13:44 11-09-2017
დინამო(თბ)-შუქურა 1:1 - სენსაცია ეროვნულ ლიგაში [VIDEO]
AutoSharing Option
რა თქმა უნდა, "დინამო" ფლობდა უპირატესობას და თავისუფლად შეეძლო ამ მატჩის მოგება, მაგრამ ვერც "შუქურას" დავუკარგავთ გარჯას. ქობულეთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ცოტა რომ გამართლებოდათ, 3 ქულით ხელდამშვენებულნიც კი დაბრუნდებოდნენ შინ...
"დინამომ" უტეხი სული გამოავლინა და არბიტრის მიერ დამატებულ დროში მაინც გაათანაბრა. ის კი არა, გოლის შემდეგ თბილისელებს გამარჯვებაც შეეძლოთ, თუმცა ფორტუნამ სტუმარი არ გაწირა.
ასე გვგონია, "შუქურას" გამოტირება ჯერ ადრეა და ეს გუნდი კიდევ გაიბრძოლებს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. მართლაც საკვირველია, როგორ შეცვალა ამდენი რამ გუნდში სასიკეთოდ შაშიაშვილმა...
"დინამოს" კი აშკარად აკლდა გიორგი ჩაკვეტაძე. აწ უკვე "გენტის" ნახევარმცველი სხვა სინატიფესა და კლასს ატყობდა დინამოელთა თამაშს. ნუ დავივიწყებთ ლუკა ლოჩოშვილსაც, ვინც კარიერას კიევის "დინამოში" აგრძელებს...
ასეა თუ ისე, კახა კაჭარავას პირველად როდი უწევს თავის სამწვრთნელო კარიერაში ახალი გუნდის შენება. შეუიარაღებელი თვალით ისე ჩანს, რომ "დინამოს" შესავსები აქვს ნახევარდაცვაში არსებული ვაკუუმი და გამტანი ცენტრფორვარდის დამატებაზეც უნდა იზრუნოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი უნდა აერიდოს ასეთი გაუთვალისწინებელი ქულების დაკარგვას, თორემ ამით თბილისელთა კონკურენტები საჩემპიონო ბრძოლაში აუცილებლად ისარგებლებენ. კაჭარავას, ალბათ, კიდევ მოუწევს რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის წინა პლანზე წამოწევა.
მთავარი კი, რაც ამ შეხვედრამ გვიჩვენა, ესაა: "დინამომ" ბევრი უნდა იმუშაოს საგოლე მომენტების გამოყენებაზე...
მატჩის სტენოგრამა
4' - ბექა მიქელთაძის დარტყმას ვოლოდიმირ მელნიჩენკო ადგილზე დახვდა.
7' - ლაშა სალუქვაძის ჩაწოდებას მიქელთაძე გამოეხმაურა. ბურთი ძელმა აისხლიტა, ლაშა ქოჩლაძემ კი ახლოდან ვერ გაიტანა.
17' - ქოჩლაძის "სტანდარტულის" შემდეგ მელნიჩენკომ დამაჯერებლად ითამაშა.
19' - სანდრო გურულის ჩაწოდების შემდეგ გატანას ლაშა კალანდაძე ცდილობდა.
41' - აკაკი შულაიას თავურის შემდეგ "შუქურა" ხარიხამ იხსნა.
48' - შულაიას ჩაწოდების შემდეგ მიქელთაძეს გოლამდე ცოტა დააკლდა.
72' - გოლი! "შუქურას" სამსვლიანი კომბინაცია. მარსელინიომ გიორგი კახელიშვილს უპასა, ამან კი შალამბერიძეს, რომელმაც ულამაზესი გოლი შეაგდო.
80' - ორი ყვითელი ბარათის გამო არბიტრმა გიორგი კახელიშვილი გააძევა.
88' - ლევან გეგეჭკორის პასის შემდეგ მიქელთაძე ვარდნაში ცდილობდა გატანას. "შუქურა" გადარჩა.
90+3' - გოლი! მიქელთაძის დარტყმა მელნიჩენკომ მოიგერია, დამატებაზე კი ენვერ ლილუაშვილმა გაიტანა.
90+4' - ლაშა თოთაძის უძლიერესი საჯარიმო დარტყმა და "შუქურას" ძელი ეხმარება.
ეროვნული ლიგა. XXV ტური
09.09. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო(თბ)-შუქურა 1:1
გოლები: 0:1 შალამბერიძე (72), ლილუაშვილი (93)
დინამო (4-4-2): რევიშვილი - შულაია, კობოური, სალუქვაძე, თოთაძე - გეგეჭკორი, ქარდავა, ნინუა (72. ლილუაშვილი), ქოჩლაძე (60. ზარია) - ერგემლიძე (53. კუცია), მიქელთაძე.
სათადარიგოები: ბულისკერია, მიშჩენკო, დარცმელია, ხარაბაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
შუქურა (4-5-1): მელნიჩენკო - მალაზონია (90. დაგარგულია), კალანდაძე, გოგიტიძე, დასე - კახელიშვილი, კლიმიაშვილი, გურული, თუხარელი (55. ართმელაძე), შალამბერიძე (87. ცეცხლაძე) - მარსელინიო.
სათადარიგოები: სომხიშვილი
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
გაფრთხილება: კახელიშვილი (17), ქარდავა (18), მალაზონია (90)
გაძევება: კახელიშვილი (80. შუქურა)
არბიტრი: დ. სანოძე.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 19
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
ბ. არაბული (დინამო თბ/ბალმაზივ.) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი/დინამო თბ) 10
მომდევნო ტური
16 სექტემბერი, შაბათი
სამტრედია-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-ტორპედო
17 სექტემბერი, კვირა
ჩიხურა-კოლხეთი
შუქურა-დილა
დინამო (თბ)-საბურთალო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ნოლი კომენტარი.. ვინმე თფილისელი შემოდით და რამე კომენტარი მაინც დაუწერეთ "საქართველოს საუკეთესო გუნდს"..
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული