მარტვილი. მურთაზ ხურცილავას სტადიონი. 13:00
"მერანი"-"ცხინვალი"
მარტვილში "მერანი" "ცხინვალის" წინააღმდეგ მატჩში უარყოფითი სერიის გამოსწორებას შეეცდება.
- "მერანმა" ბოლო სამ შეხვედრაში 1 ქულა მოიპოვა. სამივე მეტოქე ცრილის მეორე ნახევარში მე-6 პოზიციის ზემოთ იმყოფება.
- "მერანს" "თელავთან" ერთად ყველაზე ცოტა - 5 გოლი აქვს გატანილი.
- "ცხინვალმა" ბოლო ორ შეხვედრაში ლიდერებს სერია გაუფუჭა: 2:0 დაამარცხა "გაგრა" და ბათუმის "დინამო".
- სამაჩაბლოელებს ზვიად მეტრეველი ბომბარდირობს 4 გოლით.
- წინა სეზონში 3 შეხვედრა "მერანმა" მოიგო, ხოლო 1 ფრედ დასრულდა.
თელავი. გივი ჩოხელის სტადიონი. 16:30
"თელავი"-"ნორჩი დინამო"
ეროვნულ ლიგა 2-ში ერთმანეთს მესამე ლიგიდან დაწინაურებული გუნდები დაუპირისპირდებიან. ცუდად არცერთი არ გამოიყურება, "თელავი" კი სამეულში მოსახვედრად იბრძვის.
- კახელებმა ბოლო სამ შეხვედრაში 7 ქულა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ "თელავმა" ორი გასვლითი შეხვედრა მოიგო: "შუქურასთან" და "სამგურალთან".
- "თელავის" ბომბარდირი გიორგი ნიქაბაძეა, რომელმაც ამ სეზონში 3 გოლი გაიტანა.
- "ნორჩ დინამოს" ყველაზე მეტი, 13 გოლი აქვს გატანილი, თუმცა არანაკლები აქვს გაშვებული (11).
- ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირი იაგო დეისაძეა 5 გოლით, რომელიც "ნორჩი დინამოს" ფეხბურთელია.
თბილისი. ტექნიკური ცენტრი "ბასა". 16:30
"გაგრა" - ბათუმის "დინამო"
ტურის ცენტრალური მატჩი დედაქალაქში გაიმართება. გუნდები 12 ქულით ცხრილში მე-2-მე-3 ადგილებს ინაწილებენ, თუმცა ბათუმელები გატანილი გოლების რაოდენობით სჯობნიან.
- აფხაზებს ექვსი ტურის განმავლობაში მხოლოდ სამი გოლი ჰქონდათ გატანილი, ხოლო წინა ტურში "შუქურასთან" ამდენივე გაიტანეს და 3:2 დაამარცხეს.
- "გაგრას" გამორჩეული ფეხბურთელი რატი ცაცკრიალაშვილია, რომელსაც ერთი გოლი აქვს გატანილი და ორი საგოლე გადაცემა გაკეთებული.
- ბათუმელები ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ წინა ტურში "ცხინვალთან" დამარცხდნენ. 63-პროცენტიანი ბურთის ფლობის მიუხედავად, ზღვისპირელებს მომენტების შექმნა უჭირდათ, რასაც 0:2 მარცხი მოჰყვა.
- ბათუმელების ბომბარდირი გიორგი ილურიძე და ჯოვინო ფლამარიონია, ორივეს 3-3 გოლი აქვს გატანილი.
მცხეთა. მცხეთა პარკი. 16:30
"ვიტ ჯორჯია" - "სამგურალი"
სეზონის წინ რთული იყო, გეფიქრა, რომ "სამგურალი" გასავარდნ ზონაში მე-9 ადგილზე იქნებოდა და "ვიტ ჯორჯია" პირველზე, რადგან წყალტუბოელები ნამდვილად უკეთესად მოემზადნენ. "ვიტ ჯორჯია" კი შეუჩერებელია და 7 ტურის შემდეგ ჯერ კიდევ არ დამარცხებულა.
- "ვიტ ჯორჯიამ" წინა შეხვედრა "შევარდენთან" (3:1) 6 წუთში მოიგო. 34-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა, 37-ე წუთზე ირაკლი კამლაძემ და მე-40 წუთზე შოთა დავლაშერიძემ გაიტანეს გოლები.
- დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთი ლიდერი პაატა ღუდუშაური, წინა ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო. ღუდუშაურს ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.
- წყალტუბოელებმა ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ ერთ ქულას მოუყარეს თავი, კლუბმა ბოლოს მესამე ტურში "ნორჩ დინამოსთან" მოიგო 1:0.
- "სამგურალის" 6 გატანილი გოლიდან 4 გაბრიელ საღრიშვილზე მოდის, რომელიც ლიგაში ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილს იყოფს "ცხინვალელ" ზვიად მეტრეველთან ერთად.
- წინა სეზონში ამ გუნდების დაპირისპირება თანაბრად, ორ-ორი მოგებით დასრულდა.
ქუთაისი. რამაზ შენგელიას სტადიონი. 18:00
"შუქურა" - "შევარდენი"
ორივე გუნდი ჯერჯერობით ცხრილის ბოლოსკენ იმყოფება. ქობულეთელები ბოლო ადგილზეა არიან და "იუნკერები" - მერვე პოზიციაზე. დღევანდელი გამარჯვებით "შუქურა", ალბათ, პოზიციას ცხრილში ვერ შეიცვლის, ხოლო "შევარდენს" შანსი აქვს, ცხრილის შუაგულში მოხვდეს.
- "შუქურას" პრეზიდენტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ ტურიდან კლუბში სერიოზული ცვლილებები იქნება და გუნდი აუცილებლად მოხვდება სეზონის ბოლოს სამეულში.
- "შუქურამ" ამ სეზონში ერთადერთი გამარჯვება "ცხინვალთან" მოიპოვა, ერთადერთი ფრე კი - "ვიტ ჯორჯიასთან".
- "შევარდენს" ერთ-ერთ ძალიან კარგ შეტევასთან ერთად, ერთ-ერთი ძალიან სუსტი უკანა ხაზი ჰყავს. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს - კლუბს ყველაზე მეტი, 13 გოლი აქვს გაშვებული, ხოლო 9 გატანილი.
- "იუნკერების" კაპიტანი და ლიდერი 37 წლის დავით ოდიკაძეა, რომელსაც სამ გოლთან ერთად ორი საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.