საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები: მხოლოდ მიზეზები და შედეგად სრული კრახი

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს არასდროს უთამაშია ევროპის ჩემპიონატზე და 20 წლის წინანდელი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მიღწეული მე-2 ადგილი დღემდე სანატრელია, თუმცა მაშინ ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადიოდა და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველ ადგილზე მყოფი ინგლისი გავიდა.

ბოლო პერიოდში ყველა საკვალიფიკაციოს წინ გვექმნება წარმოდგენა, რომ ნაკრებში მყოფი ახალგაზრდები წარმატებას მიაღწევენ. ამის საფუძველს კი ბოლო პერიოდში 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა კარგი ასპარეზობა გვიქმნის.

თუ რაღაც ლოგიკური ახსნა შეგვიძლია მოვუძებნოთ პოლონეთთან და დანიასთან 5:2 განადგურებას, ვერაფრით ავხსნით ფარერების კუნძულთან 3:1 მარცხს. შემდეგ თამაშებსაც ვერ შევხედავთ
იმედის მომცემად, საკუთარ სტადიონზე ფრე ვეთამაშეთ ფინეთს 2:2 და 1:0 დავამარცხეთ კაცნაკლული ლიტვა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გია გეგუჩაძე ქართულ საკლუბო ფეხბურთში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. ამის დასამტკიცებლად "დინამო" და "ზესტაფონი" შეგვიძლია მოვიშველიოთ. მის დანიშვნას ახალგაზრდულ ნაკრებში ყველა იმედიანად შეხვდა, რადგან მას არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი აღუზრდია, მაგრამ მის მუშაობას ახალგაზრდულ ნაკრებში ვერ ვუწოდებთ წარმატებულს.

გია გეგუჩაძე ასეთი სტატისტიკის მთავარ მიზეზად საუკეთესო შემადგენლობით ვერთამაშს ასახელებს, მაგრამ ეს ვერ ამართლებს ნაჩვენებ შედეგს.

- გია გეგუჩაძე: სამწუხაროდ უძლიერესი შემადგენლობით ვერასდროს ვითამაშეთ

იმასაც ამბობენ, რომ თვითონ მწვრთნელი განიცდის ამას ყველაზე მეტად და ფარერებთან მატჩის შემდეგ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

თუ პოლონეთთან მატჩს გადავხედავთ, ნაკრებს ნამდვილად აკლდა ძირითადი ბირთვი - არ იყვნენ თუნდაც გიორგი არაბიძე, გიორგი ჩაკვეტაძე და სხვები. ამ შეხვედრაში კარის მიმართულებით ჩვენ 10-ჯერ დავარტყით, პოლონელებმა - 12-ჯერ და 0:3 წავაგეთ. ამ სტატისტიკაში მთავარი პრობლემა დარტყმის სიზუსტე გამოდგა, მხოლოდ 3-ჯერ შევძელით კარში დარტყმა და პოლონელებმა 8-ჯერ გადაგზავნეს ბურთი სწორი მიმართულებით.

ხოლო, თუ დანისთან მატჩს ავიღებთ, არ ვიცი, რას თვლის მთავარი მწვრთნელი საუკეთესო შემადგენლობას, მაგრამ რომ გადავხედოთ, მოედანზე თითქმის ყველა იყო: არაბიძე, ჩაკვეტაძე, ზარანდია, ბერიძე, ტაბიძე, ხარაიშვილი, შულაია, მოხევიშვილი, ნადარაია, მარგველაშვილი და კუპატაძე, შეცვლაზე კი ვიხილეთ არველაძე და მიქელთაძე.

ამაზე უკეთესი შემადგენლობა ამ ასაკში არ გვყავს, მით უმეტეს, ეს თაობა შემტევი ნიჭით უნდა გამოვარჩიოთ.

მაგრამ ამ შემთხვევაშიც ციდან ვარსკვლავები ვერ მოვწყვიტეთ, დავხვეწეთ წინა მატჩის მინუსი და კარში ზუსტად მეტოქეზე მეტჯერ დავარტყით - 10-ჯერ ჩვენ და 9-ჯერ დანიამ. ინდივიდუალური შოუებიც მოაწყვეს ფეხბურთელებმა, მაგრამ ის ორადორი გოლი შეცვლაზე შემოსულმა მიქელთაძემ 83-ე და 85-ე წუთებზე გაიტანა.

ფარერებთან მატჩში მოედანზე მიქელთაძე და არველაძე ვიხილეთ, სხვა შემთხვევაში შემადგენლობა იგივე იყო. ამ შეხვედრაში 4 გოლი გავიდა და ჩვენი გოლიც მეტოქის ავტოგოლით გავიდა. თუ უეფას ოფიციალურ სტატისტიკას დავუჯერებთ, ამ მატჩში ჩვენმა ახალგაზრდებმა კარისკენ 22-ჯერ დაარტყეს და მხოლოდ ერთხელ ზუსტად, როცა მეტოქემ ექვსჯერ დაარტყა, სამჯერ ზუსტად და სამივე შემთხვევაში გოლი გავიდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ 9 კუთხური ვერ გამოვიყენეთ ამ მატჩში, როცა მეტოქეს მხოლოდ ერთხელ მიეცა ამის საშუალება.

ფარერებთან მარცხი ქართული ფეხბურთის ტრაგედიად შეგვიძლია მოვნათლოთ, რადგან მომავალი როცა ასე ბუნდოვანი ხდება, არ არის კარგი პერსპექტივა.

