ნიკა საბანაძე: ასეთ მწვრთნელთან უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ, ქუთაისის "ტორპედოს" ფორვარდი ნიკა საბანაძე "სამტრედიაში" გადავიდა და გუნდს კარგადაც მოერგო - 5 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და ჩემპიონს მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში დაეხმარა.

დღეს, 26 აგვისტოს, მისი ახალი გუნდი ძველს "ეროსი მანჯგალაძეზე", იმერულ დერბიში დაუპირისპირდება. ცხადია, მეორე და მესამე ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ეროვნული ლიგა. XXIV ტურის წინ: პაუზამდე

"ლელომ" საბანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. რესპონდენტმა ახალ გუნდზე, "სამტრედიას" საჩემპიონო შანსებზე, ყოფილ გუნდთან შეხვედრაზე ილაპარაკა...

- "სამტრედიაში" ისევ ისე ათამაშდით, რის გამოც
საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის სახელი გაქვთ...

- ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. მთავარი ისაა, რომ გუნდს ძალიან ადვილად და კარგად შევეწყვე, რადგან "სამტრედია" მეგობრული კოლექტივია.

- გულახდილად რომ ვთქვათ, ყველა გუნდში ასე არ გითამაშიათ, არადა, შეგეძლოთ. რა გიშლით ხელს? მართლა ხასიათის ფეხბურთელი ხართ?
- ხასიათის? მე კი მგონია, რომ უხასიათო არ ვარ. ემოციურობა სხვა რამაა. არ შემიძლია, მოედანზე ბოლომდე არ დავიხარჯო. მაგრამ ზოგს ამ ემოციების არ ესმის.

- იქნებ, თქვენს ხასიათს ყველა მწვრთნელი ვერ იგებს?
- ყველას ღმერთმა გაუმარჯოს, მე კი ის ვიცი, რომ ახლა მოვხვდი მწვრთნელთან, რომელმაც ჩემი ხასიათიც კარგად გაიგო, ეს ჩემი ემოციებიც და ისე "დამქოქა", გუნდსაც გამოვადექი და საკუთარ თავსაც. გია ცეცაძისგან მაქსიმალური ნდობა მაქვს, სულ მამხნევებს და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ასეთ მწვრთნელთან უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია და ვაკეთებ კიდეც. ის მხოლოდ დავალებებს არ გვაძლევს, თამაშის სცენარს წერს და სპექტაკლივით დგამს. ცეცაძე ის მწვრთნელი არ არის, ყურმოკვრით ნასწავლ ფეხბურთს რომ ითხოვდეს. ახლა გუნდს თავისი გეგმით "აშენებს".

ბევრ კარგ მწვრთნელთან მიმუშავია, მაგრამ ცეცაძე და გეგუჩაძე ის სპეციალისტები არიან, რომლებმაც ყველაზე უკეთ გამიგეს და რომლებთანაც თავს კარგად ვგრძნობ.

- ამ ზაფხულს 4 ლეგიონერი დაიმატეთ. რას ფიქრობთ მათზე?
- ჩემი აზრით, ოთხივე გამოსადეგი და ძლიერი მოთამაშეა. ჩვენ ისინი თბილად მივიღეთ, რადგან თუ ლეგიონერი ახალ გუნდში თავს კარგად ვერ იგრძნობს, თავის შესაძლებლობებს სრულად ვერ გამოავლენს.

- მათ შორის, საუკეთესოდ რომელი მიგაჩნიათ?
- ინტერს გი. ჯერჯერობით, ყველაზე კარგი ის არის, მაგრამ სუსტები არც დანარჩენები არიან.

- წლები გაატარეთ "ტორპედოში", რომელსაც 26 აგვისტოს შეხვდებით. ამ თამაშს კი სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს...
- შემიძლია ვთქვა, რომ "ტორპედოში" გავიზარდე და პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი. ქუთაისთან ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს, მეგობრები მყავს, ძლიერი გუნდია, ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს და უმძიმესი თამაში გველის. 3 ქულით გვისწრებენ და მხოლოდ მოგება გვინდა, ქუთაისელებს რომ დავეწიოთ და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ.

- ჩემპიონატის დასაწყისთან შედარებით, "სამტრედია" ახლა გაძლიერებულია, მაგრამ მთავარი საზომი მაინც ევროთასებია.
- მგონია, რომ წლეულს ჩაგდებულმა ევროსეზონმა ჩვენს გუნდებს კარგი სამსახური უნდა გაუწიოს. ზოგი ჭირი მარგებელია და, იქნებ, ისე გავძლიერდეთ, რომ პირველ წრეში აღარ გამოვვარდეთ.

ისიც მაიმედებს, რომ ჩემპიონატი ბევრად უფრო საინტერესო და დაძაბულია. ყველაზე მძიმე ვითარებაშიც ოპტიმისტი ვარ და მაინც მჯერა, რომ ქართულ ფეხბურთი ხვალ უკეთესი იქნება. წარმოუდგენელია, სულ ასეთი ჩავარდნა გვქონდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
da ra shegidzliat ch ligis gundebtan golis gatana? tu ras edzaxit shedzlebas?:)))))))))
0
საბანა, მძიმე ხასიათი რომ გაქვს ყველამ იცის, მაგრამ იმასაც ვხედავთ რომ სამტრედიაში უფრო დაოკებული ხარ, ალბათ ხვდები რომ ბოლო შანსია ისევ ზემოთ ახვიდე და თუ მართლაც ასეა, მაშინ რესპექტ შენ.იმედია ლეგიონერები მალე წავლენ სამტრედიიდან.
თუ რაა ფეხბურთელი საბანაძე,დღეს ტორპედოსთან გამოჩნდება.ჩემი აზრით სჯობს მხოლოდ ბალდე ათამაშოს ლეგიონერებიდან ცეცაძემ, სხვები კი დაასვენოს და ქართველებს ანდოს ტორპედოს დამარცხება. თუმცა ძნელი წარმოსადგენია რა სისტემით ითამაშებს ცეცაძე რომელიც არასოდეს ცვლის სისტემას და რომელსაც უკვე ტრენდი მოგებების ჩაუვარდა.
Guadua
13:53 26-08-2017
3

სიახლეები პოპულარული