გამოხმაურება: ფიცს ვიწამებდი, ბოლო რომ არ მაკვირვებდეს

AutoSharing Option
ენით ხვნა-თესვის, ალოობის ბუმია საქართველოში. ენით მხვნელ-მთესველნი მომრავლდნენ უმაღლესი თუ უმდაბლესი ინსტანციების ყველა რგოლში. იმისი ენა უფრო ჭრის, ვინც ამერიკაშია განსწავლული, თუნდაც ისე ნამყოფი...

ამა მიზეზთა გამო არც საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" სპორტულ დირექტორ ბერიკა შუკაკიძის "ენა-გუთანია" ვინმეს ანალოგიურ იარაღზე ნაკლებად ალესილი. ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ გაზეთ "ლელოს" 2 აგვისტოს ნომერში დაბეჭდილ მის ვრცელ ინტერვიუს წაიკითხავთ.

- ბერიკა შუკაკიძე: სადაც ახლა ვართ, იქ ვიქნებით ოთხი წლის შემდეგაც, როცა
ეს პროგრამა დასრულდება


მაინც ვისი მისამართით ისვრის ტყვიამფრქვევივით ქართული ფეხბურთის "გადამრჩენელ" აზრებს ეს კიდევ ერთი ენით მხვნელ-მთესველი? ძირითადად - მაინც ფეხბურთის ფედერაციისკენ.

მერე ვინ დაუშალა იმის გაკეთება, თუნდაც იმ ფარგლებში, რაც თვითონაც შეუძლია და რასაც სხვისგან ითხოვს?

ხუთი მარტივი ტიპის სპორტული მოედანია თავის სოფელში და ხუთივე - უმოქმედო. ერთხელ მაინც დაინტერესებულა ამ მდგომარეობით? დიპლომები მართლაც არ აკლია, მაგრამ დაუჯერებს ვინმე, რომ კაპიკი ფული არ უნდა, საკუთარი მანქანით ივლის თუ გვერდში დაუდგებიან?

მისი ხელფასებისა და პრემიების (ღმერთმა შეარგოს) მცოდნე, ვფიქრობ, ამას არ დაიჯერებს. ან სად ივლის, ვისთან და როდის, როცა ამჟამადაც მიმდინარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ფეხბურთში? მრავლად მონაწილეობენ სოფლების გუნდებიც. უნახავს ვინმეს აქ ბერიკა შუკაკიძე? არადა, მუნიციპალიტეტის ჩემპიონატს უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე "ჩიხურას" მატჩებს.

თურმე წელიწად-ნახევრის შემდეგ მისულა იმ დასკვნამდე, რომ "ასე აღარ შეიძლება". მცოდნისა და გამოცდილების მქონეთათვის მოესმინა და ამხელა პერიოდი არ დასჭირდებოდა. თურმე, ნუ იტყვით და, ჯანსაღი კრიტიკის მომხრეც ყოფილა, გულშემეტკივრების კრიტიკის "ძალიან დიდი ნაწილის" საკუთარ თავზე ამღებიც. გულზე ხელი დაიდოს - მართლა ასეა? თუ ასეა, მის ადგილზე ბევრი კლუბიდან წავიდოდა.

რომელი "კრიტიკის მიღებაზე" გველაპარაკება, როცა ცუდი თამაშის გამო "მოყვარეს პირში უძრახეს" მოტივით, გუნდის გაკრიტიკებისთვის შეურაცხყოფას აყენებს მასზე სოლიდური ასაკისა და დამსახურების მქონე პიროვნებებს? კრიტიკა და ჯანსაღი აზრი რომ აინტერესებდეს, ვინმესთვის მაინც "შეღწევადს" გახდიდა კლუბის ხელმძღვანელობის, მისი გამგეობის საქმიანობას.

აბა, გვითხრან, როდის ჩაატარეს უკანასკნელად გამგეობის კრება, რა საკითხები განიხილეს და ვისი აზრი მოისმინეს? გამგეობის "შესასვლელი" ისე აქვს შემოზღუდული, შიგ ჩიტი ვერ შეფრინდება. მე, პირადად, კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ, თუ, რა თქმა უნდა, დაუკითხავად ჯერ კიდევ არ გადაუხაზივარ ამ სიაში.

აინტერესებს ვინმეს შენი აზრი? მეტი არაა ჩემი მტერი. არაფერს ვიტყოდი, დამფუძნებლებიდან მარტო მე რომ ვიყო იგნორირებული. ალბათ, წელიწად-ნახევრის შემდეგ მიხვდა იმასაც, რომ დღეს ჩვენს ფეხბურთში ძალიან ბევრი არაპროფესიონალია, რომ ფიზმომზადების, მეკარეების, მწვრთნელების, ანალიტიკოსების, სპორტული დირექტორების დეფიციტია და ასე შემდეგ.

კარგი რა, ბერიკა! გადახედე კლუბის საშტატო შემადგენლობას, რომელი გვყავს იქ პროფესიონალი?! ნუთუ არაპროფესიონალების მიღებასაც ფეხბურთის ფედერაცია გაიძულებს?! გეთანხმებით, კლუბში პროფესიონალი სპორტული დირექტორის დეფიციტი ნამდვილად არის.

გეთანხმებით იმაშიც, რომ კარგი ბაზები და დიდი ფინანსები აუცილებელია წარმატებისთვის, მაგრამ თუ მხოლოდ ამას დაველოდებით, კიდევ კარგახანს მოგვიწევს მაჩანჩალობა. არავითარი განსაკუთრებული ბაზა და ფინანსები (პირიქით, ძალზე მწირი და შეუსაბამო) არ ჰქონდა საჩხერეში ძალოსნობას (ახლაც ეგრეთ წოდებული "ობლების" სასადილოს შენობაში ვარჯიშობენ ძალოსნები), მაგრამ მისი წონადი დამსახურებაა, რომ ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს საქართველოს!

სპორტის ამ სახეობაში არც აქ აღზრდილი საქართველოს ჩემპიონები და ევროპის პრიზიორები გვაკლია. კარგი ბაზა ახლაა მშენებლობის პროცესში. მადლობის მეტი რა გვეთქმის!

დიახ, არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებითაც შეიძლება გაცილებით მაღალი შედეგის მიღწევა, მაგრამ ამას ქართული გულ-ჯიგრის მქონე პროფესიონალები სჭირდება და არა - ენით მხვნელ-მთესველები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
საქართველოში ვებდიზაინი ყარს! მსოფლიო სპორტს ახალი დიზაინის გამო გავეშვი. ტვინი გეღრძობა ასეთ გვერდზე. ძველი იყო ზველი მაგრამ შეუდარებლად მოსახერხებელი. მოკლე დროში ვხედავდი ბევრ საინტერესოს. აქ ისევე როგორც მსოფლიო სპორტზე გაუგებრობაში რჩები ბოლომდე. ვებდიზაინშიც გვაკლია პროფესიონალიზმი : ( ძალიან ცუდი გვერდი გამოვიდა.
ანდრი
17:02 07-08-2017
0
სტატია მომეწონა. ყოჩაღ ავტორს, რომ არ ერიდება სიმართლის თქმას და ამავე გაზეთის ზოგიერთი ჟურნალისტივით მარტო-ქება დიდებას არ აფრქვევს.

დიზაინს რაც შეეხება, ნამდვილად არ მომწონს. აქაც აღნიშნეს კომენტარებში და მეც მაგიტომ აღარ შევდივარ ვორლდსპორტზე რომ როცა დიზაინი შეცვალეს, ვერაფრით შევეგუე და გავანებე თავი. ნუ უშვებთ თქვენც იმავე შეცდომას
giorgi
17:57 07-08-2017
1

სიახლეები პოპულარული