კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" ლეგიონერი არფანგ დაფე ირანში გაიქცა. კოლხებმა სენეგალელი ნახევარმცველი წლეულს მადრიდის "ატლეტიკოს" დუბლებიდან მოიწვიეს. მალე ის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე და ეროვნული ლიგის გამორჩეული ლეგიონერი გახდა, მაგრამ ბოლოსწინა ტურში, ქობულეთის "შუქურასთან" მატჩის შემდეგ, სენეგალელი გაუჩინარდა.

როგორც გაირკვა, დაფე ირანის ჩემპიონატის აუტსაიდერ კლუბ "პაიკანში" მიიწვიეს. არადა, მას "კოლხეთთან" კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე აკავშირებდა და ისე წავიდა, ქართულ მხარეს არაფერი შეუთანხმა.

სენეგალელი ნახევარმცველის გაქცევის ამბავი ფოთის "კოლხეთის" დირექტორმა თემურ ბარქაიამ გაახმაურა:

"სენეგალელი ლეგიონერი ირანულ გუნდში ისე წავიდა, ჩვენთვის არაფერი უთქვამს არც
მას და არც ირანელები დაგვკავშირებიან, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე.

ახლა დაფე სინანულის მესიჯებს გვწერს - იქნებ ჩემი მომავლისთვის დათმობაზე წახვიდეთო. შუა სეზონში საჭირო მოთამაშის წასვლას, თანაც ასე დაუკითხავად და თავხედურად, ვერ და არ შევეგუებით. ჩვენ ერთი ნაბჯით უკან არ დავიხევთ", - ამბობს ბარქაია.

"კოლხეთის" დირექტორი ირანულ კლუბისა და მოთამაშის მიმართ პრეტენზიებზე ლაპარაკობს:

"დაფეს ჩვენს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე აკავშირებს. თავის დროზე, ირანულმა კლუბმა სასაცილო თანხა შემოგვთავაზა და უარით გავისტუმრეთ.

მერე ჩვენს სპორტულ დირექტორ ლაშა ჯაკობიას დაუკავშირდნენ და მისგანაც იგივე პასუხი რომ მიიღეს, ბელგიურ კომპანიას დაელაპარაკნენ, რომელმაც დაფე საქართველოში გამოგზავნა. მაგრამ მათაც შესაბამისი პასუხი გასცეს - ფეხბურთელს ქართულ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და მათ შეუთანხმდითო.

მაგრამ ჩვენი პასუხი რომ იცოდნენ, დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტეს და დაფე მაინც წავიდა".

კოლხებმა სენეგალელს და მისით დაინტერესებულ კლუბს მკაცრი პირობები წაუყენეს:

"დაფესა და ირანული კლუბის წარმომადგენლებს გარკვევით ვუთხარით - კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტისთვის კომპენსაციის სახით 50 ათას დოლარს გადაიხდიან ან მომხდარზე ფიფას ვაცნობებთ და მოთამაშეს 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.

დაფე იმიტომ არ ჩამოგვიყვანია, ირანულ კლუბში უსასყიდლოდ რომ გაგვეშვა. ჩვენ მასზე თანხა დავხარჯეთ და პლუს, შეუთანხმებელი წასვლისთვის თავადაც და ირანელებმა პასუხი უნდა აგონ.

ველოდებით, რას იზამენ ირანელები. თუკი არაადეკვატურები იქნებიან, მაშინ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ფიფას ჩავაყენებთ საქმის კურსში. ქართულ კლუბთან ასეთ აგდებულ დამოკიდებულებას ნამდვილად არ მოვითმენთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
აი რა ჩემპიონატი გვაქვს რო , კაცი ირანში გაიქცა ))))))))))))) დაფინანსების ბრალიოა მეტყვით , ხოდა გიპასუხებთ : კაპიკის ღირსი არაა ფეხბურთი !!!
opaaa
17:40 21-08-2017
8
ფოთის კოლხეთში გაუსაძლისი სიტუაციაა რა ქნას სანაიამ ამ მართლაც ნიჭიერმა მწრთნელმა ,ის ვერ მოაგვარეს ფოთის რეგბის სტადიონზე ითამაშოს გუნდმა.ქალაქის ხემძგვანელობას ფეხებზე კიდია გუნდი
0

სიახლეები პოპულარული