გია გეგუჩაძე: არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, ბრძოლა არ უნდა შეწყვიტო!

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მარცხით (0:3) დაიწყო. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი პოლონეთთან შინ უშანსოდ დამარცხდა, თუმცა სატურნირო გზა დიდია და ერთი სასტარტო წაგება ბევრს ვერაფერს წყვეტს.

- U21. საქართველო-პოლონეთი 0:3 - რისი იმედი უნდა გვქონდეს?! [VIDEO]

იმ შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთი მატჩიც ჩაატარა - საწვრთნელი სპარინგი მოუგო გორის "დილას".

"ლელო" 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა. საუბარი პოლონეთის ნაკრებთან განცდილი მარცხით დავიწყეთ და მერე სხვა თემებსაც გადავწვდით...

- პოლონეთის ნაკრებთან მატჩის ანალიზისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა,
რომ ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან დავმარცხდით. ამ ასაკში იშვიათობაა, მაგრამ მე ვიტყოდი, ეს იყო ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომელიც უნდა გვეთამაშა. ეს ფაქტია. თავის გასამართლებლად არ ვამბობ, მაგრამ შვიდი მოთამაშე გვაკლდა. არც ის მინდა, 11-მეტრიანზე გავამახვილო ყურადღება. კი, შეიძლებოდა, დანიშნულიყო პენალტი და ფრისთვის მიგვეღწია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ყველაზე საწყენი და გასაბრაზებელი არის ის, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ჩვენმა ფეხბურთელებმა თამაშს თავი დაანებეს, შეეგუენ შექმნილ სიტუაციას. მატჩის დასრულების შემდეგ, როცა გასახდელში შევედი, სწორედ ამაზე გავამახვილე ყურადღება მოთამაშეებთან საუბრისას.

არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, ბრძოლა არ უნდა შეწყვიტო! ჩვენ გვჭირდება ძლიერი, მტკიცე ხასიათის ფეხბურთელები.

- ბარემ აქვე შევაფასოთ "დილასთან" მოგებული საკონტროლო შეხვედრა...
- ჩვენ გვინდოდა, საქმეში გვენახა ის ლეგიონერები, რომლებზეც კი გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ არა - საკმარისად. ასევე ვნახეთ საქართველოს ჩემპიონატის დაბალ ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელები. რა თქმა უნდა, კარგი იყო, რომ მოვიგეთ, მაგრამ ჩვენთვის ეს თამაში უფრო მეტად ინფორმაციული ხასიათის გახლდათ.

- თქვენ არ გაქვთ ჯადოსნური ჯოხი და ფეხბურთელს სამ დღეში სათანადოდ ვერ მოამზადებთ. გარედან დანახულით ჩანს, რომ მოთამაშეები კლუბებში სათანადოდ ვერ ემზადებიან...
- სანაკრებო სპეციფიკა სულ სხვაა. შენ ფეხბურთელს აკვირდები, არ იცნობ მას. თუნდაც ხასიათის თვალსაზრისით შეიძლება, გელოდეს როგორც უსიამოვნო, ისე სასიამოვნო სიურპრიზი.

მეორე მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ კლუბებში ვერ ემზადებიან ჩვენი ფეხბურთელები, თუმცა სანაკრებოდ გამოცდილებაა საჭირო. მაგალითად, ჩვენ არაერთი ფეხბურთელი მივიწვიეთ ახალგაზრდულში 19-წლამდელთა ნაკრებიდან, რომლებმაც ამასწინათ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს. პოლონეთთან შეხვედრამ გვიჩვენა, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი უნდა იმუშაონ მანამ, ვიდრე ბოლომდე დააკმაყოფილებენ სანაკრებო მოთხოვნებს. ისინი ძალიან პერსპექტიულები არიან და ჩვენ ვაგრძელებთ მათზე დიდი ყურადღებით დაკვირვებას.

სანაკრებო სპეციფიკაა ისიც, რომ საკლუბოსგან განსხვავებით, აქ შედარებით ნაკლები რამის დაგეგმვა შეგიძლია, როცა სათამაშოდ გადიხარ. რას ვიზამთ, წესი ყველასთვის წესია და ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ.

