რამაზ სვანაძე: მთელი 8 დღის ნამუშევარი გეგმა, ფაქტობრივად, თამაშის წინ აგვერია

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სტუმრად ნიდერლანდებთან 1:3 დამარცხების შემდეგ nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"რთული თამაში გამოდგა. მარცხი ყოველთვის საწყენია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ოქტომბერში, შვედეთში ფინალის ტოლფასი თამაში გველოდება. თამაშის მენტალურ მხარეს თუ გავითვალისწინებთ, თუ არ ჩავთვლით პირველ 15 წუთს, დანარჩენ მონაკვეთებში, ვთვლი, რომ გუნდი სათამაშო ეპიზოდებზე ადეკვატურად რეაგირებდა და გვქონდა მართლაც იმის სურვილი, რომ თამაში გადაგვერჩინა.

პირველი ტაიმის მეორე ნახევარი მთლიანად ჩვენი კარნახით წარიმართა და შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თამაშის მონაკვეთი იყო,
თუ საუკეთესო არა, რაც ამ ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს აქამდე უთამაშია. ბევრი გვაქვს სამუშაო ემოციურ კონტროლსა და ტაქტიკური დავალებების შესრულებაზე. დიდი როლი ითამაშა გამოცდილებამ, ძალიან მაღალი დონის გუნდთან გვქონდა საქმე, ამას საუბარი არ სჭირდება - ეს შედეგებიდანაც კარგად ჩანს და მინდა მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცო.

მეორე ტაიმში დაღლაც დაგვეტყო და გამოუცდელობა კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო, დღეს მინდორზე ბევრი ახალი მოთამაშე გვყავდა, რომლებმაც პირველად ითამაშეს ახალგაზრდულ ნაკრებში და პირველად ითამაშეს საერთოდ ასეთი დონის გუნდთან და ეს მათთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო, რაც შვედეთში აუცილებლად დაგვეხმარება. არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, აქამდე ჩვენით მოვედით, ჩვენი შრომით, ჩვენი გუნდურობით, ჩვენი ერთსულოვნებით და დარწმუნებული ვარ, შვედეთში წარმატებით დავასრულებთ იმ თამაშს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან ცდას არ დავაკლებთ.

ძალიან საწყენი იყო, რომ თამაშის წინ საბა საზონოვი გამოგვაკლდა, მთელი 8 დღის ნამუშევარი გეგმა, ფაქტობრივად, თამაშის წინ აგვერია. ასევე გვქონდა სხვა დანაკლისებიც, ფაქტობრივად, მთელი დაცვის ხაზი შეცვლილია, თუ არ ჩავთვლით გუნდის კაპიტანს, საბა ხვადაგიანს. ამიტომ, ძირითადად, პრობლემები დღეს დაცვის ხაზში გვქონდა, თუმცა სწორი დასკვნების გაკეთების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში წარმატებას მივაღწევთ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თამაშზე ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერა 90 წუთის მანძილზე იგრძნობოდა, რაც ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

მკითხველის კომენტარები / 8 /
განსაკუთრებული რეზერვი ტაქტიკაში გვაქვს,კერძოდ, დასახვეწია უბურთოდ მოძრაობა და დროული პასი. არ მინდა ვინმესკენ თითის გაშვერა, მაგრამ იყო ეპიზოდები, როცა ჩვენი გუნდის მოთამაშე მეტოქის კარისკენ გარბის, ამ დროს იქვე მდგომი პარტნიორი მშვიდად უყურებს მოვლენების განვითარებას და არ იცის რა გააკეთოს. ესპანეთის ნაკრების მოთამაშე ამ დროს თავისუფალი პოზიციისკენ გაიქცეოდა, გაიხსნებოდა და დროული პასის შემთხვევაში, შეტევის გაგრძელების მრავალვარიანტულობა გაჩნდებოდა. ასევე მნიშვნელოვანია მეტოქის თავდამსხმელებს მოძრაობაში სწრაფი აყოლა დაცვის თამაშისას, ისევე, როგორც დასწრებაზე თამაში.
თენგაბი
20:42 10-09-2024
0
თამასი იყო თითქმის თანაბარი და მსაჯის სიმპათიებმა გადახარა სასწორი. მოედანზე იდგა ორი კარგად განსწავლული და მებრძოლი გუნდი. არ მოველოდი ნამდვილად. ბრავო მაისურაძეს--გვაჩვენა ფეხბურთის თანამედროვე ხედვა. თავიდან დავიწყე ყურება და შემდეგ ვეღარ მოვწყიტე თვალი-იმდენად ღირსეული ბრძოლა იყო. ბრავო ბიჭებს.
tazomilan
20:00 10-09-2024
7

სიახლეები პოპულარული