ყველაფერთან ერთად, ხარაიშვილი ძალიან სასიამოვნო მოსაუბრეცაა...
- გიორგი, როგორ აფასებთ "საბურთალოს" გამოსვლას მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში?
- სატურნირო ცხრილის შუაში ვტრიალებთ და ამას აქვს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები. ჩემი აზრით, შეიძლებოდა ცოტა ზემოთაც ვყოფილიყავით და ეს, ალბათ, უფრო ლოგიკურიც იქნებოდა. არაერთი ქულა დავკარგეთ ბავშვური შეცდომების გამო. იმედია, სეზონის დარჩენილ
- ვიცით, რომ საკუთარ თამაშს განსაკუთრებით კრიტიკულად უდგებით. როგორ ატარებს გიორგი ხარაიშვილი საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატს?
- დიახ, საკუთარი თავის უპირველესი და ყველაზე მკაცრი, დაუნდობელი კრიტიკოსი თავადვე ვარ. არ ვამბობ მხოლოდ სიტყვის მასალად - წამითაც არ ვარ კმაყოფილი ჩემი თამაშით. ეს არ იყო ის, რაც მინდოდა, რომ ყოფილიყო. თავს მხოლოდ იმით თუ გავიმართლებ, რომ სეზონის პირველ ნაწილში ტრავმა მქონდა და ამან, პრაქტიკულად, ერთი თვით ჩამომაშორა ფეხბურთს. ისღა დამრჩენია, სეზონის მეორე ნახევარი უკეთესად ჩავატარო.
- საქართველოში უკვე პოპულარული ფეხბურთელი ხართ. ახალგაზრდულ ასაკში ეს თქვენზე როგორ მოქმედებს?
- ძალიან კარგად მივხვდი კითხვის არსს. არ მიმაჩნია, რომ პოპულარული ვარ, თუმცა, ასეც რომ იყოს, გამორიცხულია, შევიცვალო. ყველაზე მეტად თავმდაბალი ადამიანი მიყვარს. ასე გამზარდეს მშობლებმა და ზუსტად ვიცი, რომ ცხვირი არ უნდა ასწიო არასოდეს. რასაც და რამდენსაც არ უნდა მივაღწიო, მაინც უბრალო ადამიანად დავრჩები. ჯერ ფეხბურთში ისეთი არაფერი გამიკეთებია...
- საქართველოს ჩემპიონატს ფეხბურთელი უფრო შიგნიდან ხედავს და აფასებს. თქვენი აზრით, რა უშლის ხელს ჩვენს პირველობას იმისთვის, რომ უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანი იყოს? არის რაღაც ისეთი, რასაც გარეშე თვალი ვერ ამჩნევს?
- მე მაინც მგონია, რომ უფრო მასობრივად უნდა ჩამოვიდნენ კარგი ლეგიონერები. ახლაც ჩამოდიან, მაგრამ... ჩემი აზრით, ეს მაინც არ არის ის დონე, როგორიც უნდა იყოს. დღეს ყველა ნორმალურ გუნდშია 4-5 ძლიერი ლეგიონერი. კარგია, თუ ჩვენთანაც ასე იქნება. არის გამონაკლისებიც. "საბურთალოში", მოგეხსენებათ, თამაშობდა ვაგნერი. მე ძალიან მომწონს მისი თამაში... თუნდაც, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი რომ ავიღოთ, ამ ქვეყნის წამყვანი კლუბები, "გაბალა" და "ყარაბაღი", ფონს სწორედ ლეგიონერებით გადიან.
არის სტადიონების პრობლემაც. ნორმალური სტადიონებიც გვაქვს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, უფრო მეტი ყოფილიყო. თუნდაც ისეთი, სადაც განათებაზე თამაშია შესაძლებელი. დამეთანხმებით, გაუსაძლის სიცხეში ფეხბურთი სიამოვნებას არავის ანიჭებს - არც ფეხბურთელს და არც მაყურებელს.
- დიდი ხანია, საუბრობენ უცხოეთში თქვენს წასვლაზე. მისასალმებელია, რომ არ ჩქარობთ და გინდათ, სადაც წახვალთ, საკუთარი სიტყვა თქვათ. როდის იქნებით მზად ამისთვის?
- უნდა გაუწიო ანგარიში რეალობას და წახვიდე მაშინ, როცა ბოლომდე იქნები მზად. ჩემი აზრით, ახლა უკვე მზად ვარ ამისთვის, მაგრამ ისიცაა, რომ სადღეისოდ, "საბურთალოზე" ვფიქრობ. ვფიქრობ იმაზე, რომ ჩვენმა გუნდმა უკეთესად და უფრო შედეგიანად ითამაშოს.
- თუ არის გუნდი, რომელსაც ბავშვობიდან ქომაგობთ?
- ბავშვობიდან "ჩელსის" გულშემატკივარი ვარ. ამ გუნდის თამაში ყველაზე მეტად მომწონს.
- გიორგი ხარაიშვილი და რეჟიმი...
- ამის გარეშე ფეხბურთს ვერ ითამაშებ - ეს გამორიცხულია! შენ ირჩევ ფეხბურთს, როგორც პროფესიას და საყვარელ საქმეს. როცა ამ არჩევანს აკეთებ, ისიც იცი, რომ რეჟიმი უნდა დაიცვა. სპორტი და ფეხბურთი არავის პატიობს ზერელე დამოკიდებულებას. იმისთვის, რომ მიაღწიო სასურველ შედეგს, ბევრ რამეზე უარი უნდა თქვა. ჩემი მიზანია, კარგი ფეხბურთი ვითამაშო და ამის გამო, სწორედაც ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა.
- და ხომ არ ნანობთ, რომ ფეხბურთელობა აირჩიეთ პროფესიად?
- გულწრფელად გეტყვით: ერთი წამითაც არ ვნანობ!
- რა არის თქვენი ყველაზე დიდი საფეხბურთო ოცნება?
- მე მაინც რეალურ მიზანს ვიტყვი: ვითამაშო ჩემპიონთა ლიგაში! ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. დამეთანხმებით, ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა სიმაღლეა.
- ბოლოს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზეც უნდა გკითხოთ. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი როგორ აფასებს ნაკრების პერსპექტივას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?
- ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები. ამასთან, ჯგუფია ისეთი, რომ არ ჰყავს გამოკვეთილი ფავორიტი და ყველასთან შეიძლება თამაში. მიმაჩნია, რომ სავსებით რეალურად შეგვიძლია, ამ ჯგუფიდან გასვლისთვის ვიბრძოლოთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. და ძალიან დიდი იმედიც მაქვს, რომ ევროშესარჩევი ციკლი ჩვენთვის წარმატებული იქნება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, რადგან ძალიან ბევრი რამ ჩვენზე, ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"