თუ ბოლო პერიოდის თბილისურ მატჩებს გადავხედავთ, ვერც აქ ნახავდით შეკრულ გუნდს, რომელსაც ფეხბურთი უნდა ეთამაშა. ფინეთთან და ლიტვასთან მატჩში რომან ჭანტურია და ოთო კიტეიშვილი დაგვემატა. ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები: გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ხარაიშვილი და ბექა მიქელთაძე აკლდა.

თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო საქართველოს ნაკრებს არ აკლია ფეხბურთელები, სხვა ნაკრებებსაც შეიძლება ჰქონდეთ დანაკლისი. ფინეთის ნაკრებს არ ჰყავდა შემტევი სოისალო, მეკარე უისიტალო, ნახევარმცველი იენსენი, მცველი ჯარვენპა და ა.შ. ლიტვის ნაკრებში არ იყვნენ: მეკარე გერტმონასი, მცველი კორსაკასი, ნახევარმცველი იანონისი და ა.შ.

საბედნიეროდ, ბოლო ორ მატჩში არ წაგვიგია, მაგრამ ძნელი იყო როგორც გააზრებული კომბინაციების დანახვა, ასევე ჩამოყალიბებული ნაკრების თამაშის ხილვა. ლიტვა თითქმის მთელი მე-2 ტაიმი 10 კაცით გვეთამაშა, მაგრამ ის ერთადერთი გოლიც მატიულიჩის დაუდევრობით გავიდა და ჩვენი თამაში ფავორიტისას ნამდვილად არ ჰგავდა. ზოგადად, საქართველოს ნაკრების 6 გატანილი გოლიდან 2 ავტოგოლია.

რომან ჭანტურია, რომელმაც ფინეთთან გოლი გაიტანა, სათამაშო კომპოზიციიდან უბრალოდ, ამოვარდნილი იყო. მოედანზე კი არ დარბოდა, არამედ დადიოდა, ფეხბურთელებს არ ეხსნებოდა და იყო მომენტები, როცა ჩამოწოდებულ ბურთზე არც კი მირბოდა დასახვედრად.

თუ არაბიძე ფინეთთან მატში შემოსვლისას გუნდს თამაშის შემობრუნებაში დაეხმარა, ლიტვასთან მატჩში იმედის მომცემი ჯარიმებიც უხეიროდ შეასრულა და მისი გარღვევების მცდელობასაც მეტოქის მცველები ადვილად ხვდებოდნენ.

აქტიურობდნენ აკაკი შულაია, ლუკა ზარანდია, გიორგი ბერიძე, მაგრამ მათი სარგებლიანობის კოეფიციენტი არც ისე მაღალი იყო.

დაცვაში, რომელსაც ჯიმი ტაბიძემ უნდა ულიდეროს, ისეთ შეცდომებს ვუშვებდით, რომ არა მეკარე ლაზარე კუპატაძის კარიდან დროული გამოსვლა, შეიძლება ლიტვასთან ფრე გვეთამაშა.

ფაქტია, რომ ამდენი ხნის შემდეგაც 21-წლამდელთა ნაკრები ფეხბურთს უბრალოდ არ თამაშობს და შანსის იმედზეა, რომელიც ხშირად არ მოდის. ამ ფორმაციის გუნდში კი ისეთი ფეხბურთელებია, რომლებსაც შეიძლება ნაადრევად დავუკარით ტაში.

გუნდის დაცვა არ არის სათანადო დონეზე, მაგრამ მხოლოდ დაცვას ვერ დავაბრალებთ ასეთ ცუდ შედეგს, რადგან თანამედროვე ფეხბურთში დაცვა არა საკუთარი მოედნიდან, არამე მეტოქე გუნდის ნახევრიდან იწყება. ჩვენი ნაკრები კომპლექტურად ვერ იცავდა თავს, რაც მწვრთნელმა უნდა ასწავლოს, რადგან ერთი ფეხბურთელის ინდივიდუალური ოსტატობა გაშვებულ გოლს ხშირად ვერ გადაარჩენს.

რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძე კარგი საკლუბო მწვრთნელია, მაგრამ ფაქტი სახეზეა - მისი მუშაობა ნაკრებში მხოლოდ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს.

სანამ მარტში ფარერების კუნძული გვესტუმრება, დროა, სფფ-მ გამოსავალზე იფიქროს და დაპირებებით არ შემოიფარგლოს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ძვირფასო გულშემატკივარომინდაგითხრათ რომ თუ რამ მოგება აქვს გეგუჩაძის ნაკრებსყველა თამაშში ჭანტურიას გოლო აქვს გატანილი თუ მხედველობაში იმასაც გაითვალისწინებთ რომ ის არ თამაშობდა-პოლონეთთან,ფარერებთან საყვედურის სატქმელიც არაფერია მოედანზე დარბიან ის თავდამსხმელები რომელმაც იცის ბურთსმიაწვდიან ზარანდიას გარდა ამას პრაქტიკულად არავინ აკეთებს ......
მარიამი 28
21:28 23-11-2017
0
გიორგი მიქაძე დანიშნეთ და შედეგიც გექნებათ მერანმა ვერ შეიშნო და გადათამაშება უწევს იმხელა ქანდიკაპი დაუტოვა მაგრამ გაანიავეს დროა თვალიგაახილოს ფედერაციამ
ქართველი
10:50 18-11-2017
0

სიახლეები პოპულარული