინაურდნენ, ინგლისმა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო -უეინ რუნის დუბლით 4:2 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

18.06.1996
ინგლისი-ჰოლანდია 4:1
1996 წელს ინგლისის ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. ეს მან ჰოლანდიასთან ჯგუფური ეტაპის მატჩშიც დაამტკიცა. დუბლები ტედი შერინგემმა და ალან შირერმა შეასრულეს.

11.11.1987
იუგოსლავია-ინგლისი 1:4
ევრო-1988-ის შესარჩევ ეტაპზე, ბელგრადში ბრიტანელებმა მატჩის დასაწყისში მოითავეს საქმე. 25-ე წუთისთვის ინგლისელები უკვე 4:0-ს იგებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული