დილა-საბურთალო 0:2 - უწყვეტი ჯაჭვი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უწყვეტ ჯაჭვად აწყობილი წაგებების 4-მატჩიანი სერია ეროვნულ ლიგაში "დილამ" "საბურთალოსთანაც" ვერ შეწყვიტა და ახლა უკვე ზედიზედ მეხუთედ დატოვა მოედანი დამარცხებულმა. თუმცა აქედან, თუ პირველ სამ შემთხვევაში გორელებს გოლები მაინც გაჰქონდათ, ახლა უკვე გატანასაც ვერ ახერხებენ, ბოლო ორ პაექრობაში კი სულაც 7 გოლი მიიღეს. ამას დავუმატოთ გუნდის გასავარდნ ზონაში დამკვიდრება და კრიზისიც სახეზეა!

თავის მხრივ, "საბურთალო" უკანასკნელ შეხვედრებში გოლებს აღარ უშვებს. სტუმარი მატჩის დებიუტიდანვე ბურთის ფლობაზე აკეთებდა აქცენტს და თამაშიც მეტწილად გორელთა ნახევარზე მიმდინარეობდა. დაცვის ხაზი "დილასთვის" წლეულს განსაკუთრებით პრობლემურია და
მწვრთნელმა ეს რგოლი "საბურთალოსთან" მატჩის წინ კიდევ ერთხელ რომ გადაახალისა, არ გაგვკვირვებია.

თბილისელები მოკლე გადაცემებით გადადიოდნენ შეტევაში და კომბინაციებსაც ასევე მოკლე პასებით აგებდნენ. მათ მცდელობას, გორელთა გუნდის დაცვის ხაზში სივრცეები მოეძებნათ, უშედეგოდ არ ჩაუვლია, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის ფეხბურთელებმა ამ სივრცეებიდან შექმნილი ერთობ სახეირო მომენტები შესვენებამდე გოლად ვერ აქციეს.

ყველაზე ახლოს ანგარიშის გახსნასთან "საბურთალო" დავით ვოლკოვისა და ლუკა ლაკვეხელიანის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმებისას იყო.

გიორგი დარასელიას წინ ბრაზილიელი ფლავიო ჰყავდა გამწესებული, რომელსაც თანაგუნდელები კონტრშეტევებისას პასებით ამარაგებდნენ, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდნენ ამას. შეხვედრის დასაწყისში, ერთ ეპიზოდში, ბრაზილიელი თითქმის დაუსხლტა მეურვეებს, მაგრამ ჯარიმის ზღვარზე შეაჩერეს. ცოტა მოგვიანებით კი საჯარიმოში შეჭრა და ბურთის კარისკენ სახიფათოდ გაგზავნაც შეძლო.

მეორე ტაიმი იმავე სცენარით წარიმართა. ჭიაბრიშვილის გუნდი მოედნის ცენტრში უფრო ნაყოფიერად თამაშობდა. სტუმრების უპირატესობა ამჯერად გატანილ გოლშიც აისახა. გოლის ეპიზოდში მასპინძელთა დაცვა ჩავარდა - საგოლე კომბინაციის მიწურულს "საბურთალოს" ზედიზედ სამჯერ მიეცა გატანის რეალური შანსი, მათგან მესამეს - ტაბლოზე ანგარიშის შეცვლა მოჰყვა - 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ "დილა" უფრო გამოცოცხლდა. გორელებმა საშუალო დისტანციიდან დარტყმებს მოუხშირეს და ჯერ ძარია, შემდეგ პედრინიო და პაპავა დროის ათწუთიან მონაკვეთში ზედიზედ დაემუქრნენ კუპატაძის კარს. უწინდელზე გაცილებით ფხიანმა შეტევებმა გორელები თანდათან გაათამამა და ისინი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებს გაუშინაურდნენ.

უკან დახეული "საბურთალო" კი თავის ნახევარზე გამაგრდა. მასპინძლების გულშემატკივარი, ალბათ, ელოდა თავისი გუნდისგან გოლს, თუმცა ხეირი ისევ სტუმრებმა ნახეს და "დილას" ქომაგის, ისევე, როგორც მასპინძელი ფეხბურთელების იმედი ბიძინაშვილის გოლმა მოკლა.

დარჩენილ 10 წუთში თამაშის ტემპმა იკლო და ის ენთუზიაზმი, რაც "დილას" მოქმედებაში 0:1-ზე მკვეთრად იგრძნობოდა, 0:2-ზე უკვალოდ გაქრა.

ახლა გორელ გულშემატკივრებს ის აწუხებთ, მათი გუნდის კვალი ქვეყნის ელიტარულ ლიგაშიც არ გაქრეს. დამარცხებების უწყვეტმა ჯაჭვმა "დილას" ძალიან ცუდად შემოუჭირა.

სულ სხვა საფიქრალი აქვს "საბურთალოს", რომელიც გაცილებით იმედიანი მიზნებისა და ამოცანებისთვის ბრძოლასაა შეჭიდებული.

მატჩის სტენოგრამა
8' - მასპინძლების კონტრშეტევისას ნუბიო ფლავიო კინაღამ დაუსხლტა სტუმართა მცველებს, თუმცა ჯარიმის ხარჯზე შეძლეს მისი შეჩერება.
20' - ლაშა შინდაგორიძის მიერ "დილას" კარის გასწვრივ ჩაწოდებულ ბურთს გიორგი ბეგაშვილი ვერ შეწვდა და ვოლკოვმა საკმაოდ ახლო მანძილიდან შეძლო, თავით დაერტყა, თუმცა ააცილა მიზანს.
35' - ლუკა ლაკვეხელიანმა თითქმის იმავე პოზიციიდან სცადა ბედი, საიდანაც იქამდე ვოლკოვმა ფეხით გაგზავნა ბურთი კარისკენ, მაგრამ მასაც დააკლდა სიზუსტე.
36' - ფლავიომ ცრუ მოძრაობით გვერდი აუარა თბილისელ მცველებს და კარისკენ დაარტყა. თბილისელი მცველები გადაეფარნენ ბურთს და გუნდი გადაარჩინეს.
55' - გოლი! "დილას" საჯარიმოში ფლანგური ჩაწოდებისას კარიდან ხუთიოდ მეტრში მყოფ ლაკვეხელიანს მიეცა გატანის კარგი შანსი, მაგრამ ბურთს კარგად ვერ შესწვდა. უკუგდებულზე კი დაამატეს სტუმრებმა, მაგრამ ახლა უკვე ბეგაშვილმა მოიგერია ბურთი, თუმცა ხარაიშვილის დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა - 0:1.
60' - ირაკლი ძარიას მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული ლაზარე კუპატაძემ კუთხურზე მოიგერია.
72' - გიორგი პაპავას ძლიერად დარტყმული კარში კი წავიდა, მაგრამ მეკარემ ისევ ივარგა.
80' - გოლი! "საბურთალოს" მორიგი იერიში შედეგიანი გამოდგა - ნადარაიას მიერ კარის გასწვრივ შეგდებული ბურთი შეცვლაზე შესულმა ბიძინაშვილმა ბადეში გაახვია - 0:2.

ეროვნული ლიგა. XXII ტური
10.08. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-საბურთალო 0:2
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (55), 0:2 ბიძინაშვილი (80)
დილა (4-1-4-1): ბეგაშვილი - პაპავა, აბუბაქარი, კუსიანი, სოფრომაძე - რაზმაძე - კირკიტაძე (46. ალჰასანი), პედრინიო, ძარია (61. მოდებაძე), ტარავალიე (80. აშორტია) - ფლავიო.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ნონიკაშვილი, ჭეჭელაშვილი, ქარქუზაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
საბურთალო (4-5-1): კუპატაძე - იაშვილი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი (63. ნადარაია) - შინდაგორიძე, თარხნიშვილი, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ვოლკოვი (76. ბიძინაშვილი) - კოხრეიძე (65. მუიეცი).
სათადარიგოები: გოშაძე, მალი, გვარაძე, თედ. გრიგალაშვილი
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: მარგველაშვილი (8), ძარია (44), კოხერიძე (63), კუპატაძე (69), მამუჩაშვილი (71)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

სხვა მატჩები
11 აგვისტო
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 18:00
ლოკომოტივი-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
32: +7 =9-16, 23-41
I-II წრე 1:1, 0:2

12 აგვისტო
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 18:00
სამტრედია-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
35: +5 =3 -27, 22-85
დისკვალიფიკაცია
ლაშა თოთაძე (დინამო)
I-II წრე 0:2, 2:3

13 აგვისტო
ივანწმინდა. 18:00
ჩიხურა-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
10: +4 =3 -3, 9-6
დისკვალიფიკაცია
ლაშა ჩიკვაიძე (ჩიხურა)
I-II წრე 0:1, 0:0

ბათუმი. "რაგბი არენა". 20:00
შუქურა-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
8: +2 =3 -3, 11-14
დისკვალიფიკაცია
ვარლამ კილასონია (კოლხეთი)
I-II წრე 2:4, 0:0

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული