- U21. საქართველო-პოლონეთი 0:3 - რისი იმედი უნდა გვქონდეს?! [VIDEO]
იმ შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთი მატჩიც ჩაატარა - საწვრთნელი სპარინგი მოუგო გორის "დილას".
"ლელო" 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა. საუბარი პოლონეთის ნაკრებთან განცდილი მარცხით დავიწყეთ და მერე სხვა თემებსაც გადავწვდით...
- პოლონეთის ნაკრებთან მატჩის ანალიზისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა,
არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, ბრძოლა არ უნდა შეწყვიტო! ჩვენ გვჭირდება ძლიერი, მტკიცე ხასიათის ფეხბურთელები.
- ბარემ აქვე შევაფასოთ "დილასთან" მოგებული საკონტროლო შეხვედრა...
- ჩვენ გვინდოდა, საქმეში გვენახა ის ლეგიონერები, რომლებზეც კი გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ არა - საკმარისად. ასევე ვნახეთ საქართველოს ჩემპიონატის დაბალ ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელები. რა თქმა უნდა, კარგი იყო, რომ მოვიგეთ, მაგრამ ჩვენთვის ეს თამაში უფრო მეტად ინფორმაციული ხასიათის გახლდათ.
- თქვენ არ გაქვთ ჯადოსნური ჯოხი და ფეხბურთელს სამ დღეში სათანადოდ ვერ მოამზადებთ. გარედან დანახულით ჩანს, რომ მოთამაშეები კლუბებში სათანადოდ ვერ ემზადებიან...
- სანაკრებო სპეციფიკა სულ სხვაა. შენ ფეხბურთელს აკვირდები, არ იცნობ მას. თუნდაც ხასიათის თვალსაზრისით შეიძლება, გელოდეს როგორც უსიამოვნო, ისე სასიამოვნო სიურპრიზი.
მეორე მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ კლუბებში ვერ ემზადებიან ჩვენი ფეხბურთელები, თუმცა სანაკრებოდ გამოცდილებაა საჭირო. მაგალითად, ჩვენ არაერთი ფეხბურთელი მივიწვიეთ ახალგაზრდულში 19-წლამდელთა ნაკრებიდან, რომლებმაც ამასწინათ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს. პოლონეთთან შეხვედრამ გვიჩვენა, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი უნდა იმუშაონ მანამ, ვიდრე ბოლომდე დააკმაყოფილებენ სანაკრებო მოთხოვნებს. ისინი ძალიან პერსპექტიულები არიან და ჩვენ ვაგრძელებთ მათზე დიდი ყურადღებით დაკვირვებას.
სანაკრებო სპეციფიკაა ისიც, რომ საკლუბოსგან განსხვავებით, აქ შედარებით ნაკლები რამის დაგეგმვა შეგიძლია, როცა სათამაშოდ გადიხარ. რას ვიზამთ, წესი ყველასთვის წესია და ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ.
- პოლონეთთან მარცხის შემდეგ, ალბათ, მაინც უნდა ვიფიქროთ ჯგუფური ბარიერის დაძლევაზე...
- რა თქმა უნდა! ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო. მერწმუნეთ, დაკარგული არაფერია. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ პოლონეთის ნაკრების თაობაზე შედარებით მწირი ინფორმაცია გვქონდა. ზოგმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა ახალგაზრდებში, ზოგმა 20-წლამდელებში ჩაატარა ამხანაგური თამაშები... მაგალითად, ახლა ვაკვირვებით დანიას და სულაც არ მგონია, რომ რაიმეთი ნაკლები გუნდია პოლონეთზე. მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, შევძლებთ წარმატებით თამაშს.
- რამდენად დაგვაზარალა პოლონეთთან მატჩში ფეხბურთელების სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობამ? იყო კითხვები მეკარეებზე - შოვნაძესა და ჩოჩიშვილზე. მათ ხომ ჰქონდათ სათამაშო პრაქტიკა...
- ამ მიზეზით ჩვენი გუნდი არ დაზარალებულა. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით! გადახედეთ ჩვენს შემადგენლობას პოლონეთთან მატჩში და დარწმუნდებით, რომ ყველა ფეხბურთელი თამაშობს. უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა აქვს მეკარე კუპატაძეს. რაც შეეხება შოვნაძეს, მე მას ვიცნობ ჯერ კიდევ თბილისის "დინამოდან" და ახლაც ვაკვირდები ყურადღებით. იმავეს ვიტყოდი ჩოჩიშვილზეც.
ამ დონეზე სათამაშოდ საჭიროა გამოცდილება, რომელიც აქვთ გოშაძესა და ქურდაძეს, თუმცა ჩოჩიშვილიც და შოვნაძეც ჩვენი ყურადღების არეალში რჩებიან.
გამოცდილებისთვის ხაზი შემთხვევით არ გამისვამს. ეს აუცილებელია! ტრავმები სხვა საკითხია. მხოლოდ ორი ფეხბურთელი რომ ვთქვათ, ზარანდია და კიტეიშვილი, ყველამ იცის, რა ძალას წარმოადგენენ ისინი ჩვენი ნაკრებისთვის. მიმაჩნია, რომ ამ დონეზე სათამაშოდ მზად არიან ჩაკვეტაძეც, ლოჩოშვილიც... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.
- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მალე ახალგაზრდულ ნაკრებში ჩვენთვის უცნობი ლეგიონერიც გამოჩნდეს?
- შეკრებაზე გვყავდა ელოშვილი, ბევრისთვის უცნობი ფეხბურთელი, რომელიც ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს. ვაგრძელებთ ძიებას, თუმცა ამ კუთხით არის გარკვეული პრობლემები. ზოგს ქართული პასპორტი არ აქვს, ზოგიერთი კი ძალიან დაბალ დონეზე თამაშობს... დამეთანხმებით, რთულია სამოყვარულო დონეზე სანაკრებოდ გამოსადეგი კადრი მოიძიო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"