გია ცეცაძე: ეს ყველაფერი ფეხბურთთან არაფერ შუაშია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

AutoSharing Option
სანაკრებო შესვენების დროს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გარშემო აქტიური პოლემიკა იყო.

ჯერ საფრანგეთთან მატჩი და ბოლო წუთზე დადებული პენალტი, შემდეგ - სლოვაკეთი და დიდი არეულობა. ჩვენ ამ თემებზე საქართველოს ახალგაზრული ნაკრების მწვრთნელს, გია ცეცაძეს ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, დავიწყოთ სლოვაკეთის ამბებით. რა მოხდა მატჩის მიწურულს? ჩვენ ვნახეთ გაბრაზებული გია ცეცაძე, თუმცა სრულად ვერ ვნახეთ, რა უძღოდა ამ ამბავს...
- კამერებში ნამდვილად არ ჩანდა არაფერი. ჩვენს ფეხბურთელს შეეხნენ ფიზიკურად და თან რამდენჯერმე.

- სამწვრთნელო შტაბის წევრები შეეხნენ?
- დიახ. რომელი იყო, უბრალოდ
მერე აღარ მითხრეს და არ ვიცი. მთავარი მწვრთნელი ნამდვილად არ ყოფილა. მეც წინ ვიყურებოდი და ისიც. 20 წლის ბიჭს ჯერ იდაყვი ჩაარტყეს გემრიელად, შემდეგ არ გაჩერდა - აუტი სწრაფად რომ არ მოეწოდებინა, ფეხიც დაუდო.

ეს ყველაფერი ფეხბურთთან არაფერ შუაშია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ფეხბურთელს რომ ეგ გაეკეთებინა ან გულშემატკივარს, ნამდვილად არ მექნებოდა ეგეთი რეაქცია, მაგრამ სამწვრთნელო შტაბიდან ვიღაცა სლოვაკი ბავშვს ასე ექცევა, იმიტომ, რომ აუტი არ მოაწოდოს, აი, მაგიტომ მქონდა ეგეთი მძაფრი რეაქცია.

შუაგულ ევროპაში, სადაც ადამიანთა უფლებები ასეთ დონეზეა და მათგან ვსწავლობთ ჩვენ ყველაფერს, ამ დროს კი მწვრთნელი ასეთ რაღაცას აკეთებს, ბავშვმა აუტი რომ არ მოაწოდოს, ამიტომ გამოვეხმაურე ამ ყველაფერს ასე.

ჩემი შვილები არიან ყველანი, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. როგორ იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის და შეიძლება არ გამოსდით, მაგრამ როგორი თავდადებით არიან, ყველა ხედავს და ამ ყველაფერს ვერ დაუკარგავ.

მითხარით ფაქტი, რომელიც გსმენიათ და გაგიგიათ. ქართველები ხომ ემოციური ხალხი ვართ, მოწინააღმდეგის ფეხბურთელს სამწვრთნელო შტაბიდან სადმე მსგავსი რამე გაუკეთებია? ვინმეს ჩემი სამწვრთნელო შტაბიდან მოწინააღმდეგე ფეხბურთელისთვის ეგ რომ გაეკეთებინა, დაახლოებით იგივე რეაქცია მექნებოდა ჩემიანის წინააღმდეგაც.

აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მსაჯს მიაფურთხაო. სად ჩანს, რომ მსაჯს მივაფურთხე? არ მიმიფურთხებია. მაგის ახსნას და თავის მართლებას არ დავიწყებ. მწვრთნელი რომ შენს ფეხბურთელს ორჯერ ჩაარტყამს, ეგეთი ძლიერიც არა ვარ, რომ წყობიდან არ გამოვიდე.

მე რომ ქუჩაში მივდიოდე, ვიღაცას იდაყვი დავარტყა და შემდეგ ფეხი დავუდო... ფეხბურთელი ფეხბურთელს რომ უკეთებს მოედანზე, ეგ დაშვებულია, სპორტული ორთაბრძოლის ლოგიკით, მაგრამ ამხელა კაცი მაგას რომ აკეთებ, ეგ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

- ფეხბურთელის მიმართ მომხდარი ფაქტი თუ დააფიქსირა უეფას დელეგატმა?
- არ ვიცი. ერთი, რაც გავაკეთე, თამაში რომ დამთავრდა, შევედი დელეგატთან და მთავარ მსაჯთან, შემდეგ კი ბოდიში მოვუხადე. მათ მოვუყევი, რატომ მოხდა ეს ამბავი.

ეგ არ ვიცი, მაგას გაარკვევს თუ არა უეფა. ეგ ყველაფერი ტელევიზორში არ ჩანს. ჩვენ გიჟები ვართ, 35 კაცი რომ გარბის მოწინააღმდეგისკენ? თავიდან რომ მოვიხედე, არ ვიცოდი და ვკითხულობდი, თუ რა მოხდა.

მსაჯმა მშვენივრად იმსაჯა, ცუდად ნამდვილად არ უმსაჯია. მსაჯთან პრეტენზია არცერთ თამაშში არ მქონია. თუ გვეჩვენება, რომ მსაჯი მოწინააღმდეგეს ემხრობა, ჩვენ მათ უნდა მოვუგოთ მსაჯიანად. ჩვენი გუნდი რომ გადის, ყველა ფეხბურთელს ვეუბნები, რომ მსაჯიანად უნდა დავამარცხოთ მეტოქე.

