სასიამოვნო
გამარჯვებას რამხელა ძალა ჰქონდა, მაგრამ არსებობს ადამიანური ფაქტორები, ამაზე დეტალურად გვეწერა და აღარ გავიმეორებთ. არაა 21-წლამდელთა ტურნირი უკვე შემდგარი ვარსკვლავების ასპარეზი, ეს ასე რთულად გასაგებია?! სხვებს ტიტული არ "სწყურიათო". კარგი, დაგეთანხმებით ამ მსჯელობაში, თუმცა რატომ არაა "მოწყურებული" ნორვეგიის ნაკრები, რომლის რიგებშიც ერლინ ჰოლანი არ ყოფილა?! ყველას გაქვთ უფლება, კვარაცხელია გააკრიტიკოთ, თუმცა ზღვარი არ უნდა წაიშალოს!..
მატჩის შესახებ საუბარი, იმის თქმა, თუ რა შეიძლებოდა უკეთ, სად იქნა შეცდომები დაშვებული, რა იყო შესაცვლელი მწვრთნელის მხრიდან და ა.შ. რთული არაა, თუმცა დროს უკან ვერ დავაბრუნებთ, ეს გუნდი კი ერთად აღარასდროს ითამაშებს, ასაკობრივი ნაკრების ხვედრი ხომ ესაა. უფრო მასშტაბური ასპექტები უნდა გამოვყოთ.
როგორც უნდა გვეყურებინა საშინაო ევროსთვის, ამ ტურნირის მნიშვნელობა ორი კუთხით იყო აღსანიშნავი - სატრანსფერო ინტერესი ჩვენი მოთამაშეების მიმართ და ეროვნული ნაკრების შევსების საკადრო რესურსი. ზოგჯერ ძალიან იოლად წარმოვიდგენთ, რომ ამა თუ იმ ქართველი ფეხბურთელით კარგი მატჩების შემდეგ ევროპის წამყვანი ქვეყნები და კლუბები დაინტერესდებიან. ყველაფერი ასე მარტივი არაა, თანამედროვე ფეხბურთი სრულყოფილებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, დასკვნების გამოტანაც მხოლოდ ერთი ტურნირით არ ხდება, დაკვირვება უფრო დიდი ხანი გრძელდება; გარდა ამისა, არასაფეხბურთო ამბებში ჩაძიებაც ხდება.
შეუძლებელია, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების დაცვის ხაზის თამაშით არ მოხიბლულიყავი, რაც მათ მომავალ კარიერაზეც უნდა აისახოს და სანაკრებო ყოფაზეც. კმაყოფილები ვართ საბა საზონოვის ლიდერული თვისებებით, ბრძოლისუნარიანობით, ფიზიკური სიძლიერითა და ამავდროულად, სისწრაფით. მოსკოვის "დინამოს" მცველს გრძელი პასი ახასიათებს, შეტევის წამოწყების მიმართულებით კი სასწავლი ისევ აქვს, ამაზე ეროვნულში თამაშის შემდეგაც მივუთითებდით.
ასევე, მთელი ტურნირის განმავლობაში ძალიან დამაჯერებელი იყო ივა გელაშვილი, რომელიც თამაშს მშვენივრად კითხულობს; მატჩიდან მატჩამდე უმატებდა ალექსანდრე კალანდაძე, ოღონდ როგორც მესამე ცენტრალური მცველი და არა ფლანგელი. ახლა ამ ფეხბურთელების კარგ გუნდებთან დაკავშირება უმნიშვნელოვანესია. ეროვნული ნაკრების უკანა ხაზში როტაციის დრო ნამდვილადაა!..
არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთაც ახლა საკლუბო კარიერა სტაბილური არ აქვთ და მნიშვნელოვანია, ეს ბოლომდე აღმოფხვრან, უკეთეს ჩემპიონატზე ფიქრი კი შემდეგ დაიწყონ. უპირველესად, გიორგი წიტაიშვილი გვახსენდება. ისრაელთან მან ართმევებზე ძალიან კარგად იმუშავა, ერთხელ კი სახიფათოდ შეუტია. ის, რომ მისი სათამაშო დრო უნდა გაიზარდოს, სადაც უნდა იყოს, ფაქტია. ვნახოთ, კიევის "დინამო" იჯარით ამჯერად სად გაუშვებს. "წიტას" ფიზიკური კონდიციების გაძლიერება სჭირდება. ირაკლი აზაროვს კლუბშიც უფრო საიმედოსა და ტაქტიკურად მრავალფეროვანს ველით. ვფიქრობთ, ჯერჯერობით მთელი ყურადღება მოქმედ კლუბებზე და არა სატრანსფერო ალიაქოთზე უნდა გააკეთონ ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა...
სანაკრებო პრობლემები მოგვარებადია საყრდენ ზონაში, ფორვარდების საკითხი კი ისევ აქტუალურია. საზონოვზე ვისაუბრეთ და მადლობა იმის გამოც უნდა გადავიხადოთ, ქართული პასპორტი გიორგი მიქაუტაძესაც რომ აქვს. გამტანი თავდამსხმელები აუცილებლად უნდა გვყავდეს, შორს რომ არ წავიდეთ, ასეთი შოთა არველაძე ნამდვილად იყო, შემდეგ კი...
სამსჯელო, სასაუბრო, განსახილველი და საკამათო ბევრია, ყველაფერს ერთი წერილი არ ეყოფა, მთავარი ისაა, მიღწეულით არასდროს დავკმაყოფილდეთ და ყოველთვის მეტისთვის ვიღვწოდეთ!..
U21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]
რამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა
U21. საქართველო VS ისრაელი - სტუმართა პროვოკაცია მატჩის შემდეგ...