U21. საფრანგეთი VS საქართველო - ვარსკვლავებით გატენილი მეტოქე

AutoSharing Option
დღეს, 15 ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფრანგ თანატოლებს დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" განახორციელებს, დიდი ალბათობით, "მეორე არხი", რადგან "პირველ არხზე" ეროვნული ნაკრების თამაშის ჩვენება იქნება.

შეხვედრა საფრანგეთის პატარა დასახლებაში, ტომბლაინში გაიმართება, რომელიც ქალაქ ნანსის მეზობლადაა.

მასპინძელი 20 000-იანი სტადიონი "სტად მარსელ პიკოტია". ფრანგებმა შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის ფასად 8 ევრო დააწესეს და მათ ახალგაზრდულ გუნდს გულშემატკივრობა არ მოაკლდება.

ჯგუფს სამი ჩატარებული შეხვედრითა და 9 ქულით შვეიცარია ლიდერობს. 6-6 ქულით მდევრები არიან საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებები,
იმ განსხვავებით, რომ "მამლებს" ჯგუფში მხოლოდ ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

საქართველოსა და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებები ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდნენ - 2016 წელს, ამხანაგურ შეხვედრაში ფრანგებმა 5:1 დაგვამარცხეს.

საფრანგეთის ნაკრები

შედარებისთვის ძალიან კარგი საზომია "ტრანსფერმარკეტის" მიერ დაწესებული ფასი. ჩვენს ნაკრებს უპირისპირდება 245 მილიონ ევროდ შეფასებული გუნდი. იმ ფონზე, როცა ჩვენი ნაკრების ფასი 7 მილიონს ვერ აღწევს.

პსჟ, "დორტმუნდი", "ლაიპციგი", "ლიონი", "მარსელი" და ა.შ. - მეტოქის ფეხბურთელები ამ გუნდებს წარმოადგენენ და ნებისმიერს შეუძლია ეროვნულ ნაკრებშიც ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს.

ნაკრების კაპიტანი "მარსელის" 19 წლის მცველი ბუბაქარ კამარაა. მთავარი ბომბარდირი, რომელმაც ორ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, "სელტიკის" 21 წლის ფორვარდი ოდსონნე ედუარდია.

გუნდის მთავარი ვარსკვლავები ცენტრალური მცველები არიან, "ლაიპციგის" 21 წლის ფეხბურთელი დაიო უპამეკანო და "დორტმუნდის" 20 წლის მოთამაშე დან-აქსელ ზაგადუ.

"მამლებს" 48 წლის სილვაინ რიპოლი წვრთნის, რომელიც ფრანგების ამ თაობას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა უკვე ითამაშა 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატზე და ნახევარფინალში ესპანეთთან 1:4 დამარცხდა.

მისი ხელმძღვანელობით ეს გუნდი სულ 4-ჯერ დამარცხდა, შინ ერთადერთხელ დანიის ნაკრებთან - 0:1.

ჩვენი ნაკრები

დღევანდელი 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი ძრავა გიორგი არაბიძე იყო, რომელმაც სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა, მის დანაკლისს კი, სამწუხაროდ, ვერავინ ამოავსებს. ჩვენებურებს ვერც ლევან ხარაბაძე და ვერც ვატო არველაძე დაეხმარებიან.

შვეიცარიასთან მატჩში, რომელშიც 1:2 დავმარცხდით, გამოჩნდა, რომ მიუხედავად სათამაშო ასპარეზების დიდი სხვაობისა, ჩვენს ბიჭებსაც შეუძლიათ მეტოქესთან ტოლ-სწორად თამაში. უბრალოდ, წინა მატჩის შემდეგაც თავს "დაჟანგული" ფრაზით ვიმშვიდებდით: "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ". არადა, ცხრილში მხოლოდ ქულები იკითხება.

ვერც ვერაფერს მოსთხოვ გია ცეცაძეს ამ მატჩში. ფრესაც თუ გამოსტყუებს მეტოქეს, ის შეხვედრის გმირი იქნება. თუ წააგებს, ვერავინ გაამტყუნებს. მაგრამ ეგება ფსიქოლოგიამ თავისი ქნას, გამარჯვებაში თავდაჯერებულ მეტოქეს საფეხბურთო ოცნებებში გახვეულმა ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭებმა გზა-კვალი აურიონ.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

ლუკა გუგეშაშვილი - დავით კობოური, ლუკა ლოჩოშვილი, ილია ბერიაშვილი, ნიკოლოზ მალი - გიორგი კუცია, ნიკა ნინუა, ლუკა სილაგაძე, დავით სამურკასოვი, ხვიჩა კვარაცხელია - ბექა ქავთარაძე

საქართველოს ნაკრების განაცხადი ასეთია
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი);

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო);

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი).

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ვქნათ,რომ საქართველო არასდროს ყოფილა კოლონიზატორი ქვეყანა,არადა სწორედ ყოფილი კოლონიებიდან გამოსულ ფეხბურთელებზე დგას საფრანგეთის ნაკრები აგერ უკვე მესამედი საუკუნეა,ეთნიკური ფრანგები კი მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ(პლატინი იტალიელი ემიგრანტის შვილია).თუმცა ისიც ფაქტია,რომ ბავშვთა ფეხბურთში ყველაფერი რიგზე არ არის,რაც როგორც ობიექტური ისე სუბიექტური მიზეზებით არის გამოწვეული,რომლებსაც ქვეყნის პოლიტეკონომიკურ მდგომარეობასთან მივყავართ.ბიჭებს კი უღრმესი მადლობა თავდადებისთვის,გულადად თამაშისთვის და საოცარი შემოტრიალებული თამაშისთვის!!!მადლობა ეკუთვნის ასევე ბატონ გიას,ძალიან სიმპატიური გუნდი ჩამოაყალიბა!!!კომპენსირებულ დროში ასეთი თითიდან გამოწოვილი პენალტები როგორც წესი არ იდება,სირცხვილი მსაჯს!!!არაუშავს ბიჭებო, ასე განაგრძეთ და შედეგიც აუცილებლად მოვა!!!
Alex.F
02:57 16-11-2019
0
მსაჯის მე დ----------ან!!! ბიჭებს ბრავო საქართველოს ფეღბურთს დიდი მომოვალი აქვს ამ ბიჭების შემყუე!!! ბრავი ბიჭებო !!!!!
gurami
02:05 16-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული