საბურთალო-დინამო(ბთ) 5:0 - საბურთალოელთა შოუ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"საბურთალო" თავის თავს არ ღალატობს: რამდენიმე ტურში ერთხელ ისეთ თამაშს ატარებს, გულშემატკივარს გულგრილს რომ ვერ დატოვებს. ეს გუნდი ადრე იყო ახალგაზრდული და პერსპექტიული, თორემ წლეულს გაზრდილია და "გამოუცდელი" აღარ ეთქმის.

მიმდინარე სეზონში "საბურთალო" ბათუმის "დინამოს" უკვე მესამედ შეხვდა - წინა ორში 2:0 (შინ) და 1:0 (გასვლაზე) მოუგო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გუშინ მეტოქე მესამე შეხვედრაშიც ისე დაამარცხა, გოლი ამჯერადაც არ გაატანინა.

მაგრამ ეს მოგება სხვებისგან მაინც გამორჩეული იყო. თუკი აქამდე თბილისელებს ბევრად უფრო ტრადიციულ გუნდთან უჭირდათ, ახლა ბათუმელებს შანსიც არ დაუტოვეს.
ჯამში კი სამ შეხვედრაში "საბურთალომ" დინამოელებს 8 ბურთი გაუტანა და საკუთარ კარში ერთიც არ გაუშვა.

"საბურთალო" პირველივე წუთებიდან აკონტროლებდა ბურთს, მეტოქეს მაღალ პრესინგს ეთამაშებოდა და გასაქანს არ აძლევდა. ჭიაბრიშვილის შეგირდები იმდენს მოძრაობდნენ, ჩვენი ჩემპიონატის გუნდებისგან იშვიათად რომ ნახავ. სტუმართა ჩავარდნას ხელი იმანაც შეუწყო, რომ მცველი ნიკა მგელაძე დაუშავდათ და მოედანი ნაადრევად დატოვა. მის პოზიციაზე საყრდენმა თემურ შონიამ დაიხია, მოედნის ცენტრის გამაგრებას კი ოთარ მარცვალაძე შეეცადა.

საბოლოოდ, "საბურთალომ" გამუდმებული მოძრაობებითა და ბურთის კონტროლით პირველი ტაიმის ბოლოს იმას მიაღწია, რომ ბათუმელებმა ტემპს ვეღარ გაუძლეს, შეცდომები დაუშვეს და წინააღმდეგობა ვეღარ გასწიეს.

გიორგი ხარაიშვილის დუბლზეც უნდა ვთქვათ: თბილისელთა 21 წლის კაპიტანმა საჯარიმოდან ორჯერ გაიტანა და თან - ერთმანეთზე ლამაზი გოლები. საერთოდაც, ძალიან კარგი თამაში ჩაატარა.

გამორჩეული იყო დავით ვოლკოვის გოლი, რომელმაც თავისიანების სწრაფი შეტევა ულამაზესი დარტყმით დააგვირგვინა.

რბილად რომ ვთქვათ, ეს ბათუმის "დინამოს" დღე არ იყო. ამ მოგების შემდეგ "საბურთალომ" 37 ქულა დააგროვა, საჩხერის "ჩიხურას" დაეწია და ევროპალიგაზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

მატჩის სტენოგრამა
4' - გიორგი ხარაიშვილმა კარის წინ ირაკლი ბიძინაშვილი დატოვა, რომლის დარტყმაც სტუმართა მეკარე ლევან შოვნაძემ მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი კოხრეიძეს მცველებთან ერთად ჩაუწვა და ვითარება განიმუხტა.
16' - სანამ მცველი მიუახლოვდა, ხარაიშვილმა მოასწრო და ბურთს წვერი სახიფათოდ წაჰკრა - შოვნაძემ საიმედოდ ითამაშა.
21' - ბათუმელთა მცველი ნიკა მგელაძე ორთაბრძოლაში დაშავდა და შესაცვლელი გახდა.
22' - ცოტნე ნადარაიას ფლანგური გადაცემისას ხარაიშვილი კარის წინ გაიხსნა, მაგრამ შოვნაძემ დაასწრო და ბათუმელები გადაარჩინა.
24' - ხარაიშვილის უძლიერესი "გასროლა" - შოვნაძემ ისევ გადაარჩინა გუნდი.
27' - ხარაიშვილის გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა ლაშა შინდაგორიძე - შოვნაძე დროულად გამოვიდა კარიდან და გუნდი ამჯერადაც იხსნა.
26' - ელგუჯა გრიგალაშვილმა სტუმართა შეტევა არაზუსტი დარტყმით დაასრულა.
36' - გოლი! ნოდარ იაშვილის ფლანგური გადაცემა - დავით ვოლკოვმა ბურთი დაუხანებლად შორეულ კუთხეში დაარტყა და ანგარიში გახსნა - 1:0.
38' - გოლი! ხარაიშვილმა მშვენივრად შეასრულა საჯარიმო და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა - 2:0.
45' - გოლი! ბექა მახარაძემ საჯარიმოში გიორგი კოხრეიძე მოცელა, პენალტი კი შინდაგორიძემ აქცია გოლად - 3:0.
82' - ხარაიშვილმა საჯარიმო დარტყმით მეორეც გაიტანა - 4:0.
86' - გოლი! შინდაგორიძის დარტყმა შოვნაძემ მოიგერია, დამატებაზე კი ალბანელმა ლეგიონერმა ნდუე მუიეციმ პირველი ქართული გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0.

ეროვნული ლიგა. XXV ტური
10.09. თბილისი."დავით პეტრიაშვილი არენა"
საბურთალო-დინამო(ბთ) 5:0
გოლები: 1:0 ვოლკოვი (36. იაშვილის პასით), 2:0 ხარაიშვილი (38), 3:0 შინდაგორიძე (45+1), 4:0 ხარაიშვილი (82), 5:0 მუიეცი (86)
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - იაშვილი, ცნობილაძე, თ. გრიგალაშვილი, ნადარაია (77. მალი) - თარხნიშვილი, ხარაიშვილი - შინდაგორიძე, ბიძინაშვილი, ვოლკოვი (51. გვარაძე) - კოხრეიძე (64. მუიეცი).
სათადარიგოები: გოშაძე, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ტერა
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
დინამო (4-2-3-1): შოვნაძე - ფარტენაძე, მგელაძე (21. მარცვალაძე), მახარაძე, სუხიაშვილი - შონია, არზიანი - ფლამარიონი, ე. გრიგალაშვილი, კვანტალიანი (71. ჭკუასელი) - კვასოვი.
სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, ვარშანიძე, კეკუა
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
გაფრთხილებები: ნადარაია (34), მახარაძე (81)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 19
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
ბ. არაბული (დინამო თბ/ბალმაზივ.) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი/დინამო თბ) 10

მომდევნო ტური
16 სექტემბერი, შაბათი
სამტრედია-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-ტორპედო

17 სექტემბერი, კვირა
ჩიხურა-კოლხეთი
შუქურა-დილა
დინამო (თბ)-საბურთალო.

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
11 მეტრიანთან ერთად არასპორტული ჯარიმაც მიცა მსაჯმა თუ რა უბედურებაა.30 წელია ბეხბურთს ვუყურებ და ასეთი რამ არსად მინახია..
თენგო
09:47 13-09-2017
0
ფედიჩკინმა ფლოროვი რაც მოვიყვანეთ გუნდი უკეთესათ თამაშობსო,თუ იმას გულისხმობს ხუთზე მეტი არ გაუშვა მაშინ მართალია.ოთხ თამაში ერთს გაჭირვებით იგებენ.ფლოროვი ერთხელ ქობულეთიდან გაიპარა,ფრთხილად იყავით კიდო არ გაიპაროს, მებაჟები გაფრთხილეთ.დინამო სამაიმუნო გუნდი არ უნდა იყოს.
0

სიახლეები პოპულარული