- პოლონეთთან მარცხის შემდეგ, ალბათ, მაინც უნდა ვიფიქროთ ჯგუფური ბარიერის დაძლევაზე...
- რა თქმა უნდა! ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო. მერწმუნეთ, დაკარგული არაფერია. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ პოლონეთის ნაკრების თაობაზე შედარებით მწირი ინფორმაცია გვქონდა. ზოგმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა ახალგაზრდებში, ზოგმა 20-წლამდელებში ჩაატარა ამხანაგური თამაშები... მაგალითად, ახლა ვაკვირვებით დანიას და სულაც არ მგონია, რომ რაიმეთი ნაკლები გუნდია პოლონეთზე. მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, შევძლებთ წარმატებით თამაშს.

- რამდენად დაგვაზარალა პოლონეთთან მატჩში ფეხბურთელების სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობამ? იყო კითხვები მეკარეებზე - შოვნაძესა და ჩოჩიშვილზე. მათ ხომ ჰქონდათ სათამაშო პრაქტიკა...
- ამ მიზეზით ჩვენი გუნდი არ დაზარალებულა. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით! გადახედეთ ჩვენს შემადგენლობას პოლონეთთან მატჩში და დარწმუნდებით, რომ ყველა ფეხბურთელი თამაშობს. უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა აქვს მეკარე კუპატაძეს. რაც შეეხება შოვნაძეს, მე მას ვიცნობ ჯერ კიდევ თბილისის "დინამოდან" და ახლაც ვაკვირდები ყურადღებით. იმავეს ვიტყოდი ჩოჩიშვილზეც.

ამ დონეზე სათამაშოდ საჭიროა გამოცდილება, რომელიც აქვთ გოშაძესა და ქურდაძეს, თუმცა ჩოჩიშვილიც და შოვნაძეც ჩვენი ყურადღების არეალში რჩებიან.

გამოცდილებისთვის ხაზი შემთხვევით არ გამისვამს. ეს აუცილებელია! ტრავმები სხვა საკითხია. მხოლოდ ორი ფეხბურთელი რომ ვთქვათ, ზარანდია და კიტეიშვილი, ყველამ იცის, რა ძალას წარმოადგენენ ისინი ჩვენი ნაკრებისთვის. მიმაჩნია, რომ ამ დონეზე სათამაშოდ მზად არიან ჩაკვეტაძეც, ლოჩოშვილიც... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მალე ახალგაზრდულ ნაკრებში ჩვენთვის უცნობი ლეგიონერიც გამოჩნდეს?
- შეკრებაზე გვყავდა ელოშვილი, ბევრისთვის უცნობი ფეხბურთელი, რომელიც ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს. ვაგრძელებთ ძიებას, თუმცა ამ კუთხით არის გარკვეული პრობლემები. ზოგს ქართული პასპორტი არ აქვს, ზოგიერთი კი ძალიან დაბალ დონეზე თამაშობს... დამეთანხმებით, რთულია სამოყვარულო დონეზე სანაკრებოდ გამოსადეგი კადრი მოიძიო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯადოსნური ჯოხი არ გაქვთო ასე გაპრავებული წაგება პირველად ვნახე. თუ იცი რო არ აქვს ჯგუფიდან გასვლა დაივიწყეთ.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
17:54 16-09-2017
1
პოლონეთი თუ "ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა" მაშინ სხვებთან რაღა უნდა ქნა. ისეთი "სისწრაფე" ქონდა თამაშს რომ 5 ჯერ გამეღვიძა. კაი რა გია სირბილი მაინც ასწავლე ნაკრებს! არავითარი ფსიქოლოგიური მომზადება არ გააჩნია! გუნდი საერთოდ შეუთამაშებელია ვითომ მოთამაშეებმა ერთმანეთი თამაშის წინ გაიცნეს! ქუჩის ფეხბურთში უფრო შეთამაშებულები არიან ვიდრე გეგუჩაძის ნაკრებში მოთამაშეები. პოლონეთმა სიარულით მოიგო გასვლაზე. გამოჩნდა რომ გეგუჩაძე სუსტი მწვრთნელია და კობიაშვილი სად იყურება და უყურებს კი ნაკრებების თამაშებს ძალიან საეჭვოა!!!???(როდემდე უნდა ვუყუროთ ფაფა ნაჭამ თამაშებს???).
მესი
16:13 16-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული