ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
მას შემდეგ, რაც უმოტივაციო ნიდერლანდებმა შვედეთს 3:0 მოუგო, ჩვენს გუნდს პლეი-ოფში გასვლის შესაძლებლობა გაუჩნდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ალჩევსკი და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ სტუმრები, რომელთათვისაც ამ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა და მაინც ბოლომდე იბრძოლეს, გააქტიურდნენ და ისაკიმ შორიდან დარტყმით ჩრდილომაკედონიელები დააწინაურა. თუმცა, შეცვლაზე შესულმა გორდეზიანმა მალე ანგარიში თავურით გაათანაბრა. შემდეგ გაგნიძის დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა, მომდევნო ეპიზოდში კი ბურთი საჯარიმოში ისაკის მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ხოლო ლომინაძემ ტალევსკისგან რიკოშეტით საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. ცოტა ხანში ოდიშარია მეკარესთან პირისპირ გავიდა და დიდებული შანსი ვერ გამოიყენა. საპასუხო იერიშისას მეკარე ხარატიშვილმა საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი კამბერიმ ბურთი ცარიელ კარში ვერ გაიტანა. მერე ხარატიშვილმა ფეტას არ დაანება გატანა და სვანაძის შეგირდებმა გაიმარჯვეს.
პლეი-ოფში ჩვენი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:1
გოლები: 0:1 ისაკი (52), 1:1 გორდეზიანი (61), 2:1 ლომინაძე (71)
საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე (მორჩილაძე 70), გაგნიძე (ოდიშვილი 84), ო. მამაგეიშვილი (გორდეზიანი 54), ლომინაძე, აბუაშვილი (ეგოიანი 74), ოდიშარია, კვერნაძე