მსაჯის ბრალია, ის დადო - ეს დადო. მსაჯი არაფერ შუაში არ არის. არც საფრანგეთთან არ ვაბრალებ და არც სლოვაკეთთან. ეგ ყველაფერი თქვენი ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გასაანალიზებელია.

გოლი არის თამაშის ნაწილი, როგორც აუტი, როგორც კუთხური და ა.შ. გოლი როცა გადის ერთ კარში ან მეორეში, თუნდაც ერთი ან ორი, თუ ამის გამო ჩვენ განწყობა შეგვეცვალა, ესე იგი, ჩვენ არ ვართ ამ თამაშისთვის მზად. არასოდეს სხვას არაფერი არ უნდა დააბრალო.

- თამაშებს რაც შეეხება, რას გვეტყოდით? პირველ რიგში, საფრანგეთთან რომ გადაგვეხედა მათი შემადგენლობისთვის, ბევრი იტყოდა, უშანსოდ წააგებდნენო და ამ დროს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ. ასევე, როგორ შეაფასებთ სლოვაკეთთანაც მატჩს?
- იმიტომ, რომ ფეხბურთელებმა ის მოისმინეს, რასაც ჩვენ ვამბობდით. თუმცა, პირველ რიგში, ღმერთის და შემდეგ ფეხბურთელების დამსახურებაა საფრანგეთთან ასეთი თამაში. თუ ფეხბურთელმა მწვრთნელის დავალებები არ შეასრულა, მაშინ აზრი არ აქვს ლაპარაკს.

საფრანგეთთან შეხვედრაშიც დისციპლინაში ირღვეოდა რაღაცები, თუმცა მაგ დონის გუნდთანაც მოგება შეიძლება, მაგრამ იოლი ნამდვილად არ არის. ჩემი გადმოსახედიდან, ახალგაზრდულ ნაკრებში უფრო რთულია ძლიერ გუნდებთან მოგება, ვიდრე ეროვნულ ნაკრებში. მოწინააღმდეგის ფეხბურთელები წამყვან ლიგებში თამაშობენ, ჩემპიონთა ლიგაზეც გამოდიან - მათ დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენს ფეხბურთელებს მაგაზე ნაკლები გამოცდილება აქვთ.

სწორი მიდგომითა და განწყობით ყველა გუნდის დამარცხება შეიძლება. სლოვაკებზე რა უნდა ვთქვა, უფრო ძლიერი გუნდი მეგონა მანამ, სანამ დავიწყეთ თამაში. სლოვაკებს უნდა მოვუგოთ ჩვეულებრივად, მათთან მოგება ნაღდად არ უნდა გაგვიკვირდეს.

შესაძლებელია, რომ ამ გუნდმა ყველაფერს მიაღწიოს. რა თქმა უნდა, რთული იქნება საფრანგეთთან თამაში, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ შვეიცარიასთან წააგეს. მე თავიდანვე ვფიქრობდი, რომ წააგებდნენ და ეს გუნდშიც ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის მწვრთნელმა პირობა მომცა, რომ შვეიცარიას დაამარცხებდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ მწვრთნელს ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, პირობა მოეცა, რომ ჩავიდოდა შვეიცარიაში, მასპინძლები დაემარცხებინა. მან მიპასუხა, კიო, პირობას გაძლევო. თუ უყურეთ თამაშს, ფრანგებიც დაღლილები იყვნენ, ჩვენც და მათაც ბევრი მგზავრობა მოგვიწია.

ადამიანი უნდა იყოს იდიოტი, რომ წაგებულ თამაშზე დადებითი რეაქცია ჰქონდეს. აქ არის მთავარი, რომ ხვალინდელი დღისთვის ჩვენ ისეთი განწყობა უნდა შევიქმნათ, რომ შედეგი დამაკმაყოფილებელი გვქონდეს საფრანგეთის დონის გუნდებთან. არც უნდა გაგვიელვოს იმ აზრმა, რომ ვიღაცამ ვიღაცას მიულოცოს, გილოცავ, როგორ ღირსეულად წააგე თამაშიო. ეს არის დანაშაული.

ფაქტია, ბიჭებს თავი არ შეურცხვენიათ, მაგრამ აქ შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არის უარყოფითი.

მე ერთმა რაღაცამ გამაკვირვა საფრანგეთში, ფეხბურთელები არ გამკვირვებია. გარემომ გამაკვირვა, სავსე სტადიონმა. მეგონა, ჩემპიონთა ლიგის თამაშზე ვიყავი. თან იმ ფონზე, რომ იყო საფრანგეთის ნაკრები და საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ისეთი განწყობა არ არის, როგორც საფრანგეთი ან ინგლისი/გერმანიის შემთხვევაში. 20 000-იანი სტადიონი სულ სავსე იყო. ერთი საათის შემდეგ გამოვედით სტადიონიდან, გულშემატკივრები გველოდებოდნენ, ჩვენს სახელებს ყვიროდნენ, ტაშს უკრავდნენ და გამეცინა, თუ საიდან იცოდნენ ჩვენი სახელები.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ყოჩაღ ჩვენი ბიჭები.ცეცაძე პირველი ნაკრების მწვრთნელად1
5
ცეცა მართალია ადამიანის უფლებები არა კვახი მაგათ რუსებსაც და ამერიკასაც ერთი ნაგვიანი ხელები აქვთ ყველას ეგენი ქართულ სტუმარტმოყვარეობასთან და მიმტევებლობასთან ახლოსაც ვერ მივლენ
vova
18:56 21-11